ავტორი:

მედიის მოთვინიერების მცდელობა დაჩქარებული წესით? - პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო

მედიის მოთვინიერების მცდელობა დაჩქარებული წესით? - პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო

19 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო. მოგეხსენებათ, შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

  • რა იცვლლება?

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მაუწყებლობების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ამ დრომდე ეს თვითრეგულირების საკითხი იყო და რედაქციების შიდა პროფესიული სტანდარტით რეგულირდებოდა. სადაო შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავდა. ქარტიის ან თვითრეგულირების სხვა ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ ხდებოდა.

ცვლილებების შედეგად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით აღარ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში. კომისიამ დასაბუთებული დასკვნა 7 დღის ვადაში უნდა წარადგინოს - დარღვევის შემთხვევაში კი მაუწყებელი უნდა დააჯარიმოს.

იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს დარღვევის ფაქტს, მაუწყებელს ეძლევა გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. მაუწყებლობებზე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ დაარღვევენ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირების მუხლებს, კანონპროექტს ექნება უარყოფითი ფინანსური გავლენა.

"მაუწყებლობობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

  • ვინ არიან ცვლილებების ინიციატორები?

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

  • როგორ განმარტავს მმართველი პარტია ამ ცვლილებების აუცილებლობას?

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში ინიციატივის განხილვისას თქვა, რომ ამ ცვლილებების მიღებით საქართველო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტს შეასრულებს. ესაა მედიის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია გარემო. მედიასაშუალებების მგლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებამ უნდა უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.

  • რა საფრთხე შეიძლება შექმნას მიღებულმა ცვლილებებმა?

მედიაექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ცვლილებებს საეჭვოდ მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც სანდოდ და სამართლიანად არ თვლიან კომუნიკაციების მარეგურირებელ კომიისიასა და სასამართლოს. არსებობს ეჭვიც იმის შესახებ, რომ სარჩელები შეიძლება არა პროპაგანდისტული, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შესახებ შევიდეს კომისიაში, რაც რეპუტაციული ზიანის გარდა, ფინანსურ ტვირთსაც ნიშნავს მათთვის.

ზვიად ქორიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი:

"ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს. რაღაც კიდევ უნდა გააფუჭოს, კიდევ უფრო დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

სხვათა შორის, ეს არ შედის 12 რეკომენდაციაში, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროინტეგრაციის პროცესში, რომ ქვეყანაში მინიმალიზირებული იყოს სიძულვილის ენა და მეტიც, საზოგადოებაში სიძულვილის ენა არ იყოს აპრობირებული მეთოდი, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ადამიანები გაუსწორდნენ ამ მეთოდებით და, რა თქმა უნდა, ეს ენა არ უნდა შემოვიდეს მედიაში”,- განაცხადა ქორიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი რეგულირების სფეროში გადმოიტანა და თქვა, თუ მედიაში სიძულვილის ენის კულტივირება მოხდება, კომუნიკაციების კომისიამ უნდა იმსჯელოს თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილებებზე.

ქორიძის თქმით, ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავი მოაჩვენოს, თითქოს სიძულვილის ენის რეგულირებას იწყებს.

"როდესაც კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხი ასეთი დაბალია, არ მგონია საზოგადოებას მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდეს, ზოგადად მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

როდესაც მარეგულირებელი კომისია ჯიბეში უზის ხელისუფლებას, როდესაც მთლიანად კონტროლირებადი და "კლანის“ მიერ მართულია სასამართლო სისტემა, ამ დროს ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავი მოაჩვენოს - "ნახეთ, მე რა კარგი ვარ. ვიწყებ სიძულვილის ენის რეგულირებას, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია სიძულვილის ენა“, - განაცხადა ქორიძემ.

კითხვაზე, რა რისკებს ხედავს კანონში სიტყვა "უხამსობის“ ჩასმაში, პასუხობს, რომ ხელისუფლების, უმრავლესობის, პირადად ბიძინა ივანიშვილის, ყველას ინტერესია, რომ ეს ჩანაწერი გამოიყენონ მედიაზე ზემოქმედებისთვის.

"ჩვენ ეთიკის ნორმების დარღვევაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ სანქცირებაზე ვსაუბრობთ. ეთიკა საერთოდ არ აწუხებს, არც კანონმდებელს, არც კომუნიკაციების კომისიას. მათი მიზანია შექმნან ისეთი ჩარჩო, რომელსაც კარგად გამოიყენებენ მედიის დასჯისთვის“, - განაცხადა ქორიძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ "ურცხვად და საზოგადოების ნების უგულებელყოფით“ მიიღო ისეთი კანონი, რომელიც დამაზიანებელია ქართული დემოკრატიული პროცესისთვის და ევროინტეგრაციისთვის.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით ყველაზე მეტად უნდათ, რომ მედიის ინსტიტუციას დააკლდეს ნდობა:

"სხვათა შორის, საჩივარიც არ სჭირდება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია თუ ჩათვლის, რომ რაღაც არასწორია, ამაზე შეიძლება დავა დაიწყოს, მაუწყებელი შეიძლება სასამართლოში წავიდეს და რა ხდება ამ დროს, სამოქალაქო სექტორიდან იურისტები გვეუბნებიან, რომ არსებობს ასეთი ტერმინი "სლები“ რაც ნიშნავს იმას, რომ მაუწყებლობებს და მედიებს გარკვეულ სამუშაოს აძლევენ ამ სახით, ტვირთავენ საქმიანობით და შენ ხარ მუდმივ დავაში და თავის მართლებაში, რომ რაღაც ცუდად არ გითქვამს, არ გიქადაგია სიძულვილი, არ ემხრობი ტერორიზმს, არაფერი უხამსი შენს ეთერში არ არის. ამით იმდენად ხარ დაკავებული, რომ მნიშვნელოვან საქმეს უკვე ვეღარ აკეთებ. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიხვდეს, რატომ არის ეს მანიპულირება მათზე, როდესაც ეუბნებიან, რომ შენი ინტერესებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სასამართლოში არის გარკვეული დავები მედიის შინაარსთან დაკავშირებით და ყველა ამ დავას აწარმოებენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, პოლიტიკური ელიტები, ბიზნეს ელიტები. უბრალო ადამიანებს არ სჭირდებათ მედიის რეგულირება“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

კუპრაშვილი არ გამორიცხავს, რომ მედიის წინააღმდეგ ანტიკამპანია აგორდეს და ეს კანონი ამისთვისაც იქნება გამოყენებული.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, "მაუწყებლობობის შესახებ" კანონში ბევრი ისეთი მუხლია, რომლითაც შეიძლება დღესაც დაგვხურონ. ყველა მაუწყებელს უპოვიან ისეთ რამეს, რითაც შეიძლება მაუწყებლობის გაჩერება. ეს ამისთვის არ სჭირდებათ. მე არ მივდივარ იმ კუთხით, რომ მაინც და მაინც, მაუწყებლობობის გასაჩერებლად სჭირდებათ, შეიძლება ჯარიმები იყოს, მაგრამ არა მთლად ლიცენზიის და ავტორიზაციის წართმევა ალბათ, მაგრამ აუცილებლად იქნება ანტიკამპანია. ყველაზე მეტად უნდათ შეარყიონ ინსტიტუციები, რომ მედიის ინსტიტუციას დააკლდეს ნდობა და ძალიან კარგი საშუალებაა რომ თქვა, მედია ქადაგებს სიძულვილს, ტერორიზმს, უხამსობას სჩადის და საზოგადოებაზე კარგი მანიპულირების საშუალებაა. მგონია, ეს ამისთვის გაკეთდა და ამას აუცილებლად ველოდები წინასაარჩევნო პერიოდში“, -განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

იხილეთ ასევე: