ავტორი:

"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

პაროდიის თეატრის მსახიობია. ამ კუთხით მისი დებიუტი სცენაზე ზუსტად 20 წლის წინ, ნოემბერში შედგა. მახსოვს, მისი პირველი ემოციებიც, როცა ფილარმონიის კულისებში კონცერტის შემდეგ ჩავწერე... მერე იყო, კონცერტები, სპექტაკლები, ტაში, პედაგოგობა, ხალხის სიყვარული... სცენაზე ყოფნის 20 წლისთავს კი ახალი ცხოვრებით შეხვდა - ის ემიგრანტია და უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკშია. "ვცდილობ, კარგად ვიყო, შემართებით და ოპტიმისტურად" - გვეუბნება მამუკა ლომაშვილი, რომელსაც ამერიკაში დავუკავშირდი.

- კი, 20 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერა ფილარმონიის სცენაზე... მანამდე იყო საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ჩემი სხვა მიმართულებებიც მქონდა - აგრარულ უნივერსიტეტში დებატკლუბი, პოლიტკლუბი... მერე თსუ-ს „კავეენშჩიკებმა“ მთხოვეს, რამდენიმე პაროდია გააკეთეო. ვიღაცების იმიტაციას ისედაც ვაკეთებდი... მიშა სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და მისი პაროდიაც გავაკეთე... დათო გოგიჩაიშვილი და ბიჭები, ჩვენი „კავეენშიკები“ მისმენდნენ, უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, სერიოზული პაუზა შეიქმნა... მოკლედ, ასე მოვხვდი "ღამის შოუს" კონცერტებზე...

- ახლა ამერიკაში იმ ყველაფრის ნოსტალგია არ გაქვს?

- მარტო ნოსტალგია არ არის, ყველაფერია ერთად... სანამ ადამიანი ემიგრანტი არ გახდება, ვერ მიხვდება, რა განცდებია. ვითომ შენია გარშემო აქ ყველაფერი, მაგრამ შენი არაფერია. ხანდახან ისეთი რაღაცები მოგენატრება, ვერც წარმოიდგენ... საერთოდ, დიდი განსხვავებაა ამერიკისა და ევროპის ემიგრაციას შორის. აქ ყველაფერი გაცილებით რთულად გიწევს, ვიდრე ევროპაში... დილა 5 საათზე იწყება, როცა ჯერ კიდევ ბნელა, რუტინაში ერთვები და დაღამებამდე ამ რუტინაში ხარ სულ - სამსახური, სამსახური, მუშაობა, მუშაობა. ფიზიკურად დრო არაფრისთვის გრჩება... სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი - რაღაცები მიკვირს, რაღაცები მომწონს, რაღაცები სწორად არ მიმაჩნია...

- რა იყო მიზეზი, რატომაც ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე?

- არასდროს არ ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიის დროს საერთოდ არაფრის გარეშე დავრჩი. ფინანსურად კრიზისი შემექმნა, სახელმწიფო სამსახურიც არ მქონდა, რომ ხელფასი ვინმეს გადაეხადა... როდემდე უნდა ვყოფილიყავი ოჯახის წევრების კმაყოფაზე?! ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ზოგადად, მაგ დროს ესტრადის არტისტებს ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ ჰონორარზე, გამოსვლებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა... რაც მთავარია, ნიკო, ჩემი შვილი უყურებდა იმას, მამამისი თვეების განმავლობაში როგორ იყო უმუშევარი. არ მინდოდა, უმუშევარი მამა დაენახა. ისე, მეც არ ვიცი, როგორ და რანაირად გადავწყვიტე, მით უფრო, რომ საერთოდ არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. უბრალოდ ვთქვი, - ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება მთელი ცხოვრება დავუსვა თავს კითხვა, რომ წავსულიყავი, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-თქო. თუმცა არ ყოფილა იოლი, მაგრამ გადავწყვიტე და წამოვედი.

- ქართველები არიან შენ გარშემო?

- ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის, ნაცნობებიც, ვისაც თბილისში ვერ ვნახულობდი, აქ ვნახულობ...

შვილთან ერთად

- ე.ი. არ იცოდი, სად მიდიოდი?

- არა და საერთოდ ცხოვრება ძალიან საინტერესო რამაა. გამოწვევაა და ეს გამოწვევა მივიღე. აქ რომ პრემიერ-მინისტრად და კულტურის მინისტრად არავინ დამნიშნავდა, ვიცოდი და ისიც ვიცოდი, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო. თავიდან თითქოს იყო რაღაცები, მერე გაირკვა, რომ აღარ იყო, მაგრამ მაინც წამოვედი, საბედნიეროდ ადგილზე ყველაფერი დალაგდა. ჩამოვედი არაჩვეულებრივ ოჯახში, ქართველ ქალბატონთან. გამიმართლა და სამსახური მესამე დღესვე დავიწყე.

- ნიკომ რა გითხრა?

- რატომ ადრე არ წახვედი, მე რომ პატარა ვიყავიო? ძალიან განიცდის ნიკო. 10 ნოემბერს 10 წლის ხდება. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩემზე ძალიან იყო მოჯაჭვული. ცოტა ხნის წინ, ერთი თვით ჩამოსული ვიყავი და ამ დროს უკვე გადავლახეთ სირთულეები. იცის, რომ თვითონაც მალე უნდა წამოვიდეს აქეთ... ხომ ვამბობ, ჩემი აქეთ წამოსვლაც ნიკოს უკავშირდებოდა, მისთვის გავაკეთე ეს. მინდოდა, ცოტა მეტი რამ მიმეცა შვილისთვის. თუმცაღა, იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომელი უკეთესია, იქ ყოფნა, თუ აქ წამოსვლა. საერთოდ რთულია, ოჯახის გარეშე აქ ცხოვრება. ჩემი ცოლ-შვილიც ცოდოა იქ მარტო და მეც ცოდო ვარ აქ მარტო. ან მე უნდა წავიდე იქით, ან ისინი უნდა წამოვიდნენ ამერიკაში.

- ფიქრობ, რომ ოჯახიც წამოვიდეს შენთან?

- ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მოკლედ, სირთულეები არის, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჯანსაღად შეხედო. დიდები ვართ უკვე, მოგვწონს, არ მოგვწონს, ეს ამოცანაა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ყველაფერი ხომ ისე არ არის ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა?! ცხოვრება სირთულეების დაძლევაა.

- ამ წუთას რას საქმიანობ?

- ახლა ვმუშაობ უბერზე, უბერისტი ვარ. ეს არის ტაქსი. პარალელურად ხელი მოვკიდე ჩემს საქმიანობას, ნინი შერმადინს აქვს არაჩვეულებრივი ვოკალური სტუდია „არტჰაბი“. მიუზიკლი შევთავაზე, ჰოდა, პიესა საშობაო ზღაპარი დავწერე. ახლა ვემზადებით საშობაო მიუზიკლისთვის, რომელიც სპეციალურად ამ სტუდიის არაჩვეულებრივი პატარებისთვის შევქმენი. სტუდია ნიუ-ჯერსიშია, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ამერიკელებიც არიან, ძირითადად მაინც ქართველები ჭარბობენ. პროფესიონალურ მსახიობებთან პიესაზეც დავიწყეთ მუშაობა... მოკლედ, ვნახოთ... ხომ ვამბობ, ცხოვრება საინტერესოა. რაც შენი გასაკეთებელია, უნდა გააკეთო. თუ ხარ ოჯახში მამაკაცი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. აქაურ რიტმს უნდა აყვე.

- ემიგრაციაში რომ მიდის ადამიანი, შენი გამოცდილებიდან, რას იტყვი, რა უნდა იცოდეს?

- მოუსმინოს ყველას და არავის დაუჯეროს. არავის ცხოვრება შენ არ გამოგადგება, რადგან ყველას თავის გზა აქვს. ამ დროს ყველა ფილოსოფოსობს და ეს არ ვარგა. მზად უნდა იყო გამოწვევისთვის და გაიმარჯვებ. ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე. აქ მთავარია, სწორი ინფორმაცია და უნდა შეძლო მისი გაგება, ვისგან და საიდან უნდა მიიღო ის. ასევე სანდო ადამიანის პოვნაა აუცილებელი... აქ რაღაცნაირი ნოსტალგიაა, განსაკუთრებით რთულია ხელოვანი და ემოციური ადამიანებისთვის, რაღაცებს სხვანაირად რომ უყურებს და განიცდის. საერთოდ გაოცებული ვარ ქართველი ემიგრანტი ქალბატონებით, აქ როგორ მუშაობენ. დიდი პატივისცემა მათ...

- რას ეტყვი ჩვენს მკითხველს?

- მინდა, რომ იყვნენ ძალიან ბედნიერები, ერთმანეთის მიმართ მეტი სიხარულის განცდა ჰქონდეთ. მეტი დანდობა, ლმობიერება. ხანდახან ვკითხულობ ხოლმე ინტერნეტში ადამიანების კომენტარებს და ცოტა რაღაცები მწყინს ხოლმე. არავის განსჯა არ არის საჭირო, ვინ როგორია და რატომაა ასეთი, თუ ისეთი. მეტი სიყვარული და მოფერებაა საჭირო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, თუმცა ეს ყველაფერი ცალმხრივად არ გამოვა. მაგარი ხალხი ვართ და უბრალოდ, ბოლოს რაღაც დაგვემართა, რაც არ ვარგა... გვერდში უნდა დავუდგეთ. გულწრფელი ადამიანის ფასი არაფერია... ყველას ვუსურვებ სწორი ადამიანები ეპოვოთ. შეგნება და ტაქტი მნიშვნელოვანია, სიტყვას დიდი ძალა აქვს. ძალიან ბედნიერები მინდა, იყვნენ თქვენი მკითხველები, არასოდეს ეფიქროთ ემიგრაციაზე, ემიგრანტობაზე. მიყვარხართ ყველა...