ავტორი:

შთამბეჭდავი სანახაობა - იაპონიასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული გაჩნდა: რას ამბობენ ექსპერტები? (ფოტოები)

შთამბეჭდავი სანახაობა - იაპონიასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული გაჩნდა: რას ამბობენ ექსპერტები? (ფოტოები)

იაპონიაში სამი კვირის წინ წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რომელმაც პატარა კუნძული გააჩინა. ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს და ვულკანური ნარჩენებით წარმოქმნილი კუნძული ტალღებმა დაშალოს.

უსახელო წყალქვეშა ვულკანი, ივო ჯიმას სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. 10 დღის მანძილზე, სანამ ვულკანი ამოფრქვევას განაგრძობდა, ვულკანური ფერფლი და ქვები ზღვის ფსკერზე დაგროვდა, მისი წვერი კი, საბოლოოდ, ზღვის ზედაპირის სიმაღლეს 20 მეტრით ასცდა. შედეგად, ნოემბრის დასაწყისში ის ახალ კუნძულად იქცა.

ვულკანური განყოფილების ანალიტიკოსის, იუჯი უსუის თქმით, პაწაწინა კუნძულის დიამეტრი, სულ რაღაც 100 მეტრია.

"მსგავსი წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევები ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა, მაგრამ ახალი კუნძულის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი განვითარებაა",- დასძენს უსუი.

ვულკანური აქტივობის შემცირებასთან ერთად, ახლადწარმოქმნილი კუნძულიც დაპატარავდა, რადგან მისი ზედაპირი ტალღებმა ადვილად გადარეცხა. უსუის თქმით, ექსპერტები ჯერ კიდევ აანალიზებენ მომცრო კუნძულის "საშენ მასალას" და სურთ, დაადგინონ, ის უმეტესად ლავისგან შედგება, თუ რაიმე უფრო გამძლე ვულკანური მასალისგან, როგორიცაა, მაგალითად, პემზა (ვულკანური ქანი).

წყალქვეშა ვულკანებს და სეისმურ აქტივობებს წარსულშიც შეუქმნია კუნძულები. 2013 წელს, კიოტოს სამხრეთით, წყნარ ოკეანეში ნიშინოშიმას ამოფრქვევამ ახალი კუნძულის ჩამოყალიბება გამოიწვია. მანამ, სანამ ვულკანმა ამოფრქვევა არ შეწყვიტა, კუნძული ათწლეულის განმავლობაში იზრდებოდა ზომაში. მსგავსი შემთხვევა მოხდა პაკისტანშიც, სადაც 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ზღვაში პატარა კუნძული გამოჩნდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში არსებული 1500 აქტიური ვულკანიდან 111 იაპონიაშია.

წყარო: apnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა