ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო. მოსამართლის განაჩენით, სირაბიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს მოკლულის დედა და ახლობლები.
"უსამართლო ქვეყნის უსინდისო კანონების მონები დავინახე კიდევ ერთხელ. დარტყმიდან 7 წუთში, ლევან სირაბიძე სასწრაფოში კი არ რეკავს, ურეკავს რიჩარდ სირაბიძეს, მის ბიძაშვილს და ეუბნება - ასე გავაკეთე. ის ეუბნება პასუხად, ჩაბარდი და ყველანაირად გიპატრონებ და დღეს მოწმეები იყავით ყველა, რომ უპატრონა. საავადმყოფოს კარი გაიღო და მითხრეს, რომ თქვენი შვილი გარდაიცვალაო, მე რა დღეში უნდა ვიყო ახლა?! რატომ არც ერთ გარემოებაში არ დაინახა მოსამართლემ ის, რომ ნიკა არ იყო დამნაშავე?" - ამბობს თუთაშვილის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, 2 მეტრიანი ბიჭი მოკლა და გაამართლეს. რიჟვაძე, მერი, ჩიქოვანი, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ მჯერა თქვენი" - ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები.
პროკურატურამ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა:
"პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ბათუმში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება ფეხის არეში მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რადგან ჩათვალა რომ ადგილი ჰქონდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემობას, აუცილებელ მოგერიებას. ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მკვლელობა ბათუმში 11 მარტს მოხდა. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში დაიწყო. ჩხუბის დროს დაიჭრა ნიკა თუთაშვილი, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.