ავტორი:

რა რეალობაში არიან და რა ელით ევროპაში თავშესაფრის საძიებლად წასულ ქართველებს -ავსტრიაში მცხოვრები ქართველი იურისტი, რომელსაც დეპორტით გამოშვებული თანამემამულეების სამშობლოში გაცილებაც უწევს

რა რეალობაში არიან და რა ელით ევროპაში თავშესაფრის საძიებლად წასულ ქართველებს -ავსტრიაში მცხოვრები ქართველი იურისტი, რომელსაც დეპორტით გამოშვებული თანამემამულეების სამშობლოში გაცილებაც უწევს

"13 წელიწადია ამ სისტემაში ვარ და ვაღიარებ, რომ თავშესაფრის სისტემა ევროპის ბევრ ქვეყნებში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია. თუმცა ამ ყველაფერში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა დიდ როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე ხშირად ჩვენც დიდ გაუგებრობებში ვხვდებით“, - გვეუბნება ქართველი იურისტი ირმა ცირამუა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს. იგი იმ მტკივნეულ საკითხზე ვრცლად გვესაუბრება, რაც ევროპაში ლტოლვილის სტატუსით წასულ მრავალ ქართველს შეეხება...

- ქალბატონო ირმა, რას იტყოდით გერმანიის კანცლერ შოლცის მიერ დეპორტაციის გეგმის დაანონსებაზე, მან განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, შესაბამისად, გერმანიაში ბედის საძებნელად წასულ ქართველებს თავშესაფრის მიღების შანსი სულ უფრო მეტად უმცირდებათ...

დიახ, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დაჩქარებული წესით დაიწყეს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა და ბევრის დეპორტაციაც მოხდა უკვე... განიხილავენ იმ თემასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სამომავლოდ ოფიციალურად დაასაქმონ, თუმცა ამ პროექტმა წლების წინ ვერ გაამართლა. შოლცის განცხადება ითვალისწინებს, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების დაჩქარებულ განხილვას და დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფარს ახალი წლიდან მოითხოვენ, მოთხოვნიდან გამომდინარე პასუხს ადგილზევე მიიღებენ, თუმცა რამდენად განხორციელდება ეს ყველაფერი, ამას 2024 წლიდან დავაკვირდებით..

საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები განიცდიან აქ თავშესაფარში ჩაბარებული ახლობლების ბედს, მათ ვეტყოდი, რომ ყველას საკითხი ინდივიდუალურია. ვინც სამკურნალოდ იმყოფება გერმანიაში, გადაიხედება მათი საკითხიც იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შესაძლებელია ამ მკურნალობის საქართველოში.

ახალი თავშესაფრის მაძიებლები ვალდებულები იქნებიან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნისას, წარადგინონ დევნის ვიდეომასალა და სხვა მტკიცებულებები… ან სამედიცინო დოკუმენტები იმის დამადასტურებლად, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი.

თუკი ამ ეტაპზე თავშესაფარში მყოფი ქართველები რამდენჯერმე დაიბარეს “აუსლენდერ ბეჰორდეში" მათი თავშესაფრის ბარათის გასაგრძელებლად და ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოცხადდნენ, გერმანია გარკვეულ ვადაში საკუთარი სურვილით თუ არ დატოვეს, ავტომატურად უკან დაბრუნების სიაში გადადიან. როდესაც ყველა ინსტანციაში გასაჩივრების ვადები იწურება, საქართველოს მოქალაქეს დეპორტაციისგან აღარაფერი იცავს, არც ის, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება - თავშესაფარზე უარი გასაჩივრებული აქვს. მას ასეთ შემთხვევაშიც ეძლევა საშუალება მისი სურვილით დატოვოს ქვეყანა. თუ უარს იტყვის, ის ექვემდებარება დეპორტაციას. თუმცა ყველგან აღვნიშნავ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საქმის მწარმოებელზე, თავად საქმეზე, სასამართლოებზე და ა.შ...

- თქვენს მრავალწლიან მოღვაწეობაზეც მოგვიყვევით...

- საქართველოში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ავსტრიაში ასევე იურიდიული ფაკულტეტი დავასრულე. 2011 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა. ჩემი მიმართულება იყო იურიდიული კონსულტაცია. ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, რომელიც თავშესაფარს მოითხოვდა, იურიდიული კონსულტაცია უნდა გამეწია სხვადასხვა ინსტანციაში.

რამდენიმე წელი როგორც იურისტი ვიყავი ამ განყოფილებაში, ბოლო 5 წელია იურიდიული განყოფილების უფროსი ვარ...

2011 წლიდან ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა პროექტი - ადამიანის უფლებების დამკვირვებელი დეპორტების დროს. ავსტრიაში შემოიღეს კანონი, როდესაც სპეცრეისი ინიშნება, მასზე ერთი ადამიანი დამკვირვებელი უნდა იყოს. ეს პროექტი ევროკომისიამ დააფინანსა.

2011 წლიდან მოყოლებული ასეთ სპეცრეისებზე მიწევდა ფრენა. ბოლო სამი წელიწადია შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავედით და როგორც უკვე გითხრათ, ახლა ამ განყოფილების უფროსი ვარ.

ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრონტექსთან" ვმუშაობ. მოგეხსენებათ, ერთ - ერთი ძალიან დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა.

- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ლტოლვილის სტატუსით მოდის, რა საფეხურების გავლა უწევს?

- როდესაც ადამიანი ავსტრიასა და გერმანიაში მოდის და სიტყვიერად თავშესაფარს ითხოვს, ის თავშესაფრის საერთო საცხოვრებელში გადაჰყავთ. პირველად ჯანმრთელობის კვლევები ტარდება. ( მნიშვნელოვანია რამე გადამდები დაავადება არ ჰქონდეს) შემდეგ საცხოვრებელ ადგილზე ნაწილდებიან. ეს უზარმაზარი ტერიტორია, ჩაკეტილი ზონასავით და თითქმის ყველაფერი იქ არის. იქ ხდება სამედიცინო დაკვირვებაც და თუ საჭიროა საავადმყოფოში გადაჰყავთ. ავსტრიასა და გერმანიაში ერთმანეთის მსგავსი სისტემაა, ძალიან ჰგავს ლტოლვილების საერთო საცხოვრებლებს....

ინტერვიუ უტარდებათ საცხოვრებელ თავშესაფართან დაკავშირებით. კლიენტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს, თუ რატომ ითხოვს თავშესაფარს, თავისი ქვეყანა რის გამო დატოვა... კანონიდან გამომდინარე, უპირველესად განიხილავენ თავშესაფრის მოთხოვნებს პოლიტიკური მოტივით და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების განაცხადებს. ზოგადად განხილვა ყველა ადამიანის შესახებ ხდება, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა: ერთ ნაწილზე პოზიტიური პასუხი გამოაქვთ, ანუ თავშესაფარზე თანხმობა, რის მერეც კლიენტს დროებითი ვიზა ან ლტოლვილის პასპორტი ეძლევა. საქმე თუ ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხება, არსებობს პარაგრაფი და ამ პარაგრაფის შემდეგ მუშაობის უფლებაც აქვთ. სხვადასხვა პუნქტებია...

- უმთავრესად რა სირთულეებს აწყდებიან ლტოლვილის სტატუსით ჩამოსულები?

- მე ამ შემთხვევაში მაინც მესამე პირი ვარ და რთულია მესამე პირის გადმოსახედიდან ვილაპარაკო... ბევრი ადამიანი წინასწარ კითხულობს, თავშესაფარში რა ელოდება. ვუხსნი, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევთ და ა.შ. თავშესაფარში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობენ. შეიძლება ერთი ოთახი მისცენ, რომელიც დაახლოებით ხუთიდან ათ კვადრატამდეა და შესაძლებელია ამ ოთახში კიდევ სხვებიც ცხოვრობდნენ. საერთოა სამზარეულო, აბაზანა, საპირფარეშო. დღეში სამჯერადი კვებაა, მაგრამ, რასაკვირველია, არა მაღალი სტანდარტის... ავსტრიაში ქართველები უმეტესად ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოდიან. ავსტრია პატარა და პოლიციური ქვეყანაა და ქართველებმა იციან, რომ ავსტრიაში მუშაობის შანსები ძალიან ნაკლებია, პოლიცია ყველგან გაკონტროლებს... რა თქმა უნდა, ბევრი არალეგალია, ბევრი შავად მუშაობს, მაგრამ აქ ადამიანს უფრო მეტი შიში აქვს, ვიდრე ვთქვათ გერმანიაში. გერმანია დიდი ქვეყანაა, ტერიტორიულადაც დიდია და იმდენად დიდი კონტროლი პოლიციისგან ვერ ხერხდება... ბევრი გზები არსებობს: თავად კლიენტებისგან ვიცი, რომ პოლონურ ვიზას აკეთებენ, "პაპიტოს" რომ ეძახიან. ამით გადადგილება შეუძლიათ ევროპის, შენგენის ტერიტორიაზე. აკეთებენ ასევე ყალბ საბუთებს - ლიტვურს, ბულგარულს, რუმინულს, ა.შ..ასე ფორმდებიან გარკვეულ, უცხოურ ფირმებში იაფ მუშახელად.

- ალბათ ურთულესია, როდესაც სამშობლოში დეპორტირებულ თანამემამულეებს მოჰყვებით...

- დიახ, რა თქმა უნდა... 12 წელია მიწევს და მართლაც წარმოუდგენლად რთულია. ადამიანი უნდა, არ უნდა, აქ ეჩვევა, არალეგალიც რომ იყოს, აქ რამე შავ სამუშაოს მაინც ნახავს, მცირე სოციალური დახმარება აქვს, ბინა, მინიმალური პირობები... სულ ამბობენ, სამშობლოში რომ დავბრუნდე, რა გავაკეთოო... რომ მოვფრინავთ, აბსოლუტურად, ყველა მათგანი უკვე სხვა ქვეყანაში წასვლას გზაშივე გეგმავს. საქართველოში დარჩენას არავინ ფიქრობს და მერე ახერხებენ თუ არა სადმე წასვლას, ეგ აღარ ვიცი. ალბათ უმეტესობა ახერხებს...

- ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველებმა დეპორტაცია რადიკალური პროტესტით გამოხატეს?

- თუ უკვე სპეცრეისზე მოხვდა, რაც არ უნდა თავი გაიგიჟოს, აზრი არ აქვს... ვთქვათ გაბრაზდები, ვენებს გადაიჭრი, კოვზს გადაყლაპავ, მაშინ უკვე ბორკილებს დაგადებენ. თავი რომ არ დაიზიანო და სხვაც არ დააზიანო. სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი ყოფილა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორიოდე შემთხვევა იყო, როდესაც ქართულმა ოჯახებმა მე დამადანაშაულეს... აქ იურიდიული კონსულტაციის დროს მხედავენ, მერე დამკვირვებელი ვარ სპეცრეისის დროს და ადამიანი იბნევა. გხედავს სადეპორტოში, ციხეში, სასამართლოზე და სპეცრეისზეც... გაბრაზებული ჯავრს შენზე იყრის, იყო გინება, ლანძღვა, წყევლა ჩემი მისამართით. ათი წლის განმავლობაში ორი შემთხვევა იყო ასეთი, მაგრამ ძალიან რთული. სრულიად მესმის იმ ადამიანების. ერთი სიმსივნით დაავადებული იყო...

- სიმსივნით დაავადებული ადამიანი გამოუშვეს?

- დიახ, რადგან საქართველოშიც იყო შესაბამისი მკურნალობის საშუალება და ასეთი შემთხვევა სხვაც ბევრი ყოფილა. მხოლოდ საქართველოდან ხომ არ შემოდიან, აქ უამრავი ეროვნების ადამიანი მოდის და ყველაფერი პროცენტებით არის განსაზღვრული, რამდენი პროცენტი უნდა მიიღონ ამა თუ იმ ქვეყნიდან... თუ ადამიანის მკურნალობა მის სამშობლოშივე შესაძლებელია, რასაკვირველია, მათ მიღებაზე უარს ამბობენ... ჩემთვის ყველაზე რთული შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე ოჯახის გადეპორტება მოხდა და მათ შორის ბავშვები იყვნენ ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებით...

- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა აპირებს წამოსვლას?

- ყველას შემთხვევა ინდივიდუალურია და მათი გადასაწყვეტია... თუმცა თუ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ის მიზანი აქვთ, რომ თავშესაფარში ჩაბარება მუშაობის მიზნით სურთ, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვურჩევ სხვა გზები და საშუალებები მონახონ. არსებობს სხვა ქვეყნები, სადაც შესაძლებელია ოფიციალურად იმუშაონ - პოლონეთი, სლოვაკეთი და ა.შ. ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ამ მხრივ შანსი მინიმალურია.

თუ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოდიან, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ, რასაკვირველია, ვურჩევდი ავსტრიაში, გერმანიაში თუ საფრანგეთში ჩამოსვლას.

- ხშირად ისმის, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება ხელისშემშლელიც კი გახდაო...

- დიახ, მათი მესმის, მაგრამ იმასაც შევხედოთ, მსოფლიოში რამდენი ქვეყანაა, სადაც დღეს ომია... იმ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნამდვილად უსაფრთხოა.

როდესაც ავღანეთში ფრენები გვქონდა, ქაბულში რამდენიმე საათით ადრეც კი ტერორისტული აქტი ხდებოდა. ჩვენ ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, რაც უკვე პოლიტიკა და საუბრის სხვა თემაა.