ავტორი:

წლების წინანდელი ტრაგედია, რომელმაც პალესტინელი და ისრაელელი ორი მამა გააერთიანა - "ყველას ეგონა, რომ ისინი შეურიგებელი მტრები გახდებოდნენ, თუმცა..."

წლების წინანდელი ტრაგედია, რომელმაც პალესტინელი და ისრაელელი ორი მამა გააერთიანა - "ყველას ეგონა, რომ ისინი შეურიგებელი მტრები გახდებოდნენ, თუმცა..."

პალესტინელმა ბასამ არამინმა და ისრაელელმა რამი ელჰანანმა ქალიშვილები დაკარგეს. გოგონები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემთხვევითი მსხვერპლი გახდნენ. ასეთი ტრაგედიის შემდეგ არავის გაუკვირდება, თუ მამები შეურიგებელი მტრები გახდებოდნენ.

მაგრამ ბასამმა და რამიმ, შვილების სიკვდილზე შურისძიების ნაცვლად, მშვიდობისა და მეგობრობის გზა აირჩიეს.

ბასამის ქალიშვილი აბირი ისრაელის პოლიციელმა მოკლა, როდესაც ის სულ რაღაც 10 წლის იყო. რამის ქალიშვილი სმადარი 14 წლის ასაკში მოკლა ჰამასის თვითმკვლელმა ტერორისტმა.

  • ორივე ბავშვის მამა ამბობს, რომ ამ "აუტანელი ტკივილის" შემდეგ მოტივაცია გაუჩნდათ, რომ "ძმები" გამხდარიყვნენ, როგორც ისინი ამ ურთიერთობას უწოდებენ.

"ჩვენ ცხოველები არ ვართ, ფიქრი შეგვიძლია. ასე რომ, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: დააბრუნებს თუ არა ვინმეს სიკვდილი ჩემს ქალიშვილს? - კითხულობს რამი.

"მაშინაც კი, თუ დედამიწაზე ყველა ებრაელს მოკლავთ, ყველას და არა მხოლოდ ისრაელებს, ჩემი ქალიშვილი მაინც სამუდამოდ გამქრალია“, - ამბობს ბასამი.

"მშობლის წრე"

მათი ქალიშვილების გარდაცვალების შემდეგ, ორივე მამა გახდა "მშობლების წრის" ფორუმის წევრი. ეს არის არასამთავრობო მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ისრაელელებსა და პალესტინელებს, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ოჯახის ახლო წევრები დაკარგეს.

რამი, რომელიც ისრაელის არმიის ჯარისკაცი იყო, ბასამს ლიდერად თვლის.

”ის ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანია დედამიწაზე... ჩვენ არ გვჭირდება სიტყვები ერთმანეთის გასაგებად... მე მას როცა ვუყურებ, ძალას ვიღებ მისგან“, - ამბობს რამი.

ბასამი ახალგაზრდობაში ისრაელელთა ჯგუფისთვის ყუმბარის სროლისთვის დააპატიმრეს.

"ჩვენ ძმები ვართ. ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტზე მაღლა დგას, რადგან ერთი და იგივე ღირებულებები გვაქვს. ჩვენ ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს, ვაფასებთ დემოკრატიას და თავისუფლებას“, - ამბობს ბასამი.

სმადარის სიკვდილი

1997 წლის 4 სექტემბერს სმადარი და მისი მეგობრები საყიდლებზე წავიდნენ იერუსალიმში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა ის იქ იმყოფებოდა. რამი და მისი მეუღლე ნურიტი რამდენიმე საათი სასოწარკვეთილი ეძებდნენ თავიანთ ქალიშვილს.

„საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიხარ, ერთი პოლიციის განყოფილებიდან მეორეში, სანამ მორგში არ აღმოჩნდები. და იქ გელოდებათ სურათი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებ" - იხსენებს რამი.

რამი ელჰანანი და მისი ქალიშვილი

"ჰამასის" ბომბი და ისრაელის ტყვია

2007 წლის 6 იანვარს ბასამის 10 წლის ქალიშვილი, აბირი, მძიმედ დაიჭრა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სკოლის წინ. ისრაელის პოლიციელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მას თავში მოხვდა. ორი დღის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"სიბრაზე დღესაც მავსებს. ეს არ გაქრა, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ხალხი ამას გრძნობს“, - თქვა ბასამმა.

”მაგრამ მე მჯერა, რომ შურისძიება ვერაფერს გამოასწორებს, ის არ დააბრუნებს ჩემს ქალიშვილს”, - ამბობს ბასამი.

საავადმყოფოში, სადაც აბირი კვდებოდა, რამი და მისი მეუღლე, რომლებიც წარმოადგენდნენ "მშობელთა წრეს", ბასამის ოჯახის გვერდით იყვნენ.

”ვგრძნობდი, რომ ისევ დავკარგე ჩემი ქალიშვილი”, - თქვა რამიმ.

ორი დღის შემდეგ ბასამიც შეუერთდა მშობელთა წრეს.

ბასამის ქალიშვილის დაკრძალვა

პატიება

ორივე მამა იმედოვნებს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ მშვიდობით.

"ჩემი შვილის მკვლელს სასამართლოში შევხვდი. მე მას მსხვერპლად ვთვლი. ვუთხარი... შენ არ მოგიკლავს მტერი და ტერორისტი, შენ მოკალი უდანაშაულო 10 წლის გოგონა", - იხსენებს ბასამი. ის არის თავისი განათლების მსხვერპლი, იდეოლოგიის მსხვერპლი, ისტორიის მსხვერპლი.

ბასამი მთელ მსოფლიოში კონფლიქტებსა და ომებში მონაწილე ყველა მხარეს მიმართავს: "თქვენ შეგიძლიათ გახდეთ თავისუფალი ადამიანი მხოლოდ სიძულვილისა და შურისძიების სურვილისგან გათავისუფლებით. მაშინ ვერავინ შეძლებს შენს ოკუპაციას და მაშინ არ გეყოლება მტერი. თორემ ადამიანი ამბობს: მე მშიშარა არ ვარ, შურს უმოწყალოდ ვიძიებ. რა შეიცვლება ამ შემთხვევაში? არაფერი".

წყარო