ავტორი:

თურქეთში ერთ დროს აკრძალული ქართული ფილმი, რომელშიც მაყურებელმა თენგიზ არჩვაძე პირველად იხილა - უდიდესი მსახიობის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდური როლი

თურქეთში ერთ დროს აკრძალული ქართული ფილმი, რომელშიც მაყურებელმა თენგიზ არჩვაძე პირველად იხილა - უდიდესი მსახიობის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდური როლი

"დამთავრდა კიდევ ერთი დიდი ეპოქა კინოში, ეპოქა რომელიც თენგიზ არჩვაძემ შექმნა. კადრი ფილმიდან "ფატიმა", ამ ფილმში პირველად იხილა მაყურებელმა რაინდული გარეგნობის, მომავალი დიდი მსახიობი. თენგიზ არჩვაძე ფილმში ეპიზოდურ როლს,ხალგაზრდა ბადილაევის სახეს განასახიერებდა..." - ამბობს ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე, რომელიც ქართული კინოს შესახებ მრავალი წლებია იკვლევს და მხოლოდ მან გააჟღერა, რომ თენგიზ არჩვაძე პირველად ფილმში "ფატიმა" გამოჩნდა...

"არის ფილმები, რომლებიც მაყურებელთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და დრო მათ ვერაფერს აკლებს... 1958 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა სიკო დოლიძის ფილმი-შედევრი "ფატიმა". ფილმი ქართული კინოს კლასიკად ითვლება და დღემდე მაყურებელი დიდი ემოციებით (ვინ პირველად, ვინ მერამდენედ ) ადევნებს თვალს ფილმის გმირების თავგადასავალს ეკრანზე... შესანიშნავმა რეჟისორმა ამ ფილმში თავი არაჩვეულებრივ მსახიობებს მოუყარა. მაყურებელმა პირველად იხილა დიდ ეკრანზე ქართული კინოს ვარსკვლავები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიული ჭოხონელიძე და თენგიზ არჩვაძე. "ფატიმას" როლს კი დამწყები მსახიობი თამარ კოკოვა ასრულებდა. ფილმში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განვითარებული საომარი მოვლენების გამო, თურქეთი ცოტა არასასიამოვნო კონტექსტში არის ნახსენები. რუსულ წყაროებში ხაზგასმით იყო აღნიშნული ეგ ფაქტი აკრძალვის შესახებ" - ჰყვებოდა AMBEBI,GE-სთან ცენტერაძე.

კინომცოდნე გოგი დოლიძე:

- ახლა ხელთ მიპყრია შესანიშნავი ავტორის - მარინა კერესელიძის "ქართული კინოს ენციკლოპედია"... აქ წერია, რომ თენგიზ არჩვაძის კინოკარიერა წარმატებული დებიუტით ერთდროულად ორ ფილმში დაიწყო. ესენია: ლანა ღოღობერიძის "ერთი ცის ქვეშ" და "კეთილი ადამიანები" - რეჟიოსრი - შოთა მანაგაძე... ორივე ფილმი 1961 წელს გამოვიდა.

ფილმი "ფატიმა" გადაღებულია 1958 წელს... თენგიზ არჩვაძის კინომოღვაწეობა კი 1961 წლიდან იწყება. მისი როლი ფილმში "ფატიმა" იმდენად უმნიშვნელო იყო, მეც კი არ მახსოვდა, როცა უკვე მე და თენგიზი მაგ დროს ვმეგობრობდით. ფილმში გაიელვა და ეპიზოდური როლის თქმაც კი არ გამოდის, რადგან ფილმის ტიტრებშიც არ არის.

თენგიზ არჩვაძე, "ფატიმა"

სერგი ცენტერაძე თენგიზ არჩვაძის სხვა როლებზეც გვესაუბრა...

- აქვეა კადრი ფილმიდან "ვედრება" , თენგიზ აბულაძის შედევრი, სადაც ბატონი თენგიზი ალუდა ქეთელაურის როლს განასახიერებდა. კიდევ ერთი კადრი ფილმიდან "დიდოსტატის მარჯვენა", ერთ- ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კადრი ფილმში. მშენბლობაზე უტა თავად ცდილობს დადოს ჩუქურთმიანი ლოდი, როცა ტაძრის ეზოში შემოდის კათალიკოსი, ყველა მუხლებზე დაეცემა და მხოლოდ ოსტატის მხრებზე აღმოჩნდება უმძიმესი ქვა. მსახიობი შეუდარებელი სიზუსტით გადმოსცემს თავისი გმირის ემოციებს..

ჯერ კიდე მოზარდი გახლდით, როდესაც ვნახე შოთა მანაგაძის ფილმი "კეთილი ადამიანები", რომელშიც თენგიზ არჩვაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმი დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია, ხოლო ბატონი თენგიზის მიერ განსახიერებული თამაზის სახე დღემდე ხიბლავს მაყურებელს თავისი სიკეთით და კეთილშობილებით. თუმცა მანამდე გახლდათ ეპიზოდური როლი ფილმში "ფატიმა" ( ახალგაზრდა თავადი ბადილაევი ).

"კეთილი ადამიანები"

დღემდე პოპულარულია ფილმი "ხევსურული ბალადა", რომელშიც იმედას როლს ასრულებს, ფილმი გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის რომანის "თეთრი საყელოს" მოტივებზე და დღემდე რჩება მაყურებლისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად. ასევე საინტერესო იყო მხატვარი ზაზას სახე ფილმში "ერთი ცის ქვეშ" ( ნოველა "ფრესკა" ) - საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ნიჭიერი ადამიანი, სიკეთითა და ადამიანობით სავსე. მაყურებლისთვის ცოტა უცნაური იყო მსახიობის ნახვა უარყოფით როლში , ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში ("მე ვხედავ მზე"ს ) თენგიზ არჩვაძე საინტერესოდ, მისთვის ჩვეულ სტილში ხატავს დათიკოს გაორებულ სახეს.

როცა ვაჟა-ფშაველა წერდა თავის ერთერთ საუკეთესო ნაწარმოებს, მთავარ გმირად ალბათ ბატონ თენგიზისთანა ადამიანს მოიაზრებდა, რადგან იმ დროში ზუსტად ასეთი ადამიანი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო - კაცი დავლათიანი, კაცი, რომელიც "საფიხვნოს თავში დაჯდების" და კაცი რომელსაც "სიტყვა მაუდის გზიანი" . თენგიზ აბულაძის ტრილოგიის პირველი ფილმი "ვედრება" , სადაც ბატონი თენგიზი ალუდა ქეთელაურის როლს ასრულებს ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის შემოქმედებაში.

"ვედრება"

მაყურებელმა შეიყვარა მისი ვახტანგი ფილმიდან "შეხვედრა მთაში", რომელშიც პარტნიორობას უმშვენიერესი ლეილა აბაშიძე უწევდა. ჩემთვის (და ბევრისთვის ) საინტერესო იყო მისი გუგუა ფილმში "ხევისბერი გოჩა", აქაც მსახიობმა ჩვეული ოსტატობით და მსახიობური ხერხებით გადმოსცა გმირის ტრაგედია და სულიერი ტკივილი.

ბატონი თენგიზის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უჭირავს მრავალსერიან ფილმს "დათა თუთაშხია", რომელშიც მან შექმნა მუშნი ზარანდიას უაღრესად საინტერესო და წინააღმდეგობით სავსე სახე.

"დათა თუთაშხია"

მარტო ეს როლი იკმარებდა იმისთვის, რომ ხალხს უზომოდ ჰყვარებოდა, არადა, კიდევ რამდენ ფილმში დაგვამახსოვრა თავი. ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა ცხოვრებაში, მაგრამ თავად ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდა, იყო ყოველთვის ადამიანი და პიროვნება.

გიგა ლორთქიფანიძის ფილმი "პრემიერა" რაღაც დოზით შეიძლება ჩაითვალოს ავტობიოგრაფიულ ფილმად ბატონი თენგიზისთვის. თენგიზ არჩვაძის ყველა როლი მაყურებლისთვის იყო საჩუქარი, ამასთანავ, მისი ყველა როლი იყო ასევე გამორჩეული, რადგან მას შეეძლო ყველა როლის გაადამიანურება და გაკეთილშობილება, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვანებს შეუძლიათ.