ავტორი:

"მადლიანი, სიყვარულით სავსე ნელი დეიდა, აგერ კუკიაზე დავკრძალეთ, არაფერი უთხოვია იმის გარდა, რომ..." - რას წერს ზურა შევარდნაძე

"მადლიანი, სიყვარულით სავსე ნელი დეიდა, აგერ კუკიაზე დავკრძალეთ, არაფერი უთხოვია იმის გარდა, რომ..." - რას წერს ზურა შევარდნაძე

ცნობილი ფლორისტი, "გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს. ამბავი ეხება ქალს, რომელიც ზურა შევარდნაძის თქმით "გარდენიას" მეზობლად ცხოვრობდა.

"ზუსტად 19 წლის წინ, შემოდგომაზე, ვიყიდე პირველი ნაკვეთი თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ აქ არც ასფალტი იყო, არც შუქი, არც ელექტრონი და გაზი, მისამართიც არ გვქონდა, არაფერი არ ერქვა ჩვენს ქუჩას. მოშორებით სულ ორი ახალაშენებული, გაულესავი სახლი ჩანდა. ჩვენს წინ დიდ, ძეძვიან მინდვრებზე აზერბაიჯანელი მწყემსები ნახირს აძოვებდნენ.

ჩემი ახალშეძენილი პატარა ნაკვეთი იყო დაჭაობებული და ჭაობი სავსე სამშენებლო ნაგვით.ახლანდელივით, მზიანი თბილი შემოდგომა იდგა, ძალიან ვიყავი გახარებული და საქმეს ვეშურებოდი. გურიაში ბიძაჩემს ლადოს და ასკანელ მეზობელ ზურია სისვაძეს შევუთვალე, არიქა მიშველეთ მეთქი, ჩამოვიდნენ და შევუდექით. ფეხისალაგი გავმართეთ, ზურიამ ჭა ამოიღო, ამოყორა და ჭაობის წყალი დრენაჟებში მივმართეთ, რომელსაც დღემდე ვიყენებთ სარწყავად. ეზოში მომცრო, ხის მწვანე, ფინური ვაგონი დავდგი, ის იყო ჩვენი თავშესაფარი, სამზარეულოც და ზოგჯერ საძინებელიც. დილაობით დეზერტირების ბაზარში ჩავდიოდი, პამიდორი, ყველი, ხახვი, იშვიათად ძეხვი ან შებოლილი სიგა ამომქონდა სდილისთვის.

დაღლილები ვაგონთან, ტირიფის ქვეშ, სახელდახელოდ ჯირჯებისგან მოწყობილ მაგიდასთან ვჭამდით ლადო, ზურიე და მე.

იმ დღესაც ბევრი ვიმუშავეთ, ვბარეთ და ნაბარავში ამორჩეული ქვა ვაგროვეთ. სასადილოდ ფეხს ვითრევდით, არ ვიმჩნევდით, მაგრამ არცერთს არ გვეხალისებოდა ისევ პამიდორი, ისევ ხახვი, ისევ ერევნის ძეხვი. ხელი რომ დავიბანეთ და შევიკრიბეთ, ეზოში რომელსაც ჯერ არც ჭიშკარი ჰქონდა და არც ღობე შუახნის, მაღალი, შავებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, თავზეც შავი ებურა. ერთ ხელში დიდი ტილოგადაფარებული ლანგარი ეჭირა, მეორეში ტომრის ჩანთა. გავეგებე, გამიღიმა მორიდებით, ოქროს ორი კბილი გამოუჩნდა.

მოსალმებაზევე შევატყვე მეგრელობა.- მეზობელი ვარ მე შენი შვილო. გიყურებთ ეს დღეებია, შრომობთ კია ბევრს მარა გაგიმართლებთ ღმერთით.

- გმადლობთ ქალბატონო.

- ნელი მქვია მე, ბერულავა იყო ჩემი ქმარი. სამი შვილი მყავს, უფროსები ალბათ შენზე. აგერ ვართ უკან, გეცოდინება შენ ჩვენი სახლი, ასე მოეწყო ჩვენი ცხოვრება..

მივხვდი რასაც გულისხმობდა.

- გამომართვი დიდა აწი, არ მიწყინოთ თუ საკადრისად ვერ მოგართვით, გულითაა, ღმერთია მოწამე.

და გადახადა გახამებული ტილო ლანგარს.დიდ, გულუღმა ჯამზე თეთრი, ფითქინა ღომი ჩაორთქლილიყო, პიტნიანი ნადუღი და ბევრი სულგუნის ნაჭრები ჩაედო გულიანად შუაგულში. ორი წიწილი შეეწვა და კოხტად დაეჭრა, მწვანე ტყემალი და წითელი სისხინა აჯიკა იდო ჭიქებით კიდევ ლანგარზე.გავშრი უხერხულობისგან.

-ასე რატომ შეწუხდით?

-რამ შემაწუხა დიდა, მეზობლის გულობიზა წყარში არ ჩავდგები კიდომ? "გემოშა ოჭკომ სკუა, შერგე გაუ ღორონთქ." კამპოტიც მოგართვით, არ დამძრახოთ უკაცო ოჯახი მაქვს და....

ჩანთიდან დაორთქლილი სამ ლიტრიანი ქილა ამოაცოცა.თბილად, დედობრივად მიღიმოდა თვალები სიკეთით, სიხარულით ჰქონდა სავსე, ბედნიერი იყო რომ შეძლო მისთვის უცხო მაგრამ ახალი მეზობლისთვის პატივი ეცა. მოვიპატიჟეთ, არ დარჩა, გაგვეცალა.უენოდ, უსიტყვოდ, გემრიელად გეახელით. არც ლადოს, არც ზურიას და არც მე არაფერი გვითქვამს.

სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, მას მერე ასეთი გრძნობით და ბედნიერმა როდის ვისადილე აღარ ვიცი.დღეს უკვე ამ ამბიდან 20 წლის თავზე ვამბობ, სანამ ასეთი და ამდაგვარი ამბები კიდევ ხდება, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, აი მერე მართლა რა იქნება ვეღარ გეტყვით.

გუშინ, კვირას შვილებში და შვილიშვილებში ჩაფლული, მადლიანი, სიხარულით და სიყვარულით სავსე ნელი დეიდა აგერ კუკიაზე დავკრძალეთ. არასდროს არაფერი უთხოვია იმის გარდა სოხუმში დამმარხეთო.

ნელი დეიდა, გვაპატიე...."- წერს ზურა შევარდნაძე.