ავტორი:

უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე" სასამართლომ დამნაშავედ ცნო

უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე"  სასამართლომ დამნაშავედ ცნო

წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის მმართველი, სემ ბანკმენ-ფრიდი, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.

კრიპტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის დაცემა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბანკმენ-ფრიდი სამართალდამცავებმა მისი ფირმის, FTX-ის გაკოტრების შემდეგ, გასულ წელს დააკავეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მას საპატიმროში ათწლეულების გატარება მოუწევს.

  • განაჩენი ძალაში მომავალი წლის 28 მარტიდან შევა.
  • "სემ ბანკმენ-ფრიდმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა. მან მრავალმილიარდდოლარიანი სქემა შექმნა, რათა კრიპტოვალუტის მეფე გამხდარიყო",- განაცხადა ამერიკელმა მოსამართლემ, დემიან უილიამსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.

პროკურორებმა ბანკმენ-ფრიდი დაადანაშაულეს ინვესტორების და კრედიტორების მოტყუებაში და კრიპტოვალუტის ბირჟიდან მილიარდობით დოლარის მოპარვაში, რაც საბოლოოდ, მისი კომპანიის კოლაფსის მიზეზიც გახდა. მას ბრალი თაღლითობის და ფულის გათეთრების შვიდი მუხლით წაუყენეს.

სემმა ყველა ბრალდება უარყო და თავი უდანაშაულოდ ცნო. ის სასამართლოს უმტკიცებდა, რომ შეცდომების დაშვების მიუხედავად, კეთილსინდისიერად მოქმედებდა.

თავად "კრიპტო მეფის" ადვოკატმა კი ასეთი განცხადება გააკეთა: "პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ბატონი ბანკმენ-ფრიდი კვლავ უდანაშაულოდ რჩება და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან ბრძოლას ენერგიულად განვაგრძობთ."

ბანკმენ-ფრიდის სამმა მეგობარმა და კოლეგამ, მათ შორის მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, ქეროლაინ ელისონმა, დანაშაული აღიარეს და საკუთარი სასჯელის შემცირების მიზნით, სემის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

ბანკმენ ფრიდს, განაჩენის გათვალისწინებით, მაქსიმალური 110-წლიანი პატიმრობა ელის, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსამართლე რეალურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, უდავოა ის ფაქტი, რომ "კრიპტოს მეფეს" ათწლეულების განმავლობაში მოუწევს საკანში ცხოვრება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა