Blind Date-ის (ბრმა პაემნის) ისტორია უძველეს დროში იწყება, თუმცა თანამედროვეობისთვისაც ნაცნობი კონცეფციაა. სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ეს არის პაემანი უცნობთან, ადამიანთან, რომლის შესახებაც წინასწარ არაფერი იცი. მისი ისტორია საუკუნეების ითვლის.
მე-20 საუკუნეში დაიბადა Blind Date იმ ფორმით, როგორიც დღეს არის ცნობილი. პირველად „ბრმა პაემნების“ დაგეგმვა აშშ-ში დაიწყეს. ამ დროს პოპულარული იყო ორმაგი პაემნები ან ჯგუფური პაემნები. ადამიანები ისე ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომ წინასწარ არ იცოდნენ, ვინ იქნებოდა მათი მეწყვილე.
1950-იანი წლებიდან Blind Date-ის პროცესის ფორმალიზება მოხდა. ჟურნალები და გაზეთები ბეჭდავდნენ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც „ბრმა პაემნები“ ეწყობოდა. წყვილი წინასწარ ფოტოებს ცვლიდა და ისე იგეგმებოდა შეხვედრა.
მე-20 საუკუნის ბოლოს ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარდატეხა მოხდა Blind Date-ის კონცეფციაშიც. დაინერგა გაცნობის სერვისები, რაც ხშირად ვიდეოზარების საშუალებით ხორციელდებოდა. პოტენციური პარტნიორების დიდი ჩამონათვალიდან ადამიანები ვიდეოს საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ასე არჩევდნენ, თუ ვის შეხვედროდნენ.
21-ე საუკუნეში ეს პროცესი კიდევ უფრო ტექნოლოგიური გახდა, გაჩნდა სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც „ბრმა პაემანს“ კიდევ უფრო საინტერესოს და მომხიბვლელს ხდის ადამიანისთვის.
„ბრმა პაემნები“ იმდენად სახალისო გახდა, რომ ადამიანებმა ამ კონცეფციაზე დაფუძნებული სხვა აქტივობებიც მოიფიქრეს. მაგალითად, Blind Dates-ის სახელით მაღაზიებში შეიძლება იყიდოთ შეფუთული ნივთი და არ იცოდეთ, კონკრეტულად რა დევს შიგნით. წიგნის მაღაზიაში შეხვდებით შეფუთულ წიგნებს ან კოსმეტიკის მაღაზიაში სუნამოს, რომელთაც აღწერა ექნებათ და დაახლოებით შეგეძლებათ მიხვედრა, რას ყიდულობთ, მაგრამ ზუსტად არ გეცოდინებათ. ასე შეფუთული ნივთები საუკეთესო საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ოჯახის წევრისა თუ მეგობრისთვის.

დღეს „ბრმა პაემანი წიგნთან“ ძალიან პოპულარული ტრენდია ლიტერატურულ სამყაროში. კითხვის მოყვარულებისთვის ეს გარკვეული გამოწვევაცაა, რომ წაიკითხონ და აღმოაჩინონ ის წიგნი, რომელიც მათ არ აურჩევიათ. ეს წესი 2000-იან წლებში იღებს სათავეს. ამ დროს წიგნის გამომცემლებმა და მაღაზიებმა გადაწყვიტეს განსაკუთრებული და კრეატიული სიახლე შეეთავაზებინათ მკითხველისთვის. ასე მკითხველი ყდის დიზაინის, ავტორის ან ანოტაციის შერჩევის გარეშე კითხულობს წიგნს. მოულოდნელობის ეფექტი ადამიანს განსაკუთრებულ ემოციებს უქმნის და წიგნის წაკითხვაც უფრო სასიამოვნო პროცესი ხდება.
ეს მიმართულება ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა და წიგნის გამომცემლობებმა მკითხველს შესთავაზეს „ბრმა პაემანი წიგნთან“, რომელიც გარკვეული თემატიკის გარშემო იქნებოდა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ახალი წელი, ჰელოუინი, ვალენტინობა ან სხვა.

„ბრმა პაემანი წიგნთან“ ასევე საუკეთესო გზაა ნაკლებად ცნობილი ავტორებისა და წიგნების პოპულარიზაციისთვის.
ტრადიცია შეგვახსენებს, რომ კარგი ნაწარმოების აღმოჩენის სიხარული ადამიანს არასდროს უნელდება.
ამ შესანიშნავ გამოცდილებას ქართველ მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L” სთავაზობს. უკვე რამდენიმე წელია, ქართული წიგნებიც უნიშნავენ მკითხველს „ბრმა პაემანს“. დროა, აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი გამოცემები და კითხვის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ.
R