რუსები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი, რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ კუთვნილი კერძო საკუთრების გასაყიდად ერთწლიანი ვადა მიეცემათ, რომლის შეძენის შესაძლებლობაც ქართველ ემიგრანტებს სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ექნებათ.
„რუსები, რომლებიც საქართველოში არიან შემოსულები, არის დიდი უბედურება და საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. მათ მინდა ვუთხრა - როგორც კი ხელისუფლება გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი ვადა, რომ გაყიდონ საკუთარი ბინები და ეს ბინები, სახელმწიფოს დახმარებით, უნდა აყიდვინონ უცხოეთში მყოფ ქართველებს, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრების ხარჯზე, იმ ნაყიდი ბინების ხარჯზე, რომელიც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ. რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი ვერ ექნება. ამ მდგომარეობაში, როცა რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია, რომ ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ" - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ის ქართველი ხალხის სიყვარულს და მხარდაჭერას გრძნობს და თავის დროზე სწორედ ამიტომ მიიღო ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება.
"ძალიან კომფორტული ცხოვრება მქონდა უკრაინაში, დედაჩემთან ერთად ვიხსენებდი ამასწინათ, ასე კომფორტულად არასდროს არ ყოფილხარო, მაგრამ რა აზრი აქვს კომფორტს და კეთილდღეობას, თუ ეს არ არის შენი სამშობლოს კეთილდღეობა და შენი ხალხის კომფორტი და შენი ხალხის მომავალი, თუ იმ უბედურებას ვუყურებდი, რაც აეროპორტებში ხდებოდა, გაუბედურებული ხალხი რომ იყო, გული გახეთქვაზე მქონდა, მეზიზღებოდა ამ აეროპორტებში შესვლა, მოდიოდა ეს ხალხი, სურათებს იღებდა, მიღიმოდა, მაგრამ არ მქონდა გასაღიმად საქმე. ბოლოს ჩავიქნიე ხელი, ავიღე თავზე ხელი და აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი.
აღმოვჩნდი იმიტომ, რომ თქვენი იმედი მაქვს, მჯერა, რომ ქართველი ხალხი არის სუბიექტური. აღმოვჩნდი იმიტომ, რომ აუცილებლად შევძლებთ შეკავშირებას. ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვჭირდება. არ გვჭირდება ერთმანეთთან საქმეების გარჩევა, შენ ასე თქვი, შენ ისე თქვი. რა დროს ეს არის, ხალხო?! უნდა დავდგეთ ერთ მხარეს, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსები საქართველოში აღარ შემოდიოდნენ" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: