ავტორი:

როგორია ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გასული 9 თვის სტატისტიკა

როგორია ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გასული 9 თვის სტატისტიკა
  • როგორია ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 6029, ეკონომიკურის - 76, სექსუალურის - 26, იძულების - 64 და უგულებელყოფის - 44.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს - ოჯახში მამაკაცებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა. კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსხვერპლი 2701 ქალია, კაცი კი 274. ამასთან, მონაცემებით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელს ქვემოთ 83 გოგო და 82 ბიჭია. 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 149 გოგო და 52 ბიჭი.

სტატისტიკით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე 4 785 მამაკაცია, 867 კი ქალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცებისა და ქალების ყველაზე დიდი ნაწილიც 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მოძალადე მამაკაცი 2893-ია, ქალი კი 405.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 6 510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

  • როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის 525 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 540, ეკონომიკურის - 1, სექსუალურის - 15, იძულების - 15.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში, 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქალები, ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკში ხდებიან. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებზე ძალადობის 331 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლი 13 წლამდე ასაკის 4 გოგო გახდა, ასევე, 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ძალადობის 16 შემთხვევა გამოვლინდა.