ავტორი:

რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?

რა სარგებელს ელოდება ჩინეთი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლობით?

ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაწყებული ომის პირობებში ჩინეთი ცდილობს შუა აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში შუამავლის როლი შეასრულოს. თუმცა, მისი რეალური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის.

  • შაბათ-კვირას ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა ვანგ იიმ ომის ესკალაცია ვაშინგტონის ოფიციალურ პირებთან განიხილა. ისინი მსოფლიოს ბევრ ლიდერთან ერთად შიშობენ, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონში გავრცელდება.

ვანგ ი ასევე ესაუბრა თავის კოლეგებს ისრაელში და პალესტინის ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჟაი ჯუნი, რეგიონში გაფრინდა არაბ ლიდერებთან შესახვედრად. გაეროში პეკინმა არაერთხელ დაუჭირა მხარი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

არსებობს იმედი, რომ ჩინეთი შეძლებს გამოიყენოს თავისი მჭიდრო ურთიერთობა ირანთან, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს ღაზაში და ჰეზბოლას ლიბანში, რათა დაარწმუნოს თეირანი დაძაბულობის დეესკალაციაში. ბრიტანული გაზეთი Financial Times იტყობინება, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოუწოდოს ირანელებს "მშვიდობისკენ".

ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. წლის დასაწყისში პეკინი შუამავალი იყო ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნაწილობრივ ნორმალიზებაში, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო მისთვის. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის გააძლიეროს კონტაქტები ჩინეთთან ღაზას სექტორში სიტუაციის მოსაგვარებლად.

ვინაიდან ოფიციალური პეკინი ინარჩუნებს ბალანსს კონფლიქტის ყველა მხარესთან, მას შეუძლია გარკვეულწილად შუამავლის როლი ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს დონ მერფი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ომის ეროვნული კოლეჯის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც სწავლობს ჩინეთის საგარეო პოლიტიკას.

მისი თქმით, ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს პალესტინელებთან, არაბულ ქვეყნებთან, თურქეთთან და ირანთან. „შეერთებულ შტატებთან ერთად, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან, მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მოთამაშე დასვან“, - თქვა მან.

პეკინი ისტორიულად მხარს უჭერდა პალესტინელებს, ძირითადად იმიტომ, რომ აშშ მხარს უჭერდა ისრაელს

თუმცა, სხვა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი, მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, ამჟამად უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება ახლო აღმოსავლეთში.

„ჩინეთი არ არის სერიოზული მოთამაშე ამ სფეროში. მე ვესაუბრე ხალხს რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან და არავინ ელის, რომ ჩინეთი შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ საკითხის მოგვარებაში“, - ამბობს ჯონათან ფულტონი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი.

დასაწყისისთვის, ჩინეთის პირველი განცხადება კონფლიქტის შესახებ არ მოეწონა ისრაელს, რომელიც გამოხატავდა „ღრმა იმედგაცრუებას“ იმის გამო, რომ ჩინეთმა არ დაგმო "ჰამასი" და არ ახსენა ისრაელის თავდაცვის უფლება.

ვანგ იიმ უთხრა ისრაელს, რომ „ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება“, მაგრამ ამავე დროს, განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები „თავდაცვას სცდებოდა“. ჩინეთს მანევრირება უწევს, რადგან საიდუმლო არ არის, რომ იგი ღიად თანაუგრძნობს პალესტინას.

ამ სიმპატიებს მივყავართ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამფუძნებელ, მაო ძედუნამდე, რომელიც პალესტინელებს იარაღს აწვდიდა, როგორც მათი მხარდაჭერი. მაომ ერთხელ ისრაელი ტაივანს (ორივეს მხარს უჭერს შეერთებული შტატები) შეადარა და მათ დასავლური იმპერიალიზმის ბაზები უწოდა.

მომდევნო ათწლეულებში ჩინეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა და დღეს ორმხრივი ვაჭრობა მილიარდობით დოლარით იზომება.

ამავდროულად, პეკინი აგრძელებს პალესტინელების მხარდაჭერას. ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის ყველა ოფიციალური პირი, მათ შორის თავად პრეზიდენტი სი ძინპინი, ხაზს უსვამს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას.

რა ინტერესები აქვს ჩინეთს?

ერთ-ერთი მიზეზი ეს არის პეკინის ეკონომიკური ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ეკონომიკას, თუ მიმდინარე ომი მთელ რეგიონში გავრცელდება.

ჩინეთი დიდად არის დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე და ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ამ იმპორტის ნახევარი მოდის ყურის ქვეყნებზე. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩინეთის პროექტში, შექმნას ახალი სავაჭრო გზები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპაში, რაც მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ კონფლიქტში შუამავლის როლი პეკინს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გაიუმჯობესოს რეპუტაცია.

ამ დროისთვის, ჩინეთი ცდილობს პოზიციონირებას გლობალური მშვიდობისმყოფელის პოსტზე, ვიდრე შეერთებული შტატები. წლის დასაწყისიდან პეკინი მხარს უჭრს მსოფლიო წესრიგის ახალი ხედვის პოპულარიზაციას მისი ხელმძღვანელობით და ამავე დროს აკრიტიკებს აშშ-ს „ჰეგემონიურ“ მმართველობას.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან 2017 წელს

ჩინურმა სამხედრო გაზეთმა PLA Daily-მ შეერთებულმა შტატები დაადანაშაულა „ცეცხლზე ნავთის დასხმაში“. ფაქტობრივად, პეკინმა ზუსტად იგივე რიტორიკა გამოიყენა, როდესაც აკრიტიკებდა ვაშინგტონს უკრაინის რუსეთთან ომში დახმარების გამო. ხოლო სახელმწიფო ინგლისურენოვან გაზეთმა The Global Times-მა კი გამოაქვეყნა ანიმაცია, რომელშიც ძია სემი სისხლიანი ხელებით იყო გამოსახული.

დამკვირვებლების აზრით, პეკინი თავის პოზიციას უპირისპირებს შეერთებულ შტატებს, რათა შეამციროს დასავლელი კონკურენტის გლობალური ავტორიტეტი. მაგრამ ჰამასის ღიად არ დაგმობით, ჩინეთი ასევე რისკავს, რათა შესაძლოა ამით პოზიციები შეელახოს.

ჩინეთის სტრატეგიული ამბიციების მიღწევაში რამდენიმე გამოწვევა დგას.

მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოხატავს სოლიდარობას მუსულმანური ქვეყნების მიმართ და ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციას, პეკინი აგრძელებს საკუთარი მუსლიმური მოსახლეობის, უიღურების უფლებების დარღვევას, რომელთა მიმართაც ბრალს სდებენ გენოციდში. ამავე სიაში შედის ტიბეტის მოდსახლეობის იძულებითი ასიმილაცია.

თუმცა, დამკვირვებლები თვლიან, რომ არაბული სამყარო, სავარაუდოდ, თვალს ხუჭავს ამაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა შეძლო მათთან დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობა.

ჩინეთს ესმის, რომ თუნდაც ღიად დაუჭიროს მხარი პალესტინას, ეს არ მოუტანს ქულებს ყველა არაბულ ქვეყანასთან. რადგან, ჯონათან ფულტონის თქმით, „არაბულ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი საკითხზე“.

ვანგ იიმ თქვა, რომ ჩინეთი მხოლოდ მშვიდობას ეძებს ახლო აღმოსავლეთში და „არ აქვს ეგოისტური ინტერესები პალესტინის საკითხში“.

თუმცა, გამოწვევა იქნება დანარჩენმა მსოფლიომაც დაიჯეროს ეს.

წყარო