ავტორი:

როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?

როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტი და მოხერხდება თუ არა მედიაგარემოს რეალურად გაუმჯობესება?

2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მისცა 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია, რომლის მე-7 პუნქტი თავისუფალ მედიას, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას შეეხება. უფრო კონკრეტულად, ეს პუნქტი შემდეგს გულისხმობს:

  • "უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე“.

ამ დავალების მიღებიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და ფინიშს უახლოვდება ის ვადა, რაც საქართველოს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად მისცეს. რა ხდებოდა მე-7 პუნქტთან დაკავშირებით ამ დროის განმავლობაში.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლად "ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფი არ შეუქმნია.

"პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“, - განაცხადა ჯერ კიდევ 2022 წლის 1-ლ ივლისს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გადაწყდა ასევე, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას შეაფასებდა "ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი - სტატუსმეტრი. შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის, არსებული მდგომარეობისა და სამომავლოდ განსაზღვრული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშები დროდადრო ქვეყნდებოდა.

  • 2023 წლის 21 ივნისი: მე-7 პუნქტი სრულად შეუსრულებელი

ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შესახებ ინფორმაცია ა.წ. 21 ივნისს გავრცელდა. ამის შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ იმ დროისთვის EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველოს სრულად 3 ჰქონდა შესრულებული - გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება.

ევროკომისარის თქმით, საქართველოს ნაწილობრივი პროგრესი ჰქონდა 7 სფეროში, ესენია:

● პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება

● სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების გარანტია და საარჩევნო ჩარჩოს დამატებით გაუმჯობესება

● გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება, დანერგვა

● ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება

● ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება

● მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება

● გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

როგორც ვხედავთ, არც შესრულებულ და არც ნაწილობრივ შესრულებულ პუნქტებში მედიასთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ მოხვდა.

ოლივერ ვარჰეი

"მედიაპლურალიზმისა და მედიის მფლობელთა მიმართ დაწყებული გამოძიებების მხრივ, საქართველოს არ ჰქონია პროგრესი, იმისთვის რათა შესრულებულიყო ეს პრიორიტეტი, საქართველომ მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შეიტანოს ცვლილებები, რაც ევროპული საბჭოს რეკომენდაციებთან იქნება თანხვედრაში. ასევე უნდა გაიზარდოს ჟურნალისტების პროფესიული დაცვის სტანდარტები, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტებისა და მედიისა და მედიამფლობელების თავისუფლებები,”- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ იმჟამად.

  • გვარამიას საქმე

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი მედიამენეჯერების სამართლებრივი დევნის და მათ შორის - "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხის მოხსნა იყო. თავიდანვე ყველა მიანიშნებდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი შეწყალებით, საკითხის სწრაფად გადაწყვეტა შეეძლო, რაც მოხდა კიდეც.

2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მედია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი პირველივე დღიდან საუბრობდნენ, რომ გვარამიას საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

  • ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე

კრიტიკული მედიის პრობლემები, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. ბოლო წლებში დემონსტრაციებისას ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი აპარატურის დაზიანებისა და საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთა დიდი ნაწილიც სათანადოდ გამოძიებული არ არის. პრობლემად რჩება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხიც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აძლევენ თავს უფლებას ვერბალურად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფაც კი მიაყენონ მათთვის არასასურველი მედიის წარმომადგენლებს.

მაგალითად, 3 აგვისტოს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის დროს, როდესაც კურორტი შოვი მეწყერმა, ფაქტობრივად, გაანადგურა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილიდან ვითარებას აშუქებდა ვებგამოცემა "მთის ამბები”. იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოეწონათ პორტალის საქმიანობა და დასმული კითხვები, მის რედაქტორს გელა მთივლიშვილს ლამის ბრძოლა გამოუცხადეს.

ის არაერთხელ გააკრიტიკეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმაც. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მრავალგზის ისაუბრა ამ თემაზე, ფაქტობრივად, აგრესიულად მოიხსენია რედაქტორი გელა მთივლიშვილი და მას “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა. გელა მთივლიშვილმა იმჟამად განაცხადა, რომ არ აპირებდა პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა მისი თქმით, "შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.

მმართველი პარტიის სამიზნეში აღმოჩნდა დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგი "პალიტრა მედიაც“, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალეს, რომ თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდებოდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, ამით დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი გახლდათ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე“.

2023 წელს ჟურნალისტები და მედიაექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება თავისი აგრესიული რიტორიკით პირდაპირ ახალისებს რიგით მოქალაქეებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმებისთვის.

  • მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის რამდენიმე მაგალითი:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოქმედებიდან დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16 პირი ამხილა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, დაზარალებულები და ამ საქმეებზე და დამკვირვებელი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ გამოძიების შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

2023 წლის 27 ივნისს თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს.

12 სექტემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. არადა, დაზარალებულის განცხადებით, მასზე თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო და მასში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. "ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილი გარემოებებით, ფაქტობრივად, დასტურდება, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა წარმოადგენდა ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც სავარაუდოდ, ჩართულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები”, - ვკითხულობთ სტატისმეტრის ბოლო ანგარიშში.

2023 წლის 1-ლ სექტემბერს, ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, ,,დელისის“ მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც მათ მოქალაქეებმა აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარში 2 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა.

გამოწვევაა ასევე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიებისთვის რეკლამაც, რადგან ბიზნესი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ერიდება ინვესტიციის ჩადებას მედიაში, სადაც ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმეტრმა ბოლო კვლევა გამოაქვეყნა ა.წ. სექტემბერში და ეს მოიცავს 2023 წლის 16 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს. ამ ანგარიშის მიხედვით, მე-7 პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად არის შეფასებული.

ანგარიშის თანახმად, საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გარდა, მედიის ახალი გამოწვევა ბოლო პერიოდში პარლამენტში განხორციელებული ცვლილებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თებერვალში გამოსცა ბრძანება პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, რომლის ნაწილიც სტატუსმეტრის შეფასებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არღვევს პარლამენტში მედიის თავისუფლად საქმიანობის უფლებას. ამ ბრძანების თანახმად, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ, ანუ თუ რომელიმე დეპუტატს ჟურნალისტის კითხვა არასასურველად მოეჩვენება და არ მოეწონება, მას შესაძლოა, პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერონ.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 6 აპრილს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე პარლამენტში საქმიანობის აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს. პარლამენტმა აღნიშნული წესის საფუძველზე 2023 წლის 11 მაისს აკრედიტაცია ასევე შეუჩერა "ფორმულას“ ჟურნალისტს და ოპერატორს. ჯამში პარლამენტის მიერ ხსენებული წესის გამოყენებით 7 ჟურნალისტს/ოპერატორს შეუჩერდა აკრედიტაცია.

"საქართველოს პარლამენტში მედიას ხელი ეშლება თავისუფლად საქმიანობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ახალი არაკონსტიტუციური ბრძანების შედეგად“, - ვკითხულობთ სტატუსმეტრის ანგარიშში.

მიუხედავად მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ოპოზიციის წინააღმდეგობისა ა.წ. 19 ოქტომბერს, პარლამენტმა “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“, თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ მედიაში".

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ განმარტებები, რომელიც კანონშია მოცემული, "ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“ იძლევა.

"როდესაც ეს თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. საფრთხის განცდა, რომელიც დღეს გაუჩნდა მედიის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, არა მარტო მედიის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, აბსოლუტურად საფუძვლიანია. ამიტომაც არის პროტესტის განცდა“, - განაცხადა მან.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილება მედიასაშუალებებზე ცენზურის დაწესების წინაპირობაა, არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე, საბოლოოდ კი ის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. "მიზანი არის მარტივი - როდესაც ხელისუფლებებს უჭირთ ხოლმე, ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას იწყებენ და ცდილობენ, რომ კანონმდებლობის საშუალებით რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზე.

ეს ყველაფერი მედიასაშუალებებზე ცენზურის დამყარებას ემსახურება, ეს არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე. ასევე, ხელისუფლება ცდილობს ისე გააუარესოს ვითარება, რომ ჩვენ სტატუსი არ მოგვცენ, სხვა ახსნა და მოტივი ამას არ აქვს. ცენზურის დამყარება კი "ოცნებას“ იმისთვის უნდა, რომ საბოლოოდ, ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

სტატუსმეტრის შეფასებითაც, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები შეიცავს მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის სერიოზულ რისკს, როგორც სიძულვილის ენის დეფინიციის, ისე რეგულირების მექანიზმის პრობლემურობის გამო.

ანგარიშშის თანახმად პრობლემად არის მიიჩნეული საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2023 წლის 3 ივლისს შეტანილი ცვლილებებიც, რომლითაც გააუქმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. საბჭოს უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში გადავიდა. ამ უკანასკნელის შემადგენლობა 9-დან 11-მდე გაიზარდა, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭო ერთის ნაცვლად სამ წევრს წარადგენს.

"მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას არ ჰქონდა რაიმე ლეგიტიმური მიზანი. მისი გაუქმება და ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის შეერთება აძლიერებს მმართველი პარტიის გავლენებს მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოში“, - ვკითხულობთ სტატუსმეტრის ანგარიშში.

  • ამის გარდა, არასამთავრობო სექტორი აუცილებლად მიიჩნევს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გასამართლებას, თუმცა ხელისუფლება კვლავაც ამტკიცებს, რომ მოვლენებს, რომლის დროსაც მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავადა, ორგანიზატორები არ ჰყავდა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ორგანიზაციის შეფასებით, 5 ივლისის საქმეზე ორგანიზატორების პასუხისმგებლობა დასტურდება.

ერთ - ერთი ორგანიზაცია, რომელიც სტატუსმეტრის ფარგლებში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას აკვირდება, GRASS-ია, მისი დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მე-7 პუნქტის შესრულებაზეა საუბრისას საკითხი ასე უნდა დაისვას: უფრო მეტად დაცულია თუ არა მედია დღეს?

დასკვნისთვის:

შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ნაბიჯი, რაც ამ პუნქტის შესრულებისთვის გადაიდგა, ეს გახლავთ "მთავარი არხის" ყოფილი გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას შეწყალება და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება. ორაზროვანია ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.

მმართველი ძალა" აცხადებს, რომ ამით ევროკავშირის დირექტივა შეასრულა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან მედია, ექსპერტები და ოპოზიცია. თუმცა "მაუწყებლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საუბრისას ნაწილობრივ ხელისუფლების პოზიცია გაიზიარა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით. უკვე რამდენიმე წელია, რაც აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივა სწორედ ამას ემსახურება. ახლახან მიღებული კანონპროექტი აკმაყოფილებს აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის პირობებს”, - განაცხადა მან და აღნიშნა ისიც, რომ დირექტივაში შესატანია ცვლილებები იმ სენსიტიური საკითხების შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციის შორის ხაზის გავლებას ეხება.

პაველ ჰერჩინსკი:

  • "რეალურად, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, თუ სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს. ამავდროულად, ფოკუსირებულია სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ არ არის რეგულირებული ამ დირექტივით, რაც, როგორც წესი, რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი. რა თქმა უნდა, შესრულება მთავარია და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს“.

სპეცპროექტზე მუშაობდნენ: თიკო გურაშვილი, ნათია დოლიძე, თეა ინასარიძე, სანდრო შუღლაძე