ავტორი:

ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT კვლევა "ნიუ ჰოსპიტალსში" - ვისთვის არის სკრინინგი აუცილებელი?

ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT კვლევა "ნიუ ჰოსპიტალსში" - ვისთვის არის სკრინინგი აუცილებელი?

ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. მწეველი ადამიანები ამ დაავადების განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, ფილტვის კიბო შესაძლოა აღმოაჩნდეთ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც არასდროს მოუხმარია თამბაქო. ფილტვის კიბოს რისკი იზრდება თამბაქოს მოხმარების ხანგრძლივობისა და სიხშირის ზრდასთან ერთად - რაც უფრო დიდ ხანს და მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია შესაძლებლობა, რომ მას ფილტვის კიბო განუვითარდეს.

დაავადებით გამოწვეულ მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მას ადრეულ სტადიაზე კონკრეტული ნიშნები ან სიმპტომები არ გააჩნია. სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც ფილტვის სიმსივნე უკვე შორს წასულია და შესაბამისად, მისი ეფექტურად მკურნალობის შესაძლებლობა შემცირებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას.

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამიტომ, მთელი თვის განმავლობაში დაავადების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით „ნიუ ჰოსპიტალსში“ დაბალდოზიანი CT სკრინინგი განსაკუთრებული ფასდაკლებით, 270 ლარის ნაცვლად 90 ლარად ჩატარდება.

დაავადების სპეციფიკასა და იმაზე, თუ ვის სჭირდება ფილტვის სიმსივნის სკრინინგი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოქირურგი, თორაკალური ქირურგი ანზორ ლაგვილავა გვესაუბრება.

როგორია საქართველოში ფილტვის კიბოს გავრცელების სტატისტიკა?

საქართველოში ყოველწლიურად ფილტვის ავთვისებიანი კიბოს დაახლოებით 800 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დაფიქსირებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1-2% არის პირველი სტადია, 10%-მდე - მეორე სტადია, 20%-მდე - მესამე სტადია და 60-ზე მეტი - მეოთხე სტადია. ზოგადად, პირველი და მეორე სტადიის სიმსივნეების მკურნალობა უფრო ეფექტურია, ვიდრე შორსწასული შემთხვევების. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის კიბოს?

ფილტვის კიბოს სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. სწორედ ამიტომ არის უფრო საშიში, ვიდრე სხვა სიმსივნეები, რომელთა გამოვლენაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება.

ფილტვის კიბოს სიმპტომებია: ხველა, სისხლიანი ნახველი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდი არეში, ხმის ჩახლეჩა, წონის უეცარი კლება, ძვლების ტკივილი, თავის ტკივილი.

ვინ არიან ფილტვის კიბოს რისკჯგუფში?

ფილტვის კიბო ძირითად გვხვდება ადამიანებში, ვისაც თამბაქოს მოხმარების 15-წლიანი ან მეტი ისტორია აქვთ. შემთხვევების თითქმის 90% გამოწვეულია თამბაქოს მოხმარების შედეგად.

თამბაქოს მოხმარებით ზიანდება ფილტვის უჯრედები. კერძოდ, კარცინოგენური ნივთიერებებით სავსე თამბაქოს კვამლი, შესუნთქვისას აზიანებს და ცვლის ფილტვის ქსოვილს. პირველ ეტაპზე, ადამიანის ორგანიზმი უმკლავდება ამ ზიანს, თუმცა განმეორებით ზემოქმედების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება ფილტვის მრავალი ჯანმრთელი უჯრედი, რაც დროთა განმავლობაში იწვევს უჯრედების გადაგვარებას და კიბოს განვითარებას.

ეს დადასტურებულია სტატისტიკურადაც. მწეველობის მაჩვენებლის ქალებში გაზრდის შემდეგ, სწრაფად იმატა ქალებში ფილტვის კიბოს შემთხვევებმაც.

გარდა მწეველობისა, ფილტვის კიბოს გაჩენის მაღალი რისკი აქვთ ადამიანებს, რომლებიც დროის დიდ მონაკვეთს მავნე გარემოში ატარებენ. ესენი შეიძლება იყვნენ მაღაროში მომუშავე ადამიანები. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ვისთვის არის საჭირო ფილტვის კიბოს სკრინინგი?

სკრინინგის მიზანია, ფილტვებში აღმოვაჩინოთ მცირე ზომის წანაზარდები, რომლებსაც ჯერ არავითარი სიმპტომატიკა არ აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადება პირველ და მეორე სტადიაზე უსიმპტომოა.

სწორედ ამიტომ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი, უნდა ჩაიტარონ ფილტვის დაბალდოზიანი CT სკანირება. ამ ტიპის სკრინინგი სჭირდებათ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არიან 50+ წლის და აქვთ თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რამდენს ეწევა ადამიანი. თუ ის დღეში 2 კოლოფზე მეტს ეწევა, სკრინინგი აუცილებელია. ეს ფაქტი რამდენჯერმე ზრდის ფილტვის სიმსივნის გაჩენის რისკს.

სკრინინგი უნდა ჩაიტარონ მათაც, ვინ 15 წელზე მეტი ინტენსიურად ეწეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში თამბაქოს მომხმარებელი აღარაა.

რას გულისხმობს ფილტვის დაბალდოზიანი CT სკრინინგი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ რამდენიმე წელია, დანერგილია ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგი. დაბალდოზიანი კვლევა საშუალებას გვაძლევს, რომ მინიმალური დასხივებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. აღნიშნულ კვლევაზე კარგად ჩანს, არსებობს თუ არა წანაზარდი ორგანოზე. რადგან ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის თვეა, მსურველებს სპეციალურ ფასდაკლებასაც ვთავაზობთ. სპეციალური პირობა ნოემბრის მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი და სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ასევე, შესაძლებელია სკრინინგზე რეგისტრაცია - მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ პატარა კითხვარი და დაადგინონ აქვთ თუ არა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი. ასევე, შეუძლიათ დატოვონ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩასაწერად კლინიკიდან დავუკავშირდებით.

დაბალდოზიანი კვლევის შემდეგ თუ რამე ეჭვი გვიჩნდება, კვლევებს ვაღრმავებთ და ზუსტ დიაგნოზს ვადგენთ.

როგორ ხდება ფილტვის კიბოს მკურნალობა?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობა ხდება როგორც ქირურგიული, ისე არაქირურგიული გზით.

ქირურგიული მკურნალობის დროს, მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა, რათა თითოეული მიმართულებით პროცესში ჩართული იყოს სფეროს ექსპერტი. გუნდი შეიძლება მოიცავდეს ონკოლოგებს, პათოლოგებს, პულმონოლოგებს, რადიოლოგებს, გულმკერდის ქირურგებს და სხვა სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენთან ქირურგიული ჩარევა ტარდება როგორც ტრადიციულად, ღია წესით, ასევე თანამედროვე თორაკოსკოპიული მინი ინვაზიური გზით, რომლის დროსაც ენდოსკოპიურ აპარატურას ვიყენებთ. ამ მიმართულებაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდი და აღჭურვილობა ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყანაში.

R