ავტორი:

"დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება - იქ პროცესი გაუარესებისკენ მიდის" - რას ამბობს რესტავრატორი გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე

"დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება - იქ პროცესი გაუარესებისკენ მიდის" - რას ამბობს რესტავრატორი გელათის ტაძარში არსებულ ვითარებაზე

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა "თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, თუ რა არეალში აქვთ გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა.

"ვინაიდან გელათში ამჟამად კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა, როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ისე მისი ფიზიკური ისტორიის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ეს არეალები, ჩვენ საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარე, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები იმის მიხედვით, თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა დგას, ასევე [ჩამოვაყალიბეთ]კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე, რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.

ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, ვინაიდან უმეტესი მათგანი არის გამოსაწერი საზღვარგარეთიდან. ახლა საჭიროა, რომ დამატებითი კვლევები, მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდეს და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, რითაც უშუალოდ განვახორციელებთ ჩარევებს კრიტიკულ არეალებში“, - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

რაც შეეხება ფრესკების ცვენას, როგორც რესტავრატორმა აღნიშნა, ამ მხრივ, დაზიანების პროცესი არის აქტიური გარკვეულ ნაწილში და ზოგად, დაზიანების პროცესი არ არის აქტიური.

"დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც,მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში, მუშაობა თითქმის არ გაგვიწყვეტია, ეს არის კვლევითი ეტაპი, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებთ, ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგები არ გვექნება, მანამდე ასე წინმსწრებად ნაბიჯების გადადგმა იქნება არასწორი და ძეგლისთვის დამაზიანებელი. რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის,“ - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

მან ასევე განმარტა, თუ რა ნაწილში წააწყდა არასწორ ჩარევას, რომელიც წარსულში რესტავრაციის შედეგად განხორციელდა.

"უკანასკნელი ჩარევები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთის მკლავის ზედა რეგისტრები, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, რომ ის არის შეუთავსებელი ძეგლის ფიზიკურ, ტექნიკურ მდგომარეობასთან, შეუთავსებელი მისი შესრულების ტექნიკასთან და ის არის დამაზიანებელი სამწუხაროდ. [იქ დატანილია] ახალი შეუთავსებელი მასალები, რომლებიც პროგრესირებს და იწვევს ახალ დაზიანებას“, - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა არქიტექტორმა ვახტანგ ზესაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტაძარი დროებით გადახურულია, თუმცა კონკრეტული გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე მოხდება. არქიტექტორი განმარტავს,რომ ბევრი გამოწვევა შეხვდათ, თუმცა საბედნიეროდ, დასასრულისკენ გავიდნენ.

"მეორე ნაწილი არის სტრუქტურული მონიტორინგი, დავაყენეთ ბზარებზე მონიტორინგის სისტემები, რომელიც 10-15 წელი იქნება ადგილზე და ამ ბზარების მოძრაობას აღრიცხავს. გადახურვის თვალსაზრისით შევიმუშავეთ ორი ვარიანტი, ერთმა ვარიანტმა ტაძრის ინტერიერში პრობლემები აჩვენა იმდენი ხარაჩოს გაჩენის მხრივ, რომ უბრალოდ, შემდეგ პარალიზებული გახდებოდა ტაძარი. ამის გამო შევიმუშავეთ მეორე ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა ტაძრისთვის და ფრესკებისთვის. რეალურად, გუმბათს წყლის ინფილტრაციის პრობლემები დღეს არ აქვს, ამიტომ უნდა გადავხუროთ ტყუილად. გუმბათოვანი გადახურვა წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ, პროცესები კი UNESCO-სთან შეთანხმებით მიდის. ახლა არის დროებითი გადახურვა, რომელიც არის ე.წ. ჟეშტისგან გაკეთებული და რომელიც პირდაპირ კრამიტზე აწყვია. ეს ინფილტრაციის პროცესს აზღვევს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას, რომ არსებული ნესტი შიგნიდან აორთქლდეს ანუ რეალურად, ეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ჩვენ ზევიდან ვაწყობთ, იქ მუშაობის საშუალებას აძლევს უკვე სახურავებზე და რასაკვირველია, ნესტის გაშრობას უკვე სახურავებიდან, რაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვახტანგ ზესაშვილმა.