ავტორი:

"ისრაელსაც ის დაგვემართა, რაც უამრავ წარმატებულ ქვეყანას... თვითდაჯერებულობას და მოდუნებას მოჰყვება ტყიდან მოსული ბარბაროსები" - რას ჰყვება ორი ქვეყნის კომპოზიტორი ისრაელიდან

"ისრაელსაც ის დაგვემართა, რაც უამრავ წარმატებულ ქვეყანას... თვითდაჯერებულობას და მოდუნებას მოჰყვება ტყიდან მოსული ბარბაროსები" - რას ჰყვება ორი ქვეყნის კომპოზიტორი ისრაელიდან

ბოლო კვირებია მსოფლიო მედიის ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული. "ჰამასის" მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ ქვეყანამ საპასუხო დარტყმა მიიტანა ღაზაზე. ორივე მხარეს ასობით დაღუპული და უამრავი დაშავებულია. ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ისინი ყოველდღიურად გვიზიარებენ იქ არსებულ სიტუაციაზე ახალ ამბებს. მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილიც ისრაელში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ის საქართველოში იყო. მისი სტუმრობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველმა გაავრცელა, წარწერით:

"შევხვდით, ჩავეხუტეთ, მოვესიყვარულეთ, ბევრი ვესაუბრეთ, მშვიდობა და გამარჯვება ვუსურვეთ ქართული და ებრაული გენის მუსიკაში განსხეულებულ ყველაზე დიდ და ძვირფას სოსო ბარდანაშვილს, ჩვენს უფროს მეგობარს და ყოველმხრივ მაგალითს! მისი იუბილე ახლოვდება და შევპირდით, რომ ღირსეულად აღვნიშნავთ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად! ხვალ ომის მდგომარეობაში მყოფ სამშობლოში ბრუნდება და ვაყოლებთ სითბოსა და საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებს!".

იოსებ ბარდანაშვილი ისრაელიდან წერილს გვიგზავნის...

"ძალიან ძნელია შეფასება მისცე ერთის მხრივ, მოცემულ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელშიც ისრაელი აღმოჩნდა და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ობიექტური იყო შენი სამშობლოს მიმართ. ისრაელი რომ საოცარი ქვეყანაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. საოცარი თავისი მოქალაქეებით, რომელთა უნარი მობილიზებული და შემართული იყვნენ ქვეყნისა და საკუთარი სახლის (მიწის) დასაცავად, საოცრად გამაღლებს და ზოგჯერ გაოგნებასაც კი იწვევს შენში.

ბარდანაშვილი თბილისში ყოფნისას

ის, რაც ვნახე და განვიცადე: ჩვენთვის მოულოდნელად დაწყებული ომის პირველსავე საათებში სხვადასხვა წლოვანების სამხედრო რეზერვში მყოფი ნახევარი მილიონი ადამიანი, სრულიად შემართული და მზად მყოფი გაემართა ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად. ისე, რომ არც კი დაფიქრებულან, არ დაუწყიათ ვაი-ვუის ძახილი, არ მოჰყოლიან ვიშ-ვიშს, სიტუაციის დეტალურ ანალიზს, პოლიტიკურ გარჩევებს და ა.შ... ქვეყანამ სთხოვა დახმარება და ისინიც გადაცმულნი სამხედრო ფორმაში გაემართნენ შეკრების დათქმულ ადგილისაკენ. ჩემთვის არანაკლებ ამაღელვებელი გახლდათ ის, რომ მათ, უკვე ტრასის მთელ გაყოლებაზე ქუჩის ორივე მხარეს, უამრავი ხალხი აცილებდა დახუნძლული საკვებით, ბურაკასებით, წყლით სავსე ბოთლებით, ცხელი პიცებით და სახლში მშვიდობით დაბრუნების ლოცვა კურთხევით..მსგავსი სიტუაცია დღემდე გრძელდება, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ორივე მხრიდან უტევენ და 130 ათასი მოქალაქე (სასაზღვრო რაიონებიდან) ქვეყნის შიგნით სასტუმროებში, საკარვო სპეციალურ დასახლებებში გადასახლებულ მდგომარეობაში იმყოფება...

კიდევ ერთი ფაქტი: პირველსავე საათებში ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა ახალგაზრდა ებრაელი ჯარისკაცი, რომელიც საკუთარი სურვილით უცხოეთიდან იყო ჩამოსული, რათა ისრაელის სამხედრო ნაწილში გაეარა სამხედრო მომზადება.

სამწუხარო ამბავი უცხოეთში მის მშობლებს შეატყობინეს. ისრაელში ჩვეული პატივისცემით დაკრძალვას თავისი ნიუანსები აქვს, დროის ფაქტორი და აუცილებელი მინიმუმ ათზე მეტი მამაკაცის ყოფნა, რათა ტრადიცია დაცული იყოს. რადიოში გადასცეს მიმართვა მოქალაქეებისადმი, შეძლებისამებრ მოსულიყვნენ და პატივი მიეგოთ გმირისათვის. დროის მცირედ მონაკვეთში გასვენებაზე ათასზე მეტი ადამიანი მივიდა ისრაელის სხვადასხვა კუთხიდან. მსგავსი აქ ცხოვრების საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ხშირად მინახავს, მაგრამ დღეს, როდესაც ქვეყნის თავზე უამრავი რაკეტა მოფრინავს და გარეთ ყოფნა უბრალოდ საშიშია, ყოველივეს სხვანაირი თვალით უცქერ.

ისრაელი, რა თქმა უნდა, ამ ომს მოიგებს, ვინაიდან ჩვენი შვილები არიან ჯარში და სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. შეცდომების ანალიზისათვის შემდეგ მოვიცლით (და რომ უამრავი შეცდომები იყო, ეს გასაგებია), დასასჯელი დაისჯება, მომავალში მთავრობა უკლებლივ გადადგება, ახალი არჩევნები დაინიშნება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის გამარჯვებით დამთავრების შემდეგ.

როგორც ჩანს, ისტორიული გადასახედიდან ჩვენც იგივე დაგვემართა, რაც უამრავ წარმატებულ ქვეყანას (იმპერიას). ცოტაზე მეტი თვითდაჯერებულობა, საკუთარ სამხედრო ძლიერებაზე დიდი წარმოდგენა, საერთო მოდუნება, დიდი პოლიტიკის თამაში, სურვილი ბოლოს და ბოლოს იცხოვრო მშვიდობისა და აღმშენებლობის გზით, როგორც სხვაგან ცხოვრობენ, იცხოვრო იმედით, რომ ამ 75 წლის განმავლობაში მტერმა უკვე შეიგნო, რომ არ უღირს ომის დაწყება, ვინაიდან მათთვის ყოველთვის დამარცხებით დამთავრდა. სწორედ, მსგავს მოდუნებას ტრადიციულად რა მოჰყვება, ყველამ ვიცით ან გაგვიგია: ტყიდან მოსული ბარბაროსები, უდაბნოდან მოსული ფანატები, იმპერიები, გერმანელი ფაშისტები, რელიგიური ფანატები, დაშები, შურიანები.....

მეუღლესთან ერთად

ამჯერადაც ამ საშინელი მსხვერპლის ფასად შეგვახსენა, რომ ჩვენს გარემოცვაში უამრავი მტერი გვყავს ჩასაფრებული და მცირე მოდუნებასაც კი არ გვაპატიებს. სამწუხაროდ, ისრაელი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია მომავალი ისტორიული ძვრებისა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული და ამაღლებული, თუნდაც ამას ათასწლეულები დასჭირდეს. სასურველია, რომ ჩვენი ეს მწარე გამოცდილება მთელმა მსოფლიომ შეიგნოს (განსაკუთრებით ევროპამ) სადაც სიმპათიურ გერმანელ, ფრანგ, ბელგიელ, ინგლისელ და ა.შ. ქალბატონებს უფრო სიმპათიური, პატარა შავტუხა მუჰამედები, იუსუპები, მუსები ჰყავთ გამრავლებული, რომლებთანაც პირადად მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, მაგრამ......

აფსუსი კი იქნება ბრწყინვალე ევროპული ცივილიზაციის ასე მარტივად გაქრობა და გადაგვარება!! ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვაჟკაცურად გაუძლოთ ამ შემოტევას და მსგავსი ერთსულოვნებით, ერის გაერთიანებით დავამარცხოთ აღვირახსნილი ბოროტება, რომელიც რელიგიურ ფანატიზმს ამოფარებული (და ასეთი სამწუხაროდ თქვენთანაც ბევრია) გაზვიადებული ტყუილებით, ზოგიერთ გულუბრყვილო, ლიბერალურ თუ ვითომ "დემოკრატიულ ფასეულობაზე" გადადებულ ქვეყნებით დაიმედებულ-დაფინანსებული აქ სისხლს გვინთხევს. იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა.