ავტორი:

თბილისის მე-6 სართაშორისო ანიმაციური ფესტივალი ჩატარდა

თბილისის მე-6 სართაშორისო ანიმაციური ფესტივალი ჩატარდა

დასრულდა თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის წლევანდელი, მე-6 გამოშვება.

ფესტივალის მსვლელობის დღეებში (2-5 ნოემბერი), 2 ლოკაციაზე (კინოთეატრ „ამირანსა“ (მ. კოსტავას 36) და საქართველოს კონოაკადემიის ლურჯ დარბაზში (ძმ.კაკაბაძეების 2) ) ჩატარდა მსოფლიოს უახლესი, ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი, ანიმაციური ფილმების ჩვენებები, VR ჩვენებები და მასტერკლასები.

ყოველდღიურად, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ღონისძიებას სტუმრობდა 400-ზე მეტი

ადამიანი. 4 დღის განმავლობაში ფესტივალს დაესწრო 1700-ზე მეტი ადამიანი (ძირითადად,

მოზარდები და ახალგაზრდები).

დიდი ინტერესითა და მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალების მასტერკლასები და პრეზენტაციები ანიმაციის სფეროში მიმდინარე თანამედროვე პროცესებსა და სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდა პროფესიონალი ანიმატორების, სტუდენტებისა და ანიმაციით დაინტერესებული უფროსკლასელებისათვის.

წელს ფესტივალის 16 სხვადასხვა პროგრამაში წარმოდგენილი იყო 228 ფილმი მსოფლიოს 46 ქვეყნიდან, მათ შორის 4 სრულმეტრაჟიანი ფილმი. აქედან, 7 პროგრამა იყო საკონკურსო, რომლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა თოჯინური ანიმაციური ფილმი გერმანიიდან „უკანასკნელი ბარი“, რეჟისორი: არნე ჰაინი, რომელსაც ფესტივალის პრიზი (Trophy) და დიპლომი გადაეცა.

ფესტივალის გახსნის დღეს, საზეიმო გახსნის ცერემონიის შემდეგ, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ

დარბაზში ნაჩვენები იყო ბოლო წლებში შექმნილი და საერთაშორისო წარმატების მქონე ქართული ანიმაციური ფილმები: „ჯინო“- რეჟისორი: დათო კიკნაველიძე, ზოლემია - რეჟისორი: ნანა სამანიშვილი, ლილე --რეჟისორი: ნათია ნიკოლაშვილი, მეთევზე და გოგონა - რეჟისორი: მამუკა ტყეშელაშვილი, ფრენცის სასადილო - რეჟისორი: ანა ჩუბინიძე, ჰორიზონტი - რეჟისორი: დათო კიკნაველიძე, ოჰ,დედა,დედა... - რეჟისორი: ხათუნა ტატუაშვილი, ბებო - რეჟისორი: სანდრო ქათამაშვილი, ჩვენ - რეჟისორი: მარიამ ქორთუა, იყო და არის - რეჟისორები: მარიამ ჩიჯავაძე, ბაქარ შარაშენიძე.

ფესტივალის დღეებში აგრეთვე ნაჩვენები იყო ქართული ფილმების პანორამა.

ფესტივალის დახურვის დღეს, დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში ნაჩვენები იყო თბილისის ანიმაციური ფესტივალის გასული წლების საუკეთესო ფილმების პროგრამა “Taste of TIAF”, რომელშიც განსაკუთრებული სამაყურებლო ინტერესით გამორჩეული და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმები შევიდა.

ფესტივალის დღეებში კინოთეატრ „ამირანის ფოიეში განლაგებული იყო VR სივრცე, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მოერგო VR „ჩაფხუტი“ და ენახა სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით შექმნილი უახლესი ფილმები.

ფესტივალის განმავლობაში ჩატარდა ანიმაციის დარგში მოღვაწე და საერთაშორისო მიღწევებისა და გამოცდილების მქონე პროფესონალების მასტერკლასები. აგრეთვე ჩატარდა პრეზენტაციები ანიმაციის სფეროში დღეისათვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.

წლევანდელი თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის მე-6 გამოშვება განსაკუთრებულად წარმატებულად და პროდუქტიულად ჩატარდა, როსთვისაც ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს ანიმაციის ლაბორატორია „ანიმალაბი“ დიდ მადლობას უხდის ყველა პარტნიორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით კი მაყურებელს, რომელიც იმედია დიდი ინტერესით ფესტივალის შემდეგ გამოშვებესაც დაელოდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კინოაკადემია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შტუტგარტის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი, პოლონური ფილმების ფესტივალი, კინოთეატრი ამირანი, მედია მხარდამჭერი: Ambebi.ge.

ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნებისა და მასთან დაკავშირებული სფეროებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ უნიკალური სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას.

ღონისძიება მოიცავს კინოჩვენებებს, მასტერკლასებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს და სხვ. ფესტივალის მთავარ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მოზარდები და ახალგაზრდები.

ყოველწლიურად ფესტივალზე შემოდის 2000-ზე მეტი ფილმი მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან. რომელთაგან აუდიტორიისთვის საჩვენებლად შეირჩევა 200-მდე საუკეთესო ნამუშევარი.

ეს არის მსოფლიო მასშტაბით ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი უახლესი ანიმაციური ფილმები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 2-დან 5 ნოემბრის ჩათვლით კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს კინოაკადემიის დარბაზში ექნება. ფილმები გაერთიანებულია საკონკურსო და თემატურ პროგრამებში. როგორიცაა:

  • საერთაშორისო ფილმების საკონკურსო პროგრამა
  • საყმაწვილო ფილმების საკონკურსო პროგრამა (12+)
  • საბავშვო ფილმების საკონკურსო პროგრამა (6+)
  • დოკუმენტური ანიმაციური ფილმების პროგრამა
  • ქართული პანორამა / ახალი ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამა
  • პროგრამა „იდენტობა/ საზოგადოება/ მეხსიერება“
  • პროგრამა „ქალი ფოკუსში“
  • პროგრამა „კონფლიქტები და ურთიერთობები“
  • ანიმაციური სერიალების საკონკურსო პროგრამა
  • მუსიკალური ანიმაციის პროგრამა
  • პროგრამა უფროსებისთვის
  • Young Talents / სტუდენტური ფილმების საკონკურსო პროგრამა
  • ჰორორისა და ფენტეზის საკონკურსო პროგრამა
  • სპეციალური პროგრამა „ადამიანი და ბუნება/ მწვანე ხედვა“
  • ექსპერიმენტული და აბსტრაქტული ფილმების პროგრამა
  • VR ფილმების ფროგრამა

ფესტივალის გახსნა შედგება 2 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში, გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი.

ფესტივალის დახურვის ცერემონია და დაჯილდოვება გაიმართება 5 ნოემებრს, 19:00-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ნაჩვენები იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

Tbilisi International Animation Festival – TIAF 2023

https://www.tbilisianimationfestival.com/

https://www.facebook.com/Tbilisianimfest

ფესტივალის ორგანიზატორი: ა(ა)იპ ‘ანიმალაბი’

e-mail: animalabgeorgia@gmail.com / (+995) 595 929 845

ნუცუბიძის მე-2 მ/რ, კვ.4, კ.6-1ა, თბილისი, 0186, საქართველო

ორგანიზაცია ა(ა)იპ ‘ანიმალაბის“ მისიაა: ანიმაციის ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიის ამ უნიკალური დარგის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიაზე მიმართული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით.

R