რუსებმა უკრაინაში მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და სასტიკია.
შემთხვევა დროებით ოკუპირებულ ვოლნოვახაში მოხდა. "შეიარაღებული პირები ითხოვდნენ, რომ ოჯახს, სადაც ცხოვრობდნენ, კიდევ ერთი ოთახი რუსი სამხედროებისთვის დაეთმო. ოჯახის 53 წლის უფროსმა ჯარისკაცების მოთხოვნას უარით უპასუხა, უკმაყოფილო ჯარისკაცები კი დაჰპირდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ და მას და ოჯახს დასჯიდნენ.
27 ოქტომბერს რუსი სამხედროები დაბრუნდნენ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ოჯახის ყველა წევრი მოკლეს, რომლებსაც იმ მომენტში ეძინათ. მოკლულებს შორი არის სამი ქალი, ორი მცირეწლოვანი (2014 და 2018 წლებში დაბადებული ბავშვები),“ - აცხადებს დონეცკის ოლქის პროკურატურა.

მედიამ დამატებითი დეტალებიც გაარკვია. აღმოჩნდა, რომ 27 ოქტომბერს ოჯახის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღე იყო. სახლში ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჩათვლით, ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მკვლელებმა 9-ვე დახოცეს, გარდაცვლილების უმეტესობა საწოლშია მოკლული.
"ყველა მათგანს თავში ესროლეს, საწოლში იყვნენ და ეძინათ“ - ჰყვებიან მეზობლები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო პოლიციამ დამნაშავეები დააკავა. მათი ვერსიით, კონფლიქტი მაღაზიასთან დაიწყო. ჯარისკაცები ნასვამები იყვნენ და თავს ვერ აკონტროლებდნენ. თუმცა მაღაზიასთან სიტუაცია განიმუხტა და მხარეები დაიშალნენ. დამნაშავეები და მსხვერპლი გვერდიგვერდ სახლში ცხოვრობდნენ. ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ, სმა გააგრძელეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ შური ეძიათ.

რუსეთის სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, მთვრალი ჯარისკაცები ღამით სახლში შევარდნენ და მძინარე ადამიანები დახოცეს. დამნაშავეების თქმით, მათ არ იცოდნენ თუ სახლში ბავშვები იმყოფებოდნენ და უბრალოდ, კაცების დასახოცად წავიდნენ.
როდესაც ამბავი გავრცელდა, ზოგიერთმა რუსმა ჯარისკაცმა დამოუკიდებლად დაიწყო დამნაშავეების ძებნა, რომ სასტიკად დაესაჯათ. თუმცა სამხედრო პოლიციამ უფრო მალე იპოვა - გაირკვა, რომ დამნაშავეები საკმაოდ იშვიათი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ და მათი მოძებნა რთული არ იყო.

მათ ბრალდება აღიარეს. ცნობილია, რომ ისინი რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან არიან. რუსი ჯარისკაცების ნაწილი მათ დახვრეტას ითხოვს, უკრაინელები - მათ გადაცემას.