ავტორი:

ტრაგედია პროპალესტინელთა მიტინგზე: 69 წლის ებრაელ მამაკაცს თავში მეგაფონი ჩაარტყეს - ის გარდაიცვალა

ტრაგედია პროპალესტინელთა მიტინგზე: 69 წლის ებრაელ მამაკაცს თავში მეგაფონი ჩაარტყეს - ის გარდაიცვალა

69 წლის ებრაელი მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პალესტინელ მომიტინგეებთან შელაპარაკებისას დაეცა და თავი დაარტყა. ინციდენტი კალიფორნიაში მოხდა. ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, პოლ კესლერის გარდაცვალების საქმეს, როგორც სიძულვილის შესაძლო დანაშაულს, ისე განიხილავენ.

პოლიციის და ოჯახის თქმით, კესლერმა პროპალესტინელ მომიტინგეებთან შელაპარაკებისას თავზე ტრავმა მიიღო. ორშაბათს ჩატარებულმა გაკვეთამ კი დაადგინა, რომ 69 წლის მამაკაცს დაზიანება ძალის გამოყენებით აქვს მიყენებული.

LA Times-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კესლერი სანამ დაეცემოდა, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. თუმცა შერიფის ოფისი ამ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ლოს-ანჯელესის ებრაული ფედერაციაც, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცს თავში მეგაფონი ჩაარტყეს.

ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის გავრცელებულ პრესრელიზში არ თქმულა, დააკავეს თუ არა ვინმე. სავარაუდო ინციდენტის ამსახველი კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ასახავს კაცს, რომელიც მიწაზე აშკარა თავის დაზიანებით წევს. ვიდეოში, მის დასახმარებლად ორი ადამიანი მოდის, რომელთაგან ერთ-ერთს "თავისუფალი პალესტინა" აწერია ქურთუკზე.

  • ადგილობრივი რაბინის, მაიკლ ბარკლის თქმით, დაპირისპირებაში სავარაუდო მონაწილე მამაკაცი გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.

გარდაცვლილი ებრაელის ოჯახის მეგობარმა, ჯასტინ კოენმა მედიასთან განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის ჰამასის ტერაქტის შემდეგ კესლერი უკვე მეორედ ესწრებოდა დემონსტრაციას. "არასდროს ყოფილა მოძალადე. ის ამაყი ებრაელი და ისრაელის მხარდამჭერი იყო",- დასძინა კოენმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა