ავტორი:

პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება? - რუსეთში სწრაფი ტემპით აშენებენ ქარხნებს სამხედრო ავიაციისა და შეიარაღებისთვის - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება? - რუსეთში სწრაფი ტემპით აშენებენ ქარხნებს სამხედრო ავიაციისა და შეიარაღებისთვის - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

თანამგზავრიდან გადაღებული სურათები აჩვენებს, რომ რუსეთი თავის ქარხნებში სამხედრო წარმოებას აძლიერებს, ასევე ინტენსიურად აშენებს ახალ, სამხედრო წარმოების დანიშნულების ქარხნებს.

საუბარია ქარხნებზე, სადაც მათ შეუძლიათ აწარმოონ, ან შეარემონტონ ტაქტიკური და სტრატეგიული თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, ასევე სამხედრო დრონები და მართვადი რაკეტები. მუშაობის გააქტიურება შენიშნა "რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიურომ რიგ სამხედრო ქარხნებში, სადაც მუდმივად შენდება ახალი ანგარები და მინი საწარმოები..

  • ყაზანის საავიაციო ქარხანა

ეს ავიაქარხანა სახელმწიფო კორპორაცია "როსტექს“ ეკუთვნის. ის ყაზანში, სამოქალაქო არეოპორტთან, "ბორისოგლებსკოესთან“ მდებარეობს. თუმცა იქ მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებს კი არ არემონტებენ, არამედ სტრატეგიულ ბომბდამშენებსაც, რომლითაც რუსეთი უკრაინას ბომბავს.

  • "ყაზანის გორბუნოვის ავიაციის ქარხანა საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტი იყო, რომელიც სტრატეგიული ავიაციის წარმოება-რემონტით იყო დაკავებული, მათ შორის იქ იწყობოდა: ტუ-16, ტუ-22 და ტუ 160. ე.ი. ქარხანას აქვს იმის რესურსი, რომ ღრმად მოდერნიზებული ტუ-22მ3-ი და ტუ-160-ი აწარმოონ“, - ამბობს ავიაექსპერტი, ანატოლი ხრაპჩინსკი.

2023 წელს ყაზანის ავიასაწარმოს ტერიტორიაზე ახალი მსხვილი ანგარი ააშენეს. ის ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული შენობისგან შედგება, რომელთაგან ერთი უშუალოდ ქარხანაა.

პირველად ნაგებობა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც Россия 1-ზე იქ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ვიზიტის შესახებ სიუჟეტი გავიდა.

Maxar-ისა და Planet Labs-ის თანამგზავრული სურათებით ირკვევა, რომ მშენებლობის პირველი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, თუმცა 2022 წელს დაჩქარდა, ხოლო 2023 წლისთვის თითქმის სრულად აშენდა.

ახალი ანგარის სიგრძე 300 მეტრია, სიგანე 180-ზე მეტი. Россия 1-ზე გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ის ახალი სამოქალაქო თვითმფრინავის ტუ-214-ის მშენებლობისთვის აიგო. თუმცა ზომების გათვალისწინებით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ იქ სტრატეგიული მომბდამშენების რემონტი-მოდერნიზებაც მოხდება.

  • ირკუტსკის საავიაციო

კიდევ ერთი სახელმწიფო ავიასაწარმო, რომელმაც წარმოება გაზარდა, ირკუტსკში მდებარეობს. მისი პროფილი - ყველა მოდიფიკაციის სუ-30-ია, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. The Military Balance-ის მონაცემებით, რუსეთში 120-ზე მეტი სუ-30-ია.

ქარხანაში არემონტებენ და აწარმოებენ სუ-ს. 2022 წელს ირკუტსკში ერთი სუ-30 საცხოვრებელ სახლს დაეცა, ზუსტად ამ ქალაქშია საწარმოც.

Maxar-ისა და Planet Labs-ის თანამგზავრიდან გადაღებული სურათებით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2019-2021 წლებში ქარხნის ტერიტორიასთან ახლოს აშენდა ობიექტი, რომელსაც ავიახაზზე პირდაპირი გასასვლელი ჰქონდა, თუმცა 2023 წელს იდენტური მშენებლობაც დასრულდა. სავარაუდოდ, მეორე შენობაც ასაფრენ ხაზზე იქნება შეერთებული.

"ასეთი ანგრები გამოიყენება რეგლამენტით დაწესებული სერვისისთვის და მცირე რემონტისთვის. ასევე ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავისთვისაც გამოდგება, რომელიც იქ დაეტევა, მაგალითად, სუ-30, ან სამოქალაქო თვითმფრინავები, რომლებსაც ეს ქარხანა ისედაც ემსახურება“, - ამბობს ხრაპჩინსკი.

  • ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა

ეს სამოქალაქო ქარხანა ეკატერინბურგშია. სახელი ამბობს, რომ აქ სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოება-რემონტი უნდა მიმდინარეობდეს, სინამდვილეში, ვერტმფრენების, მი-2, მი-8, მი-24 და კა-52-ის ძრავებსა და რედუქტორებსაც არემონტებენ. ყველა მათგანს რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ.

წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ ადგილობრივი გამოცემები ქარხანაში კადრების დეფიციტზე წერდნენ. კერძოდ, გაზრდილი საწარმო მოცულობის გამო, აქტიურად ეძებდნენ თანამშრომლებს.

2021 წლის ბოლოს ქარხნის ტერიტორიაზე ახალი მსხვილი საწარმოს მშენებლობა დაიწყეს, 2023 წელს კი დაასრულეს. მისი სიგრძე 145 მეტრია, სიმაღლე - 75.

  • დუბნიანსკის მანქანათმშენებელი ქარხანა

ეს ქარხანა მოსკოვის ოლქში მდებარეობს. საწარმოს ტერიტორიაზე აშენებულია მანქანათმშენებლობის ბიურო "ცისარტყელა“, რომელიც სახელმწიფო კორპორაციის, "ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების“ შემადგენელია.

"ცისარტყელა“ აწარმოებს X-22, X-55 და X-101-ს, რომელითაც რუსეთი შემდეგ უკრაინის ქალაქებს, ენერგოობიექტებს და სამხედრო ბაზებს ბომბავს.

"სქემის“ ჟურნალისტების მიერ გაანალიზებული თანამგზავრის სურათებიდან გაირკვა, რომ აქაც ახალი დიდი შენობა აშენდა. ასევე ახლოს არის ვერტფრენის დასაფრენი პუნქტები.

ეს შენობა კომპანია "კრონშტადტის“ საწარმოა, რომელიც რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებს. მისი ნამუშევარია "ორიონი“ და "ჰელიოსი“.

"კრონშტადტი“ – ჰოლდინგ "აფკ-სისტემასთან“ დაკავშირებული კომპანიაა, რომელიც პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის.

  • რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

არის ისეთი სამხედრო-სამრეწველო ქარხნების კომპლექსები, რომლებიც რუსეთის მთავრობამ საჯაროდ წარადგინა.

მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სარაკეტო ქარხნის "ალმაზ-ანტეის“ გახსნა-გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდა. შოიგუ ამბობდა, რომ საწარმო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გამოუშვებს.

2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ "კალაშნიკოვის კონცერნმა“ Zala Aero-მ, შეიძინა და გადააწყო იჟევსკის სავაჭრო ცენტრი "იტალმასი“, რომელიც "ლანცეტის“ მსგავს დრონების გამოშვებას დაიწყებს. ამ წლის სექტემბერში ქარხანა ვლადიმირ პუტინმაც მოინახულა.

ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო "იტალმასის“ დრონების გამოყენება, რომელსაც ირანულ Shahed-136/139-თან ერთად იყენებს.

თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

(წყარო)

  • ავტორი: ანრი კურტანიძე