ავტორი:

3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?

3 500 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში მორიგი"მკვდართა წიგნი" - ე.წ. საიქიოს გზამკვლევი იპოვეს - რატომ მიიჩნევა ეს აღმოჩენა უნიკალურად?

არქეოლოგებმა, ეგვიპტის 3 500 წლის წინანდელ სამარხში, "მკვდართა წიგნი" აღმოაჩინეს. ახალი სამეფოს პერიოდის (ძვ.წ. 1550-1070) საფლავებში მუმიებიც ნახეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგების თქმით, მუმიები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემონახული.

პრეზენტაციაზე უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, ე.წ. მკვდართა წიგნი -14 მეტრამდე სიგრძის გრაგნილი წარადგინეს. ასეთი გრაგნილების მუმიებთან ერთად დამარხვა, უძველეს ეგვიპტეში დაკრძალვის თანმდევი ტრადიცია იყო. მათში სხვადასხვა შელოცვები წერია, რომლებიც გარდაცვლილ ადამიანებს მომდევნო ცხოვრებაში გზამკვლევად უნდა გამოსდგომოდათ.

მუმიებს შორის აღმოაჩინეს ქურუმის ქალიშვილი, სახელად ტა-დე-ისა.

სამარხებშივე იპოვეს ალებასტრისგან დამზადებული იშვიათი ქილები, რომლებსაც მუმიფიკაციის დროს ორგანოების შესანახად იყენებდნენ. ნივთებს შორის იყო ათასობით ამულეტიც.

აქვე იპოვეს მუმიების მომცრო ზომის ფიგურებიც

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგის, ფოი სკალფის თქმით, უკვე არაერთი "მკვდართა წიგნია" აღმოჩენილი, თუმცა გრაგნილის იმ სამარხშივე პოვნა, სადაც ის თავდაპირველად დამარხეს, "იშვიათობას წარმოადგენს".

ლარა ვაისი, "მკვდართა წიგნების" სპეციალისტი კი ამბობს, რომ "თუ წიგნი ამდენი ხნისაა და ასე კარგადაა შემონახული, ეს აღმოჩენას უკვე არაჩვეულებრივსა და საინტერესოს ხდის".

ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ამიტომ "მკვდართა წიგნში" ასახული ინსტრუქციები მათი გზამკვლევი უნდა ყოფილიყო. ისინი ძვირად ფასობდა, რადგან გრაგნილები პერსონალიზებული იყო და მათში საკუთარი სახელი უნდა ჩაგეწერა. ზოგი წინასწარ გამზადებულ ვერსიას იყენებდა და გამოტოვებულ ადგილას მიცვალებულის სახელს წერდა, თუმცა დიდგვაროვნებს შეეძლოთ აერჩიათ, კონკრეტულად რომელი შელოცვების შეტანა სურდათ თავიანთ წიგნში, რაც ამ გრაგნილებს უნიკალურს ხდის.

წყარო:businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა