ავტორი:

"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ის უკრაინის ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა, 10 მაისს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა და უმძიმესი ჭრილობა მიიღო. სასწაულით გადარჩა, მაგრამ ახლა პარალიზებულია: დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ ხედავს, კიდურებიდან მხოლოდ ხელებს ამოძრავებს, ფეხებს ოდნავ. მას ახლა შეყვარებული - ვიქტორია უვლის, რომელიც ამბობს, რომ სპარტაკს არ მიატოვებს, რადგან მისი და მისი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა.

"სპარტაკი პოლონეთში, ომის დაწყებამდე გავიცანი. შემდეგ მე უკრაინაში წავედი, სადაც მალევე ომი დაიწყო. სპარტაკმა დამირეკა და მითხრა, - მისამართი მომეცი, შენთან მოვდივარ, უნდა დაგიცვაო. ის ჩემთან ჩამოვიდა, მერე კი ომში წავიდა, ინტერნაციონალურ ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა... ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, ექიმები მისი გადარჩენის შანსს ვერ იძლეოდნენ, მაგრამ ჩვენ მოვინდომეთ და მან გაუძლო“.

Ambebi.ge სპარტაკის მდგომარეობის გასარკვევად, უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძეს დაუკავშირდა, როგორც მისგან გავიგეთ, ქართველი ახლა რივნეს სარეაბილიტაციო ჰოსპიტალშია, მაგრამ ვეტერანებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო პროგრამით ვერ სარგებლობს, რადგან უკრაინის მოქალაქე არ არის. უკრაინის საემიგრაციო სამსახური ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის საბუთების მოსაწესრიგებლად და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასართავად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ამასობაში დრო გადის, სპარტაკი კი დროულ დახმარებას საჭიროებს. ამ დრომდე ქართველ მებრძოლს შემოწირულობის ხარჯზე მკურნალობენ. ამასთანავე, მის მკურნალობაში ჩართულია რამდენიმე მოხალისე ექიმი, ისინი თავს მოვალედ მიიჩნევენ, დაეხმარონ მოხალისეს, რომელმაც მძიმე დაზიანებები მათი ქვეყნისთვის ბრძოლის დროს მიიღო. ირკვევა ისიც, რომ სპარტაკის მდგომარეობით ამ დრომდე არ დაინტერესებულან საქართველოს საელჩო და ჯანდაცვის უწყება.

სპარტაკის შესახებ, უფრო მეტს მისი თანასოფლელი, საკრებულოს წევრი ია ამირანაშვილი და დედა, ნათია ლეკიაშვილი გვიამბობენ.

ია ამირანაშვილი:

- სპარტაკი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. მათი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი აზროვნებით, მსოფლმხედველობით, ცხოვრების წესით. უზომოდ პატრიოტული სულისკვეთების ადამიანია, მისი ვერცერთი პედაგოგი, ვერცერთი მეგობარი, უბრალოდ, ნაცნობიც კი ვერ იტყვის, რომ სპარტაკს ოდესმე სიტყვა გაექცა ცუდად ან ვინმეს უდიერად მოექცა. უკრაინაში მისი წასვლა არავის გაჰკვირვებია. მცირე ნიუანსშიც კი ჩანდა ამ ახალგაზრდის დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, საქართველოს ოკუპაციას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა... აუცილებლად უნდა ვთქვა, როდესაც სპარტაკის დაჭრის ამბავი გავიგეთ, გიორგი ბოტკოველმა არ დაზოგა დრო და ენერგია - დაუკავშირდა დედას, ასევე უკრაინაში სამეგობრო წრეს, რომ დაჭრილისთვის შესაბამისი ყურადღება მიექციათ. შეიძლება ეს პატარა ნიუანსია, მაგრამ მისი შესაძლებლობის ფარგლებში რაც იყო, ყველაფერი გააკეთა. ჩვენც - სპარტაკის თანასოფლელები ვცდილობთ, რაღაც თანხას მოვუყაროთ თავი, რომ დედამისს უკრაინაში წასვლისა და შვილის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა მიეცეს.

ნათია ლეკიაშვილი:

- შვილი ყველა დედას უყვარს და საუკეთესოდ მიაჩნია, მაგრამ ვისაც არ გინდა ჰკითხოთ ჩვენს სოფელში (შილდაში) თუ მთლიანად რაიონში (ყვარელში), ყველა გეტყვით, რომ უწესიერესი, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანია. შვიდი შვილი მყავს, სპარტაკი გამორჩეულად მიყვარს და გამორჩეულადაც გამამწარა. უკრაინაში, შარშან 25 ნოემბერს წასულა. მე მეგონა, რომ ჯერ პოლონეთში იყო, მერე გერმანიაში. ღმერთი დამეფიცება, არ ვიცოდი, ჩემი შვილი ომში რომ იყო. იმ დღეს, როდესაც თურმე ჩემი შვილი დაიჭრა, მოულოდნელად ცუდად გავხდი, სასწრაფოც კი გამოვიძახეთ... მეორე დღე იყო, ჯერ ისევ ცუდად ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი ოთახში შემოვიდა და მითხრა - დედი, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ იცოდე, არ ინერვიულო, გადარჩაო. რას ამბობ, ვინ გადარჩა-მეთქი, აზრზე ვერ მოვდიოდი, რა ხდებოდა ჩამს თავს. მაშინ კი გამიმხილა, სპარტაკი უკრაინაში იყო და დაიჭრა, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო. მაშინვე ტელეფონს ვეცი და იქ მეორე ქალიშვილის შეტყობინება დამხვდა - "დე, გილოცავ, შენი შვილი სიკვდილს გადაურჩა“.

სპარტაკ ლეკიაშვილი შეყვარებულთან ერთად

- უკრაინაში წასვლა ვერ მოახერხეთ?

- სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ კი ამ რთულ პერიოდში ჩემი შვილის გვერდით მამყოფა, მაგრამ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობა მაქვს. ყველაფრისთვის მზად ვარ - თირკმელს გავყიდდი, ჩემს თვალებს დავითხრიდი, ოღონდ კი სპარტაკმა გაახილოს თვალი, მაგრამ... სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონი გამომეხმაურა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ქალიშვილიც უკრაინაშია, სამხედრო ექიმია და იქნებ რამეში დაგეხმაროთო. ეს ქალბატონი ქეთი ლეშკაშელის დედა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქეთის ჩემი შვილისთვის პირველადი დახმარება აღმოუჩენია, ჩემი შვილის გაჩერებული გული მას აუმუშავებია. ქეთიმ მითხრა, რომ დავხედე ისეთი ლამაზი, ისეთი ვაჟკაცური იყო, ჩემს თავს ვუთხარი, არაფრის ფასად არ გავუშვებ-მეთქი. ბახმუტიდან ხარკოვში ქეთიმ ჩამოიყვანა, მასზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა. პულსი რომ აუმუშავდა, მერე ექიმებს გადააბარა. სამი დღე ყოფილა კომაში. უკრაინელი ექიმები მეუბნებიან, სასწაული იყო ამის გადარჩენა, ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონიაო.

- როგორც ვიცი, სპარტაკს ახლა შეყვარებული უვლის...

- მადლობელი ვარ მისი, მე ვერ ჩავედი, ის არის ჩემი შვილის გვერდით. ჩვენს შორის რაღაც უთანხმოება იყო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ოღონდ ჩემი დევივით შვილი გამოჯანმრთელდეს და ვისთანაც უნდა, იმასთან იყოს. ამ რამდენიმე დღის წინაც მითხრა, სასწრაფოდ უნდა შენს შვილს შველაო. ყველას გეხვეწებით, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ჩემი მებრძოლი შვილი!

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

GE94TB7621545064300059 - მიმღები ნათია ლეკიაშვილი

ასევე