თანამედროვე მკითხველი აქტიურად ადევნებს თვალს ლიტერატურულ ასპარეზზე ახალი ავტორების გამოჩენას და ამავდროულად, არ ივიწყებს უცხოელ და ქართველ კლასიკოს მწერლებს, რომლებიც ახალი ტირაჟებით კვლავაც გამოიცემა.
რას ვკითხულობდით მთელი წლის განმავლობაში? გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სია საინტერესოდ და უჩვეულოდაც გამოიყურება, რადგანაც მთავარ პოზიციებს თანამედროვე ავტორები იმყარებენ.
მკითხველთა უმეტესობა წელს შემდეგი წიგნებით დაინტერესდა:
თანამედროვე თურქი მწერლის ყოველი ახალი რომანი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერთა სიაში ხვდება. საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია მისი „სიყვარულის 40 წესი“ და „სტამბოლელი ნაბიჭვარი“, რომელსაც გამომცემლობა ახალი ტირაჟებით ბეჭდავს.
ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ამჟამად მწერალი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, თუმცა მანამდე დიდი დრო გაატარა თურქეთსა და აშშ-ში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად, თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. ის მოგვითხრობს თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, რომელიც სწრაფად იცვლება, როცა მასში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.
ამერიკელი ავტორი კოლინ ჰუვერი თავის რომანში მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას - ქალზე ძალადობას ეხება. წიგნში - „ყველაფერი იწყება ჩვენით“, ნაჩვენებია, რა გზას გადის ძალადობის მსხვერპლი ქალი, რას უქადის მის მომავალს ეს განსაცდელი და ღირს თუ არა შიშის დაძლევა, რისკის გაწევა და განქორწინება? შესაძლებელია თუ არა ცხოვრების მშვიდად გაგრძელება ასეთი წარსულის შემდეგ?
რომანის მთავარი გმირი დგამს გაბედულ ნაბიჯებს და საკუთარ თავს აძლევს უფლებას, ისევ დატკბეს ცხოვრებით, უყვარდეს და იყოს ბედნიერი.
კოლინ ჰუვერი 1979 წელს აშშ-ში დაიბადა. მისი რომანების ძირითადი ნაწილი რომანტიკულ, ახალგაზრდულ და მხატვრულ ჟანრშია დაწერილი. 2022 წელს მისი ყველაზე ცნობილი რომანის - „ეს ჩვენთან ერთად მთავრდება“ 20 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი პირველად 2016 წელს გამოიცა.
სად არის ის საოცნებო მხარე, რომელსაც ვნატრობთ და ხშირად მისი გზა ვერ გვიპოვია?! არადა, თურმე ჩვენ გვერდითაა, სულ ახლოს, მთავარია, ვირწმუნოთ, რომ მივაგნებთ. ამაში სიყვარული დაგვეხმარება - სიყვარული ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის. ოცნებაზე უარი არასოდეს არ უნდა ვთქვათ, წარსული წარსულში უნდა დარჩეს და აწმყოთი და მომავლის იმედით ვიცხოვროთ, გვასწავლის ნიკოლას სპარქსის კიდევ ერთი ბესტსელერი ”საოცნებო მხარე“, რომელიც სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით გაგაოცებთ.
ნიკოლას სპარკსი ამერიკელი რომანების ავტორი და სცენარისტია. დღემდე მას 17 რომანი აქვს გამოცემული. მისი რამდენიმე რომანების მიხედვით - „გზავნილი ბოთლში“, იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“ და „ღამეები“ - ცნობილი ეკრანიზაციებია შექმნილი.
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა, რომელიც საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევას გულისხმობს.
იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა - „იკი“, რომელიც სიცოცხლედ ითარგმნება და „გაი“, რომელიც რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება.
ავტორებმა ჰექტორ გარსიამ და ფრანსესკ მირალესმა ეს უძველესი იაპონური იდეოლოგია საფუძვლიანად შეისწავლეს და შექმნეს ერთგვარი სახელმძღვანელოები - „იკიგაი“, „იკიგაი თინეიჯერებისთვის“ და სხვა, სადაც ბედნიერების მიღწევის ერთგვარი რეცეპტებია გადმოცემული.
„იკიგაი თინეიჯერებისთვის“ ახალგაზრდა თაობას ეხმარება, მოემზადოს ცხოვრების საოცარი მოგზაურობისთვის, შეაბიჯოს იდუმალ სამყაროში და ესმოდეს, რომ ხანდახან მზად იქნება დაბრკოლებებისთვის, ხანდახან კი მათი გადალახვა გაუჭირდება, თუმცა გზის გაგრძელება ყოველთვის ღირს!
„იკიგაის“ ერთ-ერთი ავტორი ფრანსესკ მირალესი ჩვენს ქვეყანას უკვე ორჯერ ესტუმრა, შეხვდა მკითხველს და უპასუხა მათ კითხვებს. წიგნით და ზოგადად, იკიგაის იდეოლოგიით საქართველოშიც ბევრი დაინტერესდა და მიმდევრებიც გამოუჩნდა მას.
დიდებული ავტორების ფასდაუდებელი შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი განახლებული გამოცემები ჩვენს ბიბლიოთეკებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. მათ შორის არის „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიც, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს რამდენიმე ტირაჟით გამოსცა.
წიგნში შესულია ბუნების კარი და მოთხრობები: „ასპინძის ომი", „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „იავნანამ რა ჰქმნა?!“, „ცოტნე დადიანი“, „ცხრა ძმანი ხერხეულიძენი“, „სამასი თავდადებული გლეხი“, „გლეხი ბოსტაშვილი“, „საშინელი სასჯელი მოღალატისა“, „სხივი წარსულისა".
„ბიჭი ადამიანია“-ში ბალდონმა შექმნა ნათელი და დასამახსოვრებელი პერსონაჟები. მთავარი გმირი, ავგუსტი, ჩვენს წინაშე ჩნდება როგორც მამაცი და ძლიერი ბიჭი, მიუხედავად ყველა სირთულისა. გარემომცველი პერსონაჟები, მათ შორის მისი ოჯახი, მასწავლებლები და თანაკლასელები, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიუჟეტის განვითარებაში და გადასცემენ მნიშვნელოვან გზავნილებს ტოლერანტობისა და განსხვავებულობის მიღების შესახებ.
ჯასტინ ბალდონის რომანში მოთხრობილია მომხიბვლელი და შთამაგონებელი ისტორია, რომელიც მკითხველში ძლიერ ემოციებს აღძრავს. ის გაჟღენთილია მნიშვნელოვანი გზავნილებით და გვახსენებს სიკეთის, მიღებისა და საკუთარი თავის რწმენის ძალას. ეს წიგნი გაჩუქებთ დაუვიწყარ მომენტებს და გაგიღვიძებთ სურვილს გახდეთ უკეთესი და გააფართოოთ თქვენი შეხედულება სამყაროზე.
„ჩვენი სახლი“ თანამედროვე ავტორის მარიამ წიკლაურის ბესტსელერია, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს ძალიან უყვართ. ის 8-12 წლის ასაკის ბავშვებს ეპატიჟება საინტერესო მოგზაურობაში, სადაც სიტყვების თამაშითა და უცნაური სიტყვათშეთანხმებებით, სახელებითა და სათაურებით პერსონაჟებისა და მათი საინტერესო ყოველდღიურობაა აღწერილი.
ავტორი გვპირდება, რომ თუ მას ამ თამაშში ავყვებით, პერსონაჟებისა და მათი ყოფის ამსახველ ამ მხიარულ წიგნში საკუთარ ადგილსაც ვიპოვით.
R