ავტორი:

"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან

"მაყურებელი ჩვენი ბატონია, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოო“ - როგორ იხსენებენ თენგიზ არჩვაძეს? - უცნობი ამბები ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან

28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს წინაშე. არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო როლი აქვს შექმნილი. მსახიობი მაყურებელს გამორჩეულად უყვარდა.

თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი მწუხარებით გამოეხმაურა. მათ შორის, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი. ბატონ დიმას მასზე წიგნი აქვს გამოცემული, მსახიობს ახლოს იცნობდა და მეგობრობდა მასთან.

  • დიმა ხვთისიაშვილი:

- ბატონმა თენგიზმა "მგზავრის წერილებში“ ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა, რომელიც თავის დროზე თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა. როდესაც თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავის გახსნის საკითხი დადგა, მაშინ მთხოვეს, ეს სპექტაკლი აღმედგინა, რადგან ბატონი თემური მაშინ პეტერბურგში მუშაობდა. მან დიდი პატივი დამდო და ეს საქმე მე მანდო. ასე მომიწია ბატონ თენგიზთან მუშაობა. პრაქტიკულად იქ დავმეგობრდით. მერე კი ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე გივი ბერიკაშვილის ავადმყოფობის გამო, ამავე სპექტაკლში, მის ნაცვლად, ლელთ ღუნია ვითამაშე.

კადრი ფილმიდან ''ხევსურული ბალადა''

- პარტნიორიც ყოფილხართ.

- დიახ, ბატონ თენგიზს ვპარტნიორობდი კიდეც - ასეთი ბედნიერებაც გვქონდა. მაშინ, როგორც გითხარით, ძალიან დავმეგობრდით და გაჩნდა იდეა, რომ მასზე წიგნი დამეწერა. იმ პერიოდში ახალი დასრულებული მქონდა კახი კავსაძის წიგნზე მუშაობა, გივი ბერიკაშვილზე წიგნი კი უკვე გამოსული იყო. მოკლედ, დავგეგმეთ, რომ წიგნზე გვემუშავა და 2017 წელს "სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, ჩემი მესამე დიდი წიგნი გამოიცა. ეს ბატონი თენგიზის 85 წლის იუბილეს დაემთხვა და მისი ხელის ანაბეჭდები გიორგი კალანდიას მუზეუმის ეზოში გაიხსნა. იმ დღესვე, იქ შედგა წიგნის პრეზენტაციაც.

"ბატონ თენგიზს ვპარტნიორობდი კიდეც - ასეთი ბედნიერებაც გვქონდა" - დიმა ხვთისიაშვილი

- თენგიზ არჩვაძე იყო დიდი არტისტი და დიდი ადამიანი - მას ერთხმად ასე აფასებს ქართული საზოგადოება...

- დიახ, თენგიზ არჩვაძე არ იყო მხოლოდ მსახიობი, მისი არსებობა ცალკე, კიდევ უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ის ნამდვილად გამორჩეული მოქალაქე გახლდათ. მოქალაქე, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იშვიათად მინახავს ასე საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ მწერლობაზე, ბუნებაზე შეყვარებული ადამიანი, ფეხით აქვს მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ერთხელ ვკითხე და იმ წიგნშიც არის ეს ეპიზოდი, ყველაზე კარგად სად გრძნობთ თავს-თქო? მთაშიო. რაჭველი კაცისგან ეს არც გამიკვირდება-მეთქი. არა, მთაში და მარტოო. რატომ-თქო? იმიტომ, რომ მთაც კაციაო. მთასთან დიალოგი ისეთია, აი, იმას თუ დაუმუღამებ, მაგაზე კარგი არაფერია. ის სულიერია, სუნთქავსო.

მოკლედ, ის არავის არ ჰგავდა... ძალიან დიდი კაცი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ კინომ და თეატრმა.

''დიდოსტატის მარჯვენაზე'' მუშაობის პროცესი

- მას საზოგადოებისთვის ესა თუ ის შეხედულება თავს არასდროს მოუხვევია... ესეც მნიშვნელოვანია...

- სამწუხაროდ, ჩვენში "ისტობამ“ ძალიან მოიკიდა ფეხი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ბატონი თენგიზის პოზიცია ასეთი იყო - მისი მაყურებელი ყველანაირი იყო. ამიტომაც ყველასთვის საყვარელი იყო, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, აღმსარებლობისა და ა.შ. საჯარო განცხადებაც კი გააკეთა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ ყოფილა, "მე ვამბობ და ეს ასეა“.

- მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს მისი კინოროლები...

- ის და ოთარ მეღვინეთუხუცესი ჯერ ჯგუფელები იყვნენ, შემდეგ "კეთილ ადამიანებში“ პარტნიორები. ეს მაყურებლის საყვარელი ფილმია, მაგრამ ჩემთვის თენგიზ არჩვაძე, როგორც მონუმენტი, ყველაზე ძვირფასია "ვედრებაში,“ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეთი ნაკლებია "დიდოსტატის მარჯვენაში“, "დათა თუთაშხიაში“, თუ "წიგნი ფიცისაში“, როდესაც თეიმურაზს და ერეკლესაც თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, დიდი კინოროლებია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოში 46 როლი ითამაშაო. ჯერ ერთი, ბევრად მეტი ითამაშა, მაგრამ ეს თვლა არ არის დიდად მნიშვნელოვანი, ამაზე თეატრის და კინოს მკვლევრებმა იფიქრონ. ფაქტი ის არის, რომ სამი და ოთხი როლიც რომ ეთამაშა, ის გამორჩეული იყო.

კადრი ფილმიდან "კეთილი ადამიანები"

მახსოვს ერთი ისტორია. 1978 წელს მარჯანიშვილის თეატრის 50 წლისთავი ფილარმონიაში იმართებოდა. ამ იუბილეზე მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ისე მოხდა, რომ იმ საიუბილეო საღამოს დღესაც გადაღებაზე ბრძანდებოდა და დააგვიანდა. ამიტომ სცენაზე ცოტა გვიან შემოვიდა - ჩუმად შემოიპარა. ბავშვი ვიყავი, 10 წლის და დარბაზში ვიჯექი. ბატონი თენგიზი სცენაზე ნანახი მყავდა სპექტაკლში "ძველი ვალსი“ და ეგ სპექტაკლი ძალიან მომწონდა... ვერ აგიღწერთ მის დანახვაზე როგორი ტაში ატყდა, აცვივდა მთელი დარბაზი სცენაზე... ეს როდის, იცით? როცა ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი ასეთი ხალხი სცენაზე იყო. საღამოს შუა ნაწილში, მისი გათვლით, შემოპარულ კაცს ვინ აცალა?! ოვაციებით შეხვდნენ. მასთან ერთად მომიწია რეგიონულ გასტროლებზე ყოფნამ. ვიყავით გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ჭიათურაში. ვხედავდი, რა ხდებოდა მის გარეშემო. ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ. ისიც როგორ შემართებით იყო.

ახალციხეში ყველამ ვერ შეძლო სპექტაკლის ნახვა და ვერ უბედავდნენ, რომ მეორე სეანსიც დაგვემატებინა. მერე მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, ძალიან ერიდებათ თქვენი, მაგრამ იმდენი ხალხი დარჩა გარეთ, ვისაც სპექტაკლის ნახვა უნდა, შეძლებთ, რომ მეორე სეანსი ითამაშოთ-მეთქი? "მაყურებელი ჩვენი ბატონია, ჩემო ბატონ-ძმაო, რომც არ შემეძლოს, უნდა ვითამაშოთ“, - იყო მისი პასუხი. თავისი საქციელით იყო მაგალითი, არ დაიზარა და მეორეჯერ თავიდან დავიწყეთ სპექტაკლი ახალციხეში. ეს იყო 2012 წელი, ანუ იგი უკვე 80 წლის გახლდათ და თავიდან დაიწყო სპექტაკლი, იმიტომ, რომ მაყურებელს უნდოდა. ეს დიდი და სერიოზული ამბავია.

- როგორი იყო მისი ბოლო წლები, როდესაც ის აღარ ჩანდა არც ეკრანზე, არც სცენაზე.

- მაქსიმალურად ვცდილობდი, არ შემეწუხებინა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო მისი მონატრება, მაინც თავს ვიკავებდი. ერთადერთი, 3 აგვისტოს, ყოველ წელს მის დაბადების დღეზე დავდიოდი. წელს სენაკში გვქონდა გასვლითი სპექტაკლი და იქიდან დილას დავურეკე და ვუთხარი, წუხელ, 12 საათი გახდა თუ არა, ბიძია თენგიზ, მთელმა "მოზარდმა“ თქვენი სადღეგრძელო დავლიეთ. მიპასუხა - "რამხელა ვალი დამადე, კაცო. ეგ როგორ შეიძლება, ასე ხალხის შეწუხება?!". დიდი არტისტი და დიდი ადამიანი წავიდა.

  • P.S. Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, თეატრალურ საზოგადოებას, ქართულ კინოს.