ავტორი:

რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა

რა ხდება ფსკერზე: წიგნი, რომელიც ქალების შესახებ დაიწერა

ქართველი თანამედროვე ახალბედა მწერლების სიას კიდევ ერთი, საინტერესო ავტორი შეემატა. ანი ბალიაშვილი გამომცელობა „პალიტრა L“-მა ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ფარგლებში აღმოაჩინა. ანი ბალიაშვილის სადებიუტო რომანი „ფსკერზე“ უკვე „ბიბლუსის“ ქსელშია. როგორც თავად ავტორი ამბობს, თავისი პირველი წიგნი ქალების შესახებ დაწერილი წიგნია და ამ რომანით, ჩვენს ქვეყანაში ქალად ყოფნის სევდის მკითხველამდე მიტანა სურდა.

„ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია - მძიმე, ამაღელვებელი და დამაფიქრებელი. ისტორიას, რომელსაც დღიურის სახით გაეცნობით, უდიდესი ტკივილისა და შიშის მქონე ახალგაზრდა ქალი გვიამბობს, რომელიც დღევანდელობაში უამრავი სხვა ქალის სახეს წარმოადგენს და ნათლად გვანახებს იმას, თუ რას გრძნობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორია მათი ფსიქოლოგია, რამდენად დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება და რატომ უჭირთ ყველაზე მეტად პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ნაწარმოებს თან გასდევს სამყაროს შექმნის ბიბლიური ხაზი, რომელიც მთავარი პერსონაჟის პატარა, სრულიად ახალი სამყაროს შექმნაზე მიუთითებს. მკითხველი კი ანას თეთრად გათენებული, მტანჯველი და სისხლიანი ღამეების მეგზური ხდება.

ანი ბალიაშვილი:

- რატომ სევდა? იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სულ პაწაწინა გოგონებსაც კი გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა... რეალობაში, სადაც საზოგადოება ყრუ და უსინათლოა მაშინ, როდესაც მეზობლის სახლიდან განწირული ყვირილი ისმის... როდესაც სამი შვილის დედას ხალხით სავსე ავტობუსში კლავენ... ეს წიგნი არის ერთგვარი პროტესტი, რომელიც მუდმივად არსებობდა ჩემში და მიხარია, რომ მომეცა საშუალება ხმამაღლა მესაუბრა ასეთ მნიშვნელოვან თემაზე.

როგორია პირველი წიგნის მოლოდინები? თუ გქონდათ გამოხმაურება და როგორი?

სიმართლე რომ გითხრათ, უდიდესი მოლოდინები მაქვს, რადგან მჯერა, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება წიგნი თავისი შინაარსიდან და თემის აქტუალურობიდან გამომდინარე. პირველი გამოხმაურებები უკვე იყო და ვაღიარებ, რომ ცრემლების გარეშე ვერც ერთი წავიკითხე. სრულიდან უცხო ადამიანები მწერენ, რომ თითქოს ეს წიგნი მათზეა დაწერილი და ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რაც შეიძლება, რომ ამ ეტაპზე გამოვცადო.

რა გახდა ინსპირაცია ამ ჟანრის და თემის ასარჩევად?

ამ თემისა და ჟანრის ინსპირაცია, როგორც უკვე გითხარით, ის რეალობა გახდა, რომელშიც ვცხოვრობთ. ქვეყანა, სადაც არ არსებობს სუფრა ქართველი ქალების სადღეგრძელოს გარეშე, სავსეა ამავე ქალების სისხლიანი ისტორიებით. პარადოქსია, თუმცა ეს ასეა და ძალიან მინდოდა, რომ ეს წიგნი ყოფილიყო სწორედ ის ნუგეში, რომლსაც შეუძლია ადამიანი ხიდის მოაჯირიდან ჩამოიყვანოს, ყულფიდან თავი გამოაყოფინოს... სიტყვა, რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს და ნაპირზე გამოგიყვანოს. არ ვიცი, ეს რამდენად გამომივიდა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ასეა...

როგორი შეგრძნებაა, როცა წიგნის მაღაზიის თაროზე თქვენს წიგნს ხედავთ?

წიგნის მაღაზიაში საკუთარი ავტორობით წიგნის ხილვის სიამოვნებას ჯერ ვერ შევეჩვიე და გული ისევ ისე მიჩქარდება, როგორც პირველად... არ ვიცი, რა დავარქვა ამ შეგრძნებას. გზად თუ მიწევს ხოლმე მაღაზიებთან გავლა, ცდუნებას ვერ ვუძლებ და ყოველ ჯერზე შევდივარ. ეს ემოცია იმდენად გულწრფელია, ვერაფერს ვუხერხებ.

აპირებთ ლიტერატურულ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას?

რაც შეეხება ლიტერატურული კუთხით საქმიანობის გაგრძელებას, ამ ეტაპზე ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია და იმედი მაქვს, რომ შევძლებ მკითხველისთვის თავის შეყვარებას.

როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც - ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს - და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?...

R