ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა წუხელ ღაზის სექტორში "ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, საგუშაგო მოიცავდა "ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წუხელ "ჰამასის“ რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ამასთან, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს "ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავიადარტყმის დროს "ჰამასის“ სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯამალ მუსა დაიღუპა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზაში ისრაელის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ 30-ს მიაღწია.Times of Israel-ის ცნობით, კვირას ღაზაში ბრძოლის დროს დაღუპული სამხედრო, 22 წლის შტაბის სერჟანტი შაჰარ კოენ მივტაჩია.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კვირას, ღაზაში ბრძოლის დროს მძიმედ დაშავდა მედესანტეების ბრიგადის 202-ე ბატალიონის ჯარისკაცი.
ცნობნილი ხდება, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ხვალ კიდევ ერთ საგანგებო სხდომას გამართავს.
"ღაზაში სიტუაციის გაუარესების და ალ-შიფას ჰოსპიტალსა და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმების ფონზე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ჩინეთმა დახურული კონსულტაციების მოწვევა მოითხოვეს“, - განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის პრესსპიკერმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ გასულ თვეში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ოთხი რეზოლუციის პროექტიდან ვერცერთი ვერ დაამტკიცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ათი არამუდმივი წევრი ამჟამად საკუთარ რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ამზადებს.