ავტორი:

"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი

"ამ ორივე ომში გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია" - ექსპერტი

ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი ხდება. 27 ოქტომბერს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გაფართოების თაობაზე განაცხადა, ანკლავში, საიდანაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებს "ჰამასის" ტერორისტები დაესხნენ თავს და 1400-მდე კაცი მოკლეს, 220-ზე მეტი კი გაიტაცეს, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, როგორც ისრაელი აცხადებს, ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია. 27 ოქტომბერსვე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა, მოითხოვს "დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს". დოკუმენტს მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა 14-მა ქვეყანამ, 45-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. ისრაელმა რეზოლუცია უარყო და პირობა დადო, რომ თავის დაცვას გააგრძელებს. ისრაელელთა აღშფოთებას იწვევს ის, რომ რეზოლუციაში "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არ არის მოხსენიებული და ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე. "ბნელი დღე გაეროსა და კაცობრიობისთვის", - ასე დაახასიათა რეზოლუცია გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს "ყველა საშუალებას" "ჰამასთან" საბრძოლველად. სწორედ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- რასაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ვუყურებთ, შეუძლებელია განვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან დამოუკიდებლად. ამ ორი ომით შექმნილი ვითარება ცხადად აჩვენებს, რომ არსებულმა მსოფლიო წესრიგმა საკუთარი თავი ამოწურა, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების მოქმედი არქიტექტურით დადგენილი ბერკეტებისა და წესების ჩათვლით. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო დგას დიდი საშიშროების წინაშე, რადგან ის მექანიზმები, რაც სახელმწიფოების საზღვრებს და განსაკუთრებით, დასავლეთში მშვიდობას იცავდა, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, უმოქმედო ხდება. აღარაფერს ვამბობ გაეროზე, ამ კონფლიქტებმა, ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია სრულიად კასტრირებულია...

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ გვინდა თუ არა, სამყარო დგას ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობის წინაშე, რომელსაც დასჭირდება ახალი სამართლებრივი მექანიზმები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ ომს - გამოიყენება სრულიად ახალი სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რამაც ომი ახალ განზომილებაში გადაიყვანა. ამ ტექნოლოგიების რეგულირების მექანიზმებიც საერთაშორისო სამართალს დღემდე არ შეუმუშავებია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ასე მასშტაბურად აქამდე არც გამოუყენებიათ. აქ ლაპარაკია, მაგალითად, როგორც კოსმოსურ დაზვერვასა ან დრონებზე, ასევე საინფორმაციო-დივერსიულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სამხედრო შეიარაღების მიღწევები. საინფორმაციო ომის მეთოდები, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ისე სწრაფად იხვეწება და ვითარდება, რომ რეგულირების და შეკავების მექანიზმები, აღარაფერს ვამბობ პრევენციაზე, მას ვეღარ ეწევა. ამიტომაც ეს პროცესები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიგვიყვანდა ამ დაპირისპირებებამდე. გლობალური წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე რომ დგას, ეს აჩვენა კავკასიაში განვითარებულმა პროცესებმაც. თუმცა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიები დაიბრუნა და საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის რეალური ნიშნები გაჩნდა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი დომინოს პრინციპით რომ არ გაგრძელდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ომების დამთავრება, სამართლიანობის აღდგენა და გლობალური წესრიგისა და სამართლის ახალი პრინციპების დადგენა. მე არა მგონია, რომ გაერო შეძლებს რეფორმირებას. საქმე ისაა, რომ ეს ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან მექანიზმს უკვე აღარ ფლობს. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ იმ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც დიდწილად არიან არსებული გლობალური დაპირისპირებების ავტორები და ინსპირატორები. აქედან გამომდინარე, გაეროს რეფორმირება ნაკლებად რეალისტური მგონია. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს დადგა დღის წესრიგში ახალი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისა და მათი რეალური ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობა, იგივე პროცესი დაიწყება რამდენიმე წელიწადში და ჩვენ ვიხილავთ გაეროს ალტერნატივად უფრო რეალურ და ქმედით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსხვილ რეგიონული აქტორებს.

- შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ცივილიზაციათა ომს, როდესაც ორი სხვადასხვა ღირებულებითი სისტემის სამყარო უპირისპირდება ერთმანეთს, ეს ჩანს რუსეთ-უკრაინის ომშიც და ახლო აღმოსავლეთშიც...

- გეთანხმებით, ეს არის ნამდვილად ღირებულებითი ომები და ვერაფრით ვილაპარაკებთ ამ შემთხვევებში რელიგიათა დაპირისპირებებზე, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში ერთმანეთს ერთი აღმსარებლობის სახელმწიფოები ეომებიან. როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის შემთხვევაში აშკარად იკვეთება ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემის ცივილიზაციური შეჯახება. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული ირანისა და "ჰამასის" წარმომადგენლების შეხვედრა. ისრაელის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩართვისას პირდაპირ დასდო ბრალი რუსეთს იმ ხოცვა-ჟლეტის მხარდაჭერაში, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელში გამართა. ეს გამოსვლაც რომ არა, ირან-"ჰამასის" წარმომადგენლების მასპინძლობით რუსეთმა პირდაპირ აღიარა, რომ ის ირანისა და ტერორისტების მხარდამჭერად გვევლინება. აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ მივიღოთ მყარი და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს? ამისთვის არსებობს ერთი გზა - ამ ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის კბილების მომტვრევა, მაგრამ ამას როგორ, რა დროსა და ვადაში მოახერხებს დასავლეთი, ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. გაგრძელება