ავტორი:

"ლევანი ბრძოლის ველზე რომ გენახათ, გეგონებოდათ სიცოცხლე არაფრად უღირსო... ნახალოვკელმა კოლორიტმა ბიზნესი მიატოვა და ომში წამოვიდა" - უკრაინაში გმირულად დაღუპული და დაჭრილი ქართველების ამბავი

"ლევანი ბრძოლის ველზე რომ გენახათ, გეგონებოდათ სიცოცხლე არაფრად უღირსო... ნახალოვკელმა კოლორიტმა ბიზნესი მიატოვა და ომში წამოვიდა" - უკრაინაში გმირულად დაღუპული და დაჭრილი ქართველების ამბავი

"რვა კაცი უტევდა ბლინდაჟთა წყობას - ოთხი ქართველი, ოთხი უკრაინელი... პირველ ბლინდაჟთან ლევანამ (ლევან ლობჟანიძე) და თუშმა ( დათო აბულიძემ) შვიდი მიაწყვეს ზედიზედ გამოსულები. მერე ბლინდაჟთანაც მიაღწიეს და თერმობარულით ააფეთქეს. ალაფი მოაგროვეს და იქვე ჩაიმუხლეს სულის მოსათქმელად. დრონი შენიშნეს, გადასცეს და პასუხად მიიღეს, რომ ჩვენი იყო... დრონის ჩამოგდებული ჭურვი უკვე 15 მეტრზე იქნებოდა, თუშმა რომ შენიშნა და ლევან, გადახტიო, დაიძახა, თავადაც გადახტა, მძიმედ დაიჭრა... ჭურვის ნამსხვრევმა ერთი ფეხი გადაუმტვრია, მეორე დაცხრილული ჰქონდა... აზრზე მალევე მოვიდა, ლევანს ეძახდა, ძალა მოიკრიბა, მიხოხდა, გადმოაბრუნა, ლევანა აღარ იყო... მძიმედ დაჭრილს კი უკვე უტევდნენ და ისიც იბრძოდა. ჯერ მისი, მერე მტრის იარაღით, მთელი ორსაათნახევარი მარტო იბრძოდა..." - ასე აღწერს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ლევან ლობჟანიძის დაღუპვისა და დავით აბულიძის შეუპოვრობის ამბავს, ჩვენი დროის ჯარისკაცის მამა - არჩილ ხოფერია.

"სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი დავკარგეთ, ფარზეა ჩვენი ლევანი... უფლის წყალობით, ჩემი თუში ძიო - დათო აბულიძე სიკვდილს გადაურჩა. როდესაც ორივე ფეხში დაჭრილი ძიო ბრძოლას განაგრძობდა, უკრაინელები დრონით გაშტერებულები უყურებდნენ. აი რა არის თუშური სისხლი... " - წერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე უკრაინაში მებრძოლი მედიკოსი ქეთი ლეშკაშელი.

ლევან ლობჟანიძე და დავით აბულაძე

"მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე ძმაო... მეამაყება, რომ შენს გვერდიგვერდ ვიბრძოდი. დიდება შენს სულს, დიდება გმირებს“ - ეს დავით აბულიძის სიტყვებია.

  • ლევან ლობჟანიძე ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება "თბილისის" წევრი იყო.

მასთან ერთად ოკუპანტებთან შეტაკებისას მძიმედ დაჭრილი დავით აბულიძე ახლა კლინიკაში მკურნალობს. გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად, ინტერვიუზე უარს არ ამბობს და ოკუპანტების წინააღმდეგ გმირულად დაღუპული თანამებძოლის შესახებ გვიამბობს.

დავით აბულიძე:

- ლევანი ოპერაციის დაწყების უჩვეულოდ სევდიანი იყო, ალბათ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, თუმცა მაინც მხნედ იყო. ოთხი ქართველი და ოთხი უკრაინელი შევედით მტრის პოზიციაზე. ჩვენი დასახული მიზანი იყო 50 მეტრის წინ გაწევა-გაწმენდა. დაახლოებით 20 წუთის განმვლობაში ინტენსიური ბრძოლა იყო. კონტაქტური ბრძოლის დროს ჩვენ დაღუპულები არ გვყავდა, მტრის ჯგუფიდან ნახევარი ცეცხლსასროლი იარაღით გავანადგურეთ, მეორე ნახევარი კი ხელყუმბარებით. ჩვენმა დრონებმა გადმოგვცეს, 36 კაცი გყავთ მოკლულიო. ალაფი მოვაგროვეთ და ველოდებოდით, როდის ჩაგვანაცვლებდნენ მესანგრე ჯგუფები. ლევანმა დრონი შენიშნა, გავხედეთ, მაგრამ ვერ გავარკვიეთ, რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო შემოსული თუ უკრაინელების. შტაბს გადავეცი, ჩვენს თავზე დრონი ტრიალებს-მეთქი, ჯერ მითხრეს ჩვენები არიანო, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ დამიკავშირდნენ და გაანადგურეთო, მითხრეს. რომ ავხედე უკვე გამოშვებული იყო „ვოქი“... ძალიან მძიმე აფეთქება აქვს. ლევანს ვუყვირე გადახტითქო, მაგრამ... 2 წუთიც ვერ იცოცხლა, ადგილზევე დაიღუპა. მე ორივე ფეხმონგრეულმა ვერაფერი ვერ ვუშველე, მხოლოდ ისღა მოვახერხე, გადამემალა, რომ მისი გვამი მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

ლევან ლობჟანიძე

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ არ არის გამოყვანილი...

- ძალიან ძნელია ახლა იქ შესვლა, რთული რელიეფია. წვიმა ან ნისლი გვჭირდება. ლევანის გამოსაყვანად შესული დაზვერვის 2 უკრაინელი მებრძოლი უკვე დაიღუპა. ქართველები და უკრაინელები ჩვენიანებს ბრძოლის ველზე არ ვტოვებთ, მაგრამ არც ის გვინდა, რომ კიდევ რამდენიმე სიცოცხლე დავკარგოთ. „შავი არწივის“ ბიჭები 24-საათიან მზადყოფნაშია არიან, როგორც კი მომენტი გაჩნდება, ჩვენს ბიჭებთან ერთად შევლენ და გამოიყვანენ.

- როგორი მებრძოლი, როგორი ადამიანი იყო ლევანი?

- თავდაუზოგავი მებრძოლი იყო. ბრძოლის ველზე რომ გენახათ, გეგონებოდათ სიცოცხლე არაფრად უღირსო, არადა ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ბევრი ოცნებები ჰქონდა. ნახალოვკელი, კოლორიტული კაცი იყო, საკუთარი ქალაქი და სამშენებლო მისთვის ყველაფერი იყო. თურქეთში თავისი ბიზნესი ჰქონდა. როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველაფერი მიატოვა და აქ ჩამოვიდა. დაკარგული ტერიტორიების გამო ძალიან განიცდიდა, არც ის მოსწონდა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. სულ ამბობდა, რუსებმა ძმები დაგვიხოცეს, ჩვენი ქალბატონები შეურაცხყვეს, ახლა ისინი ჩვენი ქალაქის ქუჩებში ასე თავხედურად არ უნდა დასეირნობდნენო. დავჯდებოდით-ხოლმე უკრაინელ ძმებთან ერთად და ერთმანეთს ჩვენს ოცნებებს ვუზიარებდით, ვის როგორ წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყნები. ლევანი უკრაინელებს ეუბნებოდა, ყუბანის მხარეს, როგორც ძირძველ უკრაინულ მიწას, თქვენ დაგითმობთ, სოჩის ქვემოთ სულ ჩვენი უნდა იყოსო.

დავით აბულაძე და ქეთი ლეშკაშელი

- რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ახლა რა ვითარებაა, როგორ მოქმედებს დროში გაწელილი ომი მებრძოლების მოტივაციაზე?

- ამ ეტაპზე გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ მხარეს არ არის, ზოგიერთ მონაკვეთზე რუსებმა წაიწიეს წინ, ზოგან ჩვენ. ჩვენი მთავარი პრობლემა დანაღმული ველებია. ყინვების სეზონს ველოდებით. გაყინულ გრუნტში ნაღმები სწრაფად ვერ მოდის მოქმედებაში. ჩვენ მოტივაციას არ ვკარგავთ, სხვისი არ ვიცი, მე არც მიფიქრია, რომ ეს ომი ერთ ან ორ თვეში დასრულდებოდა. ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე ოკუპანტებს არ დავამარცხებთ.