ლიზი გოგუა 2022 წლის გერმანული „ვოისის“ ქართველი ფავორიტია, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა მუსიკითაა მოცული და მთლიანად ამ სფეროზეა კონცენტრირებული. მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ პროექტში ე.წ. ბრმა კასტინგზე მას სამი მენტორი შემოუტრიალდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის პროექტში მოხვდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, ლიზი „ვოისის“ ნახევარფინალისტიც გახდა. პროექტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მისი მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო. ლიზი გოგუა წელს ბერლინის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. 10 ოქტომბერს 20 წელი შეუსრულდა და საკუთარ დაბადების დღეზე, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში პირველ ლექციაზე შევიდა...

- დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დედამ ბაღში რომ მიმიყვანა, ზეიმებზე ყველა ამჩნევდა, რომ ძალიან აქტიური ვიყავი, სულ მინდოდა წინ გამოსვლა, ცეკვა, სიმღერა. თან ეს კარგად გამომდიოდა და მასწავლებლებმა დედაჩემს ურჩიეს მუსიკის მასწავლებელთან ან სადმე სტუდიაში მივეყვანე. დედამაც რომ შეიტყო, სმენა მქონდა, 5 წლის ასაკში მეკო ქავთარაძის სტუდიაში მიმიყვანა. ასე დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერა. მქონდა კონცერტები, საერთაშორისო კონკურსები და ასე 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა. დღესაც მეკო ჩემი მასწავლებელია და მას ჩემს მეორე დედას ვეძახი (იღიმის). ბავშვობაში დედაჩემიც მღეროდა, იყო აქტიური, ჰქონდა კონცერტები, მაგრამ მერე ეს გზა ვეღარ გააგრძელა. ჩემში სიმღერის ნიჭი რომ აღმოაჩინა, ყველანაირად ხელი შემიწყო. საერთოდ, მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, იქნებოდა ეს კონცერტები, კონკურსები თუ საზღვარგარეთ გამგზავრება. თბილისში დავდიოდი მუსიკალურ სკოლაშიც, მუსიკის მხრივ ძალიან დატვირთული ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, დაახლოებით 6 წლის წინ მამაჩემი ავად გახდა; ისეთი საშინელი დაავადება დაემართა, როგორიც არის კუნთების ატროფია. გამოჯანმრთელების გზის ძიებაში, 2018 წელს ჩემი მშობლები რამდენიმე თვით გერმანიაში წავიდნენ, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მამაჩემის მდგომარეობა ძალიან გართულდა, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო და იძულებული გახდნენ დარჩენილიყვნენ. საქართველოში დედ-მამის გარეშე ყოფნამ მომიწია. რა თქმა უნდა, ნათესავების გარემოცვაში ვიყავი, მაგრამ მშობლებს ვერავინ ჩაგინაცვლებს. ძალიან მიჭირდა მეც, დედაჩემსაც და ერთხელაც გერმანიაში ჩემი მშობლების სანახავად ჩასულს, დედამ მითხრა, დარჩი, ვეღარ გაგიშვებო და მეც ძალიან სპონტანურად, 2019 წელს ეს გადაწყვეტილება მივიღე. გერმანულად სიტყვაც არ ვიცოდი, უცბად მიმიწია სკოლისა და გარემოს შეცვლამ, თან სიმღერებისა და მასწავლებლების მიტოვებამ. სტრესულ გარემოს თან მამაჩემის ავადმყოფობა ერთვოდა. ის უკვე 5 წელია ლოგინში წევს და კუნთების ატროფიის გამო ვერ ინძრევა. ყველანაირად ვცდილობ, მოტივაცია მივცე, ჩემი წარმატებებით გავახარო და დადებითი ემოციებით ავავსო.
- მესმის... როგორი იყო გერმანიასთან ადაპტაციის პირველი ეტაპი?
- ენის არცოდნის გამო, გერმანიაში სკოლაში პირდაპირ ვერ შემიყვანდნენ, ამიტომ ჯერ კურსები უნდა გამევლო. ამას დაემთხვა პანდემია, რის გამოც ენის კურსები 1 წლით ჩამივარდა. გერმანიაში სკოლაში 13-წლიანი სწავლებაა, ესეც დიდი სტრესი იყო. თბილისში ჩემმა კლასელებმა სკოლა რომ დაამთავრეს, გერმანიაში მე ისევ სკოლის მოსწავლედ ვითვლებოდი. ნელ-ნელა ინტეგრირება დავიწყე, სკოლაშიც შევედი და „ვოისიც“ ბევრ რამეში ძალიან დამეხმარა. რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშე არასდროს შემეძლო. 5 წლის ასაკიდან გადავწყვიტე მომღერლობა. ყოველდღიური მუსიკის გაკვეთილებისა და კონცერტების შეწყვეტა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი გამოდგა. გააგრძელეთ კითხვა