ავტორი:

"ევროპაში ცხოვრება ვერ შევძელი, დავბრუნდი საქართველოში... 3 წლის ვიყავი, მამასთან სამსახურში ფურცლებზე რომ დავხატე" - ცნობილი ჟურნალისტის ქალიშვილის საოცარი შემოქმედება და მოგზაურობა, როგორც მუზა

"ევროპაში ცხოვრება ვერ შევძელი, დავბრუნდი საქართველოში... 3 წლის ვიყავი, მამასთან სამსახურში ფურცლებზე რომ დავხატე" - ცნობილი ჟურნალისტის ქალიშვილის საოცარი შემოქმედება და მოგზაურობა, როგორც მუზა

"რაც თავი მახსოვს ყოველთის ვხატავდი, არ მახსოვს როგორ დავიწყე ხატვა. მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მიყვებიან სადღაც 2 წლის ასაკში უკვე ვხატავდი და ვხატავდი გაუჩერებლად. მამა ამბობს რომ პირველად ჩემი მონაცემები შენიშნა ბატონმა თენგიზ მირზაშვილმა - ჩუბჩიკამ" - გვიამბობს მარიამ ყანდიაშვილი, რომლის შემოქმედებაც საქართველოსა და საზღვარგარეთ უამრავი ადამიანის აღტაცებას იწვევს...

- მარიამ, ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, დაბადებიდანვე განებივრებული საინტერესო გარემოში ყოფნით, ინტელექტით...…როგორ გახსენდებათ ატმოსფერო, სადაც გაიზარდეთ?

- ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, ჩემი ოჯახის დამსახურებით ჯადოსნური და ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. გავჩნდი წიგნიერ ოჯახში, ოჯახში რომელის ყველა წევრი ძალიან შრომისმოყვარე და ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. ორივე მშობელმა - კოკა და ნონა ყანდიაშვილებმა ადრეულ ასაკში მიაღწია წარმატებას და მთელი ბავშვობა მათ შრომას ვუყურებდი, მათი დამსახურებით გამომიმუშავდა მუშაობის მიმართ სიყვარული და ძალიან ვაფასებ ყველაფერს რაც ჩემთვის გააკეთეს. ოჯახის წევრების გარდა ჩემ განვითარებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჩემს გამზრდელს - ლიანა გუჯაბიძეს. სწორედ მან და ბაბუაჩემა შემაყვარეს მხატვრობა, მითოლოგია, პოეზია და ლიტერატურა და დაბადებიდან შემიყვანეს ამ საოცარ ხელოვნების სამყაროში. Ჩემი ყოველდღიურობა მაგიური იყო, არ არსებობდა დღე ისე გასულიყო რომ არ წაეკითხათ ჩემთვის რამე მითი ან ზღაპარი, რომ არ დაგვეთვალიერებინა ენციკლოპედიები და მხატვრების ალბომები, მიკითხავდნენ ლექსებს და მასმენინებდნენ მუსიკალურ კომპოზიციებს, ვუყურებდით ფილმებს და შემეცნებით გადაცემებს, ყველა აქტივობა ინფორმატიული იყო. ამ ადამიანებმა მასწავლეს ყველაფერზე დაკვირვება და სიღრმისეული გააზრება და სწორედ მათი დამსახურებით დავიწყე ხატვაც.

- რა ასაკში დაიწყეთ ხატვა, ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვარი?…

- რაც თავი მახსოვს ყოველთის ვხატავდი არ მახსოვს როგორ დავიწყე ხატვა. მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მიყვებიან სადღაც 2 წლის ასაკში უკვე ვხატავდი და ვხატავდი გაუჩერებლად. მამა ამბობს რომ პირველად ჩემი მონაცემები შენიშნა ბატონმა თენგიზ მირზაშვილმა - ჩუბჩიკამ, 3 წლის როცა ვიყავი მამამ სამსახურში წამიყვანა, მე როგორც ჩანს დავხატე მის სამუშაო ფურცლებზე, ეს ნახატები ბატონმა თენგიზმა ნახა და მამაჩემს უთხრა, რომ მისი აზრით მე კარგად ვხატავ და ვგრძნობ ფერს. ასევე ურჩია, რომ გარკვეულ ასაკამდე არ შევეყვანე ხატვაზე და თავისუფლად ჩემთვის მემუშავა. საბედნიეროდ მამამ ეს რჩევა გაითვალისწინა.

- პირველი საფეხურები, წარმატებები რა იყო...

- ძალიან მკვეთრად მახსოვს, როგორ მივხვდი რომ ხელოვანი ვარ. 12 წლის ვიყავი სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, მშობლებთან ამის გამო კონფლიქტები მქონდა, ბევრი მეგობარიც არ მყავდა, თავს ყველგან უცხოდ ვგრძნობდი. მე არ მესმოდა თანატოლების და მათ არ ესმოდათ ჩემი. იმ საღამოს ჩემს ოთახში ვიჯექი და ვხატავდი; ტელევიზორში გადიოდა დოკუმენტური ფილმი ფრანცისკო გოიაზე ამ ფილმს ვუყურებდი და პირველად ცხოვრებაში მქონდა განცდა, რომ ვიღაცის მსგავსი ვარ და რომ არაფერი ცუდი არ მჭირს უბრალოდ ხელოვანი ვარ და ხელოვანები განსხვავდებიან ყველა დანარჩენისგან. მალევე დედამ შემიყვანა თამაზ და გია ხუციშვილების სახელოსნოში და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, დღემდე ვფიქრობ რომ ეს დღე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ ავღწერო ის 9 წელი რომელიც ხუციშვილების სახელოსნოში გავატარე, ეს საოცარი გამოცდილება იყო; მქონდა იმის ბედნიერება რომ ამ ორი უზარმაზარი ხელოვანის სამუშაო პროცესის მომსწრე გავმხდარიყავი და მათგან მესწავლა, გია ხუციშვილს მეორე მამად მივიჩნევ. ამ ადამიანმა მასწავლა ყველაფერი, არა მარტო გრაფიკა და ფერწერა, ასევე სამუშაო ეთიკა, მხატვრული კოდექსი, საქმის სიყვარული და პატივისცემა. მან განავითარა ჩემი გემოვნება და ხელოვნების სხვადასხვა სფეროების მიმართ სიყვარული. მის გარეშე არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ.

- უცხოეთის სასწავლებლები პედაგოგები, კონკურსები, გამოფენები..

- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მაგრამ მალევე გადავწყვიტე უმაღლესი განათლება მიმეღო უცხოეთში. 2012 წელს ჩავაბარე ჰერიტ რიტველდის აკადემიაში ამსტერდამში. შემდგომ გადავედი ინგლისში და ვისწავლე ილუსტრაცია ბორმუტის სამხატვრო უნივერსიტეტში. უცხოეთში სწავლის გამოცდილებამ შემაჩვია ჩემს შემოქმედებაში ექსპერიმენტების კეთებას და მუდმივად კომფორტის ზონიდან გამოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ხელოვანისთვის. თუმცა ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრება ვერ შევძელი არ იყო ჩემი. 2016 ში დავბრუნდი საქართველოში თუმცა დღემდე ხშირად ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს, ან ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში ევრობის სხვადასხვა ქვეყნებში.

- რომელმა მსოფლიო ან ქართველმა მხატვარმა მოახდინა გავლენა, რომლები მოგწონთ განსაკუთრებით?…

- ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრმა მხატვარმა იქონია ჩემზე გავლენა, სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ხელოვანებისგან ვიღებდი ინსპირაციას, ვამსგავსებდი კომპოზიციურ განლაგებას და ვცდილობდი წერის მანერის გამეორებას. გამოვყოფდი, პოლ სეზანს, ჰაიმ სუტინს, ვილემ დე კუნინგს, საი ტვომბლის, პიტერ პაულ რუბენსს, გუსტავ კურბეს და ქართველებიდან ჩემს უსაყვარლეს მხატვარს ავთო ვარაზს.

- მოგზაურობები, სხვა ქვეყნებიდან მიღებული შთაბეჭდილება თუ აისახა თქვენს შემოქმედებაზე?

- მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შემოქმედებისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის. და საბედნიეროდ მქონდა იმის საშუალება რომ ბევრი მემოგზაურა. ჩემი უსაყვარლესი ქვეყანა რომელშიც ხშირად დავდივარ და სადაც ყოველთვის ვწერ და ვხატავ არის ესპანეთი ასე მგონია რომ შეუძლებელია მისი ამოწურვა, იქ ვგრძნობ თავს სახლში და ეს საოცარი განცდაა. ასევე დიდ შთაგონების მომცემი იყო სამხრეთ ირლანდია და ეგვიპტე.

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?

- მიჭირს ჩემი შემოქმედების ჟანრებში ჩაშლა მაგრამ გვერდიდან რომ შევხედო. ვიტვი, რომ რასაც მე ვაკეთებ, არის ალბათ ექსპრესიონისტული სურეალზიმი გოთიკური ელემენტებით. Მთუმცა მგონია, რომ ეს უფრო ხელოვნებადმცოდნეების საქმეა. Ჩმემი საქმე კიდე ხატვაა და მერე სხვებმა იმსჯელონ.

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში მხატვრისთვის?…

- საქართველოშო ვერ იქნება მხატვრებისთვის ხელსაყრელი გარემო, მანამ, სანამ არ ვიზრუნებთ საზოგადოების განათლებაზე და სწორი ფორმით არ გავაგებინებთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ფასეული ხელოვნება. სანამ ეს არ მოხდება ხალხს არ ექნება ჭეშმარიტი ხელოვნების აღქმის უნარი და მარტივად აყვებიან მდაბიო ტენდენციებს. სამწუხაროს ეს ხდება დღეს საქართველოში. თუმცა დიდი იმედი მაქვს და ვხედავ იმის პოტენციალს ახალ თაობაში რომ სამომავლოს ეს მიდგომები შეიცვლება.

- მოწაფეები გყავთ, სხვებისთვის სწავლება რას ნიშნავს თქვენთვის?

- 2016 წლიდან ვასწავლი, არასდროს მეგონა რომ კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი და შესაბამისად არც მოსწავლეების აყვანაზე მიფიქრია. მაგრამ სრულიად შემთხვევით ჩავატარე ვორკშოპი გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში და ამ ვორკშოპს ბავშვებისგან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკული აკადემიის პედაგოგებმა გვანცა ჟურულმა და ქეთკა თოფაძემ შემომთავაზეს მასწავლებლის პოზიცია შაბათის სკოლაში. დავთანხმდი, მივხვდი რომ ძალიან მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა, შედეგი დავინახე, შევატყვე, რომ სწავლება გამომდის. დღეს მაქვს ჩემი აკადემიური და ექსპერიმენტალური ხელოვნების სახელოსნო, სადაც სხვადახვა ასაკის ხელოვნების მოყვარულებს ვასწავლი და ვამზადებ ახალგაზრდა ხელოვანებს უცხოურ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ეს ჩემი საყვარელი საქმეა, ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები და მეგობრებად მივიჩნევ მათ, და ასევე ძალიან ბევრს ვსხვალობ მათგან.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ბევრი გეგმა მაქვს და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, ეს გაგმები რომ განხორციელდეს. პირველ რიგში მინდა განვავითარო ჩემი სახელოსნო ხელოვნების სფეროში მოღვაწე მეგობრებთან ერთად. და შევქმნა ისეთი ადგილი საქრთველოში სადაც ყველა ასაკის ხელოვნებით დაიტერესებულ ადამიანს ქონდეს საშვალება რომ დაეუფლოს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს პროფესიონალურ დონეზე. ასევე ვმუშაობ კინო მხტვრად ამირან დოლიძის სერიალზე რომელიც თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გავა. Რაც შეეხება ჩემს პირად პროექტებს ამ ეტაპზე ვამზადებ ორ გამოფენას ერთს “ჩიტების მიწას” საქართველოსთვის და მეორეს “ქარიშხლიან უღელტეხილს” ბრიტანეთისტვის.