ავტორი:

არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები

არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველი წუთი ძვირფასია, საცობები ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საცობებში დრო უაზროდ დახარჯოთ, შეგიძლიათ ეს საათები თქვენი შინაგანი სამყაროს გამდიდრების შესაძლებლობად აქციოთ და საინტერესო ისტორიებში ჩაიძიროთ.

ამ სტატიაში გირჩევთ, თუ რა წიგნებს უნდა მოუსმინოთ საცობში ყოფნისას, რათა გზებზე თქვენი დრო უფრო პროდუქტიული გახდეს. აუდიო წიგნების სამყაროში არის ადგილი როგორც კლასიკური ლიტერატურისთვის, ასევე თანამედროვე ბესტსელერებისთვის და არჩევანი მხოლოდ თქვენს ლიტერატურულ პრეფერენციებზეა დამოკიდებული.

სელესტ ინგი - ყველგან ხანძრის კერებია

თანამედროვე ბესტსელერი ”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. წიგნის მიხედვით გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.

მოუსმინე

ელიფ შაფაქი - სტამბოლელი ნაბიჭვარი

ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...

მოუსმინე

ნიკოლას სპარქსი - დღიური

მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის.მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს - იმის მიუხედავად,რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური„ ნიკოლა სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

მოუსმინე

მადელინ მილერი - კირკე

მითოლოგიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით. ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით ”აქილევსის სიმღერა“ და ”კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით.

მოუსმინე

ჟიულ ვერნი - კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი

ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.

მოუსმინე

ართურ კონან დოილი - შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

გაიხსენეთ ბავშვობა და ჩაიძირეთ გენიოსი გამომძიებლის, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებში. საინტერესო ისტორიის გარდა, დეტექტივის ჟანრი ტვინს ააქტიურებს.

მოუსმინე

მარიამ გურგენიშვილი - მარგალიტები

15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

მოუსმინე

R