ავტორი:

"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?

"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?

ხაბეიშვილის გათავმჯდომარების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული რყევები გრძელდება. მას შემდეგ, რაც პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში ღიად ჩართვა გადაწყვიტა, მის დაფუძნებულ პარტიაში "სხვების არეულის დალაგებას“ შეუდგა. მის ამ მცდელობას - ენმ-ს გამთლიანებას თანაგუნდელებიც კი ნიჰილისტურად უყურებენ და პოლარიზებული პარტიის წინასაარჩევნოდ კიდევ მეტად დაქუცმაცებას პროგნოზირებენ.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა ზოგ-ზოგიერთებს კარისკენ მიუთითა, როცა განაცხადა:

"პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.

ვის მიუთითა კარისკენ მიხელ სააკაშვილმა და ვინ არყევს პარტიას შიგნიდან, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი არ იყო, რომ მან ექსთავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდი იგულისხმა. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებაში სწორედ ნიკა მელიას გულისხმობდა.

4 ნოემბერს ნიკა მელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწოდებას:

"სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის, ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“.

ნიკა მელიას თქმით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ბრმად შესრულება "მისი გზა არ არის“ და "მით უმეტეს, არ მიიღებს ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა“.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ სია ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს და ვინც ერთხელ მაინც იყო დეპუტატი, მან მანდატი აღარ უნდა მიიღოს. როგორც ჩანს, ამით სააკაშვილმა ძველ სახეებს უნდობლობა გამოუცხადა და უფრო მომგებიანი სვლა - პარტიისთვის ახალი სისხლის გადასხმა გადაწყვიტა.

"მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“.

მალევე მიხეილ სააკაშვილმა უკან წაიღო სასამართლო პროცესზე ემოციურ ფონზე გაკეთებული საკუთარი განცხადება და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე და მის გუნდზე. "იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა".

მაინც რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, ვინ გაეყრება და ვინ შეეყრება მას, რას ნიშნავს სააკაშვილის აზრთა ცვალებადობა და რომელ ფლანგს რა ინტერესი აქვს, ამ ყველაფერზე ამბები.გე-ს სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ უყვება:

"კეზერაშვილ-მერაბიშვილის და მელიას ფლანგიც წინასაარჩევნოდ ცდილობენ მიშას ელექტორატის თავის მხარეს მაქსიმალურად გადაქაჩვას. ყველა ხედავს, მიშა არც მწვადს წვავს და არც შამფურს - ჯერ მელიას მიუთითა კარისკენ (აქ მელიას რომ გულისხმობდა, ყველა მიხვდა), ახლა დაწერა, მელიას დიდი დამსახურება აქვს პარტიის წინაშეო. მიშას როგორც სჩვევია, ცოტა მოუზომავი განცხადება გააკეთა, მერე მიხვდა, რომ ეს საქმეს არ წაადგება. მიშა სადაც იქნება, ენმ-ს ელექტორატიც იქით იდგება, მაგრამ სტრუქტურულად, მელიაც ცალკე ძალაა და ვანო-კეზერაშვილიც, რადგან ამ არჩევნებზე მელიას მხარდამჭერები 40% იყო, ბევრიც განაწყენებულია და "ხაბესგან" მოტყუებული - დაიქადნა, მიშას გავათავისუფლებო, არჩევნები ჩაატარა და გამოვიდა, რომ მან პირადი ეგო დაიკმაყოფილა. ახლა საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელი და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს მიშას ელექტორატი.

ტყუილია, რომ თითქოს მიშამ მელიას ბორდის უფროსობა შესთავაზა. მთელი პოლიტსაბჭო დაითხოვეს და მელიას რომელი ბორდის უფროსად ნიშნავენ? ასეთ "საჩორტაო“ თემებს შესაძლოა სუს-ი განგებ აგდებდეს, რათა მეტი განხეთქილება გამოიწვიოს პარტიაში. "ხაბეს" ბევრი მხარდამჭერი მასზე გაბრაზებულია და ამბობს, არჩევნებზე საერთოდ არ მივალთო და მერე ვისი საქმე კეთდება ამით? მიშას ამომრჩეველი მელიასთან აღარ დარჩება, თუკი მიშა გააკეთებს განცხადებას, მინიშნებას, მაგრამ მიშა კარგად ხვდება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მეტად დაქუცმაცება "ოცნების“ და სუს-ის ინტერესებში შედის და სურს რამენაირად გამოასწოროს სიტუაცია.

რას იზამს მელია? - ფაქტია, ჯერჯერობით რაღაცაზე მუშაობენ, რომ სტრუქტურულად მეტი ნაწილი თავისკენ გადაიყვანონ, თორემ ფაქტია, რომ მას პოლიტსაბჭოში აღარავინ ჰყავს, არც თავმჯდომარეა... კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო“, ხელს გვიშლისო. "ქოცების" ინტერესი მარტო მელიას გადაყუდება არაა, არამედ ის, რომ მელიას გადაყუდება იწვევს პარტიის გახლეჩას.

ახლა მიშას მიზანი ერთობის შენარჩუნებაა და თუ მის ბოლო განცხადება-სტატუსს დავუკვირდებით, იქ ამბობს, რომ ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და ძველი დეპუტატები, ვინც სიაში იყვნენ, აღარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმას ნიშნავს, ის ვინც საპარლამენტო მანდატების და სკამების შენარჩუნებას ცდილობს, იმათ აღარფერი რჩებათ. ძველებში კი იგულისხმება ვანოც, კეზერაც, ხაბეც, მელიაც და პეტრე-პავლეც, რომელთაც მიშამ მიანიშნა, ყველა გვერდზე გაიწიეთ, ახალგაზრდები წამოვიდნენო.

რადგან ნიკა გვარამიამ მესიჯბოქსი გაუშვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ესე იგი ასეა და რაღაცაზე ჩამოყალიბდება. კულუარულად საუბარია, რომ გვარამიამ და მელიამ წინასაარჩევნოდ შექმნას რაღაც ტანდემი და ამას მიშამაც დაუჭიროს მხარი. მელია და გვარამია ორივე ფიგურებია, ისინი ერთმანეთს კი არ უჭერენ მხარს, არამედ ორივეს ერთმანეთი შეიძლება დასჭირდეთ წინასაარჩევნოდ - მელია სტრუქტურების რაღაც ნაწილს მაინც გადმოქაჩავს, მას თბილისში უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს (პარტიის ხაზით ვამბობ), გვარამიას სტრუქტურა საერთოდ არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს რეიტინგული ტელევიზია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა დალაგდეს ინტერესები. შესაძლოა ორი პარტიული ერთეული შეიქმნას და მერე რაღაც სახით გაერთიანდეს, ვნახოთ“.