ავტორი:

თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს

თეონა აქუბარდია მის მიმართ ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართავს

დისკრედიტაცია ხდება გენდერული ნიშნით და შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც - სასამართლოში მოუწევს აუცილებლად ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე იურისტების ჯგუფი მუშაობს და მიმართავენ ასევე სახალხო დამცველსაც.

"მე არ ვაპირებ გაჩერებას იმ წერტილზე, რომელზეც მოინდომა გაჩერება "ქართულმა ოცნებამ", რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ამოეწურა ეს ინციდენტი, რადგან აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება, რაც არის დისკრიმინაციული, მათ შორის, შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა იურისტების შესაბამისი ჯგუფის მხრიდან, ერთი მხრივ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რათა დაადგინოს მან ეს ფაქტები, ასევე სასამართლოში აუცილებლად მოუწევს ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება, მე არ ვაპირებ გავჩერდე იქ, სადაც "ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასვას წერტილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოაშორონ ეს კაცი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, რადგან ის საბოლოოდ, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს "დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.