ავტორი:

"ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს..." - როგორ პასუხობს პრეზიდენტი კითხვას: არის თუ არა დაინტერესებული პრემიერი ევროკავშირში გაწევრებით

"ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს..." - როგორ პასუხობს  პრეზიდენტი კითხვას: არის თუ არა დაინტერესებული პრემიერი ევროკავშირში გაწევრებით

აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის უფრო მეტად საჯაროდ აღიარებაა საჭირო - თუ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე უარს ეტყვის, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

“ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა, თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს, პრეზიდენტმა უპასუხა.

"არა მგონია და ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. მე უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის რაიმე ფორმა, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო.“

კითხვაზე, თუ რა აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა უპასუხა:

"იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ასე ესაუბრება, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის.

პრეზიდენტს ინტერვიუს დროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, კერძოდ, თუ როგორ აისახება უკრაინის ომი საქართველოს ცხოვრებაზე.

"ეს, რა თქმა უნდა, არის ყველაფერ იმის შეხსენება, რაც საქართველომ გამოიარა და ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის არის უშუალო საფრთხე. რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ამოწმებს ნიადაგს საქართველოში. აქ მათი გზა, მათი მარტივი გზა, არის ჰიბრიდული ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.