ავტორი:

"ამ ამბავმა უკრაინა პოლიტიკურად შეაზანზარა" - რატომ ეჭვიანობს ზელენსკი ზალუჟნიზე და გადააყენებს თუ არა თანამდებობიდან უკრაინის ყველაზე პოპულარულ ადამიანს

"ამ ამბავმა უკრაინა პოლიტიკურად შეაზანზარა" - რატომ ეჭვიანობს ზელენსკი ზალუჟნიზე და გადააყენებს თუ არა თანამდებობიდან უკრაინის ყველაზე პოპულარულ ადამიანს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პანიკა და „ზრადა“: რა ხდება უკრაინის არმის მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ“ (ავტორი - სვიატოსლავ ხომენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მსგავსი ინციდენტი ადრე, წინა წლებში რომ მომხდარიყო, მას სკანდალსაც კი ვერ ვუწოდებდით, ახლა კი ამ ამბავმა მთელი უკრაინა პოლიტიკურად შეაზანზარა.

პარლამენტის - ვერხოვნა რადას - „პოროშენკოელმა“ წევრმა ვლადიმერ არევმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უვაროვმა უკრაინის არმიის მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენების თაობაზე პრეზიდენტთან განცხადება შეიტანაო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი საეჭვო ჩანდა, სოციალურ ქსელებში პანიკა და „ზრადა“ (ასე ეწოდება უკრაინული სლენგით „მოღალატურ მოქმედებას“) ატყდა.

გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის იმ სამხედრო ეპოსის ზეპოპულარულ გმირს წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ახლა, ყველას თვალწინ იწერება. მისი გადაყენება თუ გადადგომა დღეს ის ნაბიჯი არ იქნება, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის ფართო მასები მხარს დაუჭერს.

მართალია, ვლადიმერ არევის პოსტი არ დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ზრადის“ საფრთხე აღარ არსებობს. ამ ერთი შეხედვით კომიკურმა ფაქტმა კიდევ ერთხელ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას.

"ჩუმი ეჭვიანობა"

მოდით, მოვლენებს თავისი სახელი ვუწოდოთ: პრეზიდენტის გარემოცვა (და შეიძლება თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიც) ყოველთვის იჩენდა გარკვეულ ეჭვიანობას გენერალ ვალერი ზალუჟნის მიმართ. იმიტომ, რომ ვალერი ზალუჟნი ერთადერთი უკრაინელია (თუ მოსახლეობის მხარდაჭერის მიხედვით ვიმსჯელებთ), რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონკურენცია შეუძლია და რაც მთავარია, ელექტორალური პერსპექტივით. დიახ, უკრაინაში არჩევნები ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, მაგრამ ხომ დადგება ოდესმე არჩევნების დროც...

გარკვეულ დრომდე პრეზიდენტ „ზ“-ის ეჭვიანობა გენერალ „ზ“-ის მიმართ ჩუმი და შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ „ეკონომისტში“ შოკისმომგვრელი და გამომაფხიზლებელი შეფასებები მისცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიას, გენერლის კრიტიკის პროცესში პრეზიდენტის ოფისის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანიები, ტელეგრამ-არხები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ჩაერთვნენ...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: