"გადაწყვეტილებებს არა ვიზუალის მიხედვით ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი ეს იქნება, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. ის მსჯავრდებული პატიმარია, მათ შორის, კლინიკა "ვივამედშიც“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"რატომ არ გადაგვყავს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა, ჩვენი პასუხი ერთია - მაშინ, როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს, შესაბამისად, გამონაკლისი არც ისაა. როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. გადაწყვეტილებებს არა ვიზუალის მიხედვით ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად/ როგორც კი იქნება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, ის მსჯავრდებული პატიმარია, მათ შორის, კლინიკა "ვივამედშიც",- განაცხადა ბრეგაძემ.
"თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რამე კომენტარი გავაკეთო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შესაძლოა, სხვადასხვა სახის მანიპულაცია მოჰყვეს, თითქოს, მე პერსონალურ ინფორმაციაზე ვსაუბრობ. ამიტომ, თუ გამოაქვეყნებს ეს კონსილიუმი მსჯავრდებულთან შეთანხმებით, ბუნებრივია, საზოგადოებას შეუძლია აქედან ინფორმაცია მიიღოს. მე გითხარით ერთი და ამ პოზიციაზე ვარ, რომ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მას შემდეგ დავაბრუნებთ, რაც ექიმების რეკომენდაცია გვექნება",- განაცხადა ბრეგაძემ.
"პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა და არასდროს“. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ამასთან დაკავშირებით, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მას პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს, არ შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე იყოს, შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, სადაც ამბობენ რომ მათ პოლიტიკური ლიდერი ჰყავთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტს ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითია. აქ ჩართულია მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვა ყველა, ვისაც რეალურად ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უბრალოდ ამ ადამიანების მარიონეტები არიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.