ავტორი:

"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

"გაკვეთილი რამდენიმე წუთით ჩაიშალა, გაოცებულები მიყურებდნენ" - "დევნილი ბელადის"  სიურპრიზი მარნეულელ მოსწავლეებს: ვინ არის გალელი პედაგოგი, რომლის სახალისო მეთოდმა ინტერნეტი მოიცვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებს, გუშინ ქართულის მასწავლებელმა სიურპრიზი მოუწყო და ინდიელთა ბელადის ქუდით გამოეცხადა. ბატონი ზვიად ფიფია წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ და 17 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა...

სახალისო ქუდით გადაღებული ფოტო და სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. Ambebi.Ge-სთან კი სიამოვნებით გაიხსენა მისთვისაც დაუვიწყარი დღე პედაგოგიურ კარიერაში.

ინტერვიუს დროს გვითხრა, რომ არ ეგონა, მის სურათს ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. უფრო მეტიც, თავიდან ფოტო მხოლოდ მეგობრებისთვის გააზიარა, შემდეგ კი კოლეგების თხოვნით საჯარო გახადა...

"თუ გავითვალისწინებთ, სად (რომელ ოთახში) დგას ჩემი სამუშაო მაგიდა, ამ ფოტოს "დევნილი ბელადის " სახელი უფრო მოუხდება.

მეხუთე კლასში გავდივართ "ბულერბიელ ბავშვებს". ფოტოები და ფილმი შევარჩიე. დილით მივდივარ სკოლის ეზოში და ვხედავ ყველგან ბუმბული ყრია. უცებ გამახსენდა, გაკვეთილზე სიტყვა "ინდიელობანა" უნდა ავხსნა. მოვბრუნდი და ბუმბულის შეგროვება დავიწყე. კი გაუკვირდათ, ეს კაცი რას აკეთებს, რა ჯანდაბად უნდაო.

"ინდიელობანას" ხსენებაზე სახელდახელოდ მომზადებული ქუდი ამოვიღე ჩანთიდან. მოსწავლეების რეაქციაზე არაფერს დავწერ. ორშაბათს ტექსტს ვინც ყველაზე კარგად წაიკითხავს, ტომის ბელადი გახდება.

პ.ს. ჩემმა მოსწავლემ სახლში რომ მივალ, ინდაურებს უნდა დავაცალო ბუმბულიო და სავარაუდოდ, ორშაბათს მშობლები მომადგებიან“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ზვიად ფიფია:

- დილას სკოლაში რომ მივდიოდი, დავინახე ეზოში ყველგან ბუმბული ეყარა. უცებ გამახსენდა, რომ იმ დღეს ინდიელობანა უნდა ამეხსნა და აკრეფა დავიწყე. ყველა გაოცებული მიყურებდა, რად უნდა ამ კაცს ბუმბულიო, იმედია არ იფიქრეს, ბალიშის გასაკეთებლად მინდოდა.

მართლაც სახელდახელოდ მოვამზადე ქუდი და გაკვეთილზე ახსნა რომ დავიწყე, ინდიელობამდე მივედი, ბავშვებს ვკითხე, იცოდნენ თუ არა ამ თამაშის შესახებ და ჩემი სახელდახელოდ დამზადებული ქუდი ამოვიღე.

რამდენიმე წუთით ჩაიშალა გაკვეთილი, ყველა ჩემს ქუდს უყურებდა და მისი მორგება უნდოდათ. ყველა ბავშვმა დაიხურა და სურათები გადავუღე. ვუთხარი, ვინც ტექსტს კარგად წაიკითხავდა, შემდეგ გაკვეთილზე ის გახდებოდა ტომის ბელადი.

შესვენებაზე ამ ქუდით მეორე სართული გამოვიარე, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ და უნდა გენახათ, როგორი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. ზეიმი იყო ბავშვებისთვის.

- აფხაზეთიდან ხართ?

- დიახ, გალიდან ვარ, ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. მეც ჩავდივარ ხოლმე არდადეგებზე, მარტო არიან და ჩემი დახმარება სჭირდებათ. ექიმობაც მაქვს შეთავსებული...

- როგორია ეთნიკურად აზერბაიჯანულ სკოლაში მუშაობა, ხშირად გვესმის ნაადრევი ქორწინებების შესახებ. რა სირთულეები ახლავს? ასევე ენის ბარიერზეც გკითხავთ...

- ენის კუთხით სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ბავშვები დაგვყავს ექსკურსიებზე, ჩართულები არიან აქტივობებში, რაც მათ ინტეგრაციას უწყობს ხელს. რაც შეეხება პრობლემებს, მე არანაირი პრობლემა არ მქონია. ნაადრევ ქორწინებებზე ინფორმაცია ძირითადად ტელევიზიიდან მესმის ხოლმე, ამ დროს ჩემი გაკვეთილის გეგმა გვერდზე გამიწევია და ამ თემაზე გვისაუბრია. ჩემს სოფელში გაზრდილია გოგონების წილი, რომელიც სკოლის შემდეგ უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად. თუმცა ყველა ხომ ვერ ჩააბარებს, ამ კუთხით ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაზე მეტი ინფორმაცია იყოს. მეგობრებს ხშირად უკითხავთ, როგორ შედიხარ პირველ კლასში, როდესაც ბავშვებმა ენა საერთოდ არ იციანო. ამ დროს ეს უფრო სახალისოა, მესამე გაკვეთილზე ეს ბავშვები უკვე მიღიმიან და მეთამაშებიან.