ავტორი:

როგორია "პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება - "არასოდეს მქონია პირადი გვერდი სოციალურ ქსელში... რაჭველი ვარ და იქ მაქვს გეგმები, სასტუმრო ავაშენე, ვენახს ვაახლებ"

როგორია "პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება - "არასოდეს მქონია პირადი გვერდი სოციალურ ქსელში... რაჭველი ვარ და იქ მაქვს გეგმები, სასტუმრო ავაშენე, ვენახს ვაახლებ"

პირველად მე-19 სეზონის მე-16 სერიაში გამოჩნდა და პოპულარული სერიალის მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიქცია. მისი პერსონაჟი პოლიციელია. "უარყოფითი როლის თამაში მიწევს და სწორედ ეს არის საინტერესოო" - აღნიშნავს დავით დვალი...

ვინ არის გაჩა ზვერაძე, რა გზა გაიარა აქამდე და რას ფიქრობს სერიალზე, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა.

დავით დვალი:

- პროფესიით ეკონომისტი ვარ. "ჯავახიშვილში" ვსწავლობდი, მქონდა ურთიერთობა უნივერსიტეტის კულტურულ ღონისძიებებთან. "კავეენსაც" ვთამაშობდი, ნაკრებში ვიყავი, ასევე უნივერსიტეტის თეატრში. იქ იყო დასი, რომელსაც არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ხელმძღვანელობდა. ის იყო თხემით ტერფამდე, საქართველოს და ადამიანის სიყვარულით სავსე ზაზა წაქაძე, რომელიც სამწუხაროდ, წელიწად-ნახევარია, რაც გარდაიცვალა. მან უნივერსიტეტის თეატრში მსახიობის ოსტატობის სრული კურსი შეგვასწავლა.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ შეგეძლოთ იმ თეატრში თამაში?

- როგორ არა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავქორწინდი. მერე ჩავთვალე, რომ მამაკაცი ოჯახს უნდა უძღვებოდეს, ამისთვის ფინანსებია საჭირო, აქტიური მუშაობა და შესაბამისად სამსახური დავიწყე. მოკლედ, თეატრისთვის, მსახიობობისთვის ვეღარ მოვიცალე. არადა, ძალიან მიყვარდა ეს სფერო, მაგრამ იქ დამთავრდა ჩემი სამსახიობო კარიერა და სცენა. ვმუშაობდი პროფესიით, ეკონომისტად. ახლა ჩემი საქმე მაქვს - გადაზიდვების სფეროს ვუძღვები.

- ცნობილია, რომ ზაზა წაქაძეზე ფილმი გადაიღეთ...

- კი, მისმა მოწაფეებმა გადავწყვიტეთ, რომ მასზე დოკუმენტური ფილმი გადაგვეღო. დიდი დამსახურება აქვს ხელოვნებაში. გარდა რეჟისორობისა, ლექსებს წერდა და სულით ხორცამდე ხელოვანი იყო. არ შეიძლება, ასეთი ადამიანები ყურადღების გარეშე დარჩნენ. ამასთან, ძალიან მოკრძალებული იყო, ზედმეტად არავის შეაწუხებდა, ჩრდილში უყვარდა ყოფნა. ფილმის გადაღება რომ გადავწყვიტეთ, მეგობრებმა მთხოვეს, წამყვანი, მთხრობელი მე ვყოფილიყავი, რადგანაც მე და ზაზა კარგი მეგობრები ვიყავით. ფილმს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ დავარქვით. მასში ერთ-ერთ რესპონდენტად მიწვეული იყო ეკა მჟავანაძე, რადგან ზაზა და ეკა ჯგუფელები იყვნენ...

- როგორც ვხდები, სერიალის კასტინგ მენეჯერმა ეკა მჟავანაძემ მაშინ აღმოგაჩინათ...

- ჩემი და ეკას შეხვედრა პირველად მაშინ მოხდა. შემდეგ კი უკვე დამირეკა და მითხრა, კასტინგზე გიწვევთო. გავიარე კასტინგი და მოვხვდი იქ, სადაც მოხვდი...

- როლი, რომელიც მოგცეს, მოგეწონათ?

- როდესაც ადამიანს ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი აქვს და იმის ამით მიიღოს სიამოვნება, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა, პოლიციელი იქნებოდა ჩემი პერსონაჟი, უბრალო გამვლელი, თუ სხვა ვინმე. მთავარია, საინტერესო პერსონაჟი ყოფილიყო. საინტერესო კი ნამდვილად არის, დადებითია, თუ უარყოფითია, ამას ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამ გმირზე მუშაობა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, უინტერესო არ არის. ამ თვალსაზრისით მომეწონა. ფაქტია, რომ უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ყველას აქვს თავის პლუს-მინუსები და ალბათ მასაც ექნება დადებითი თვისებები, რაც წესით, გამოჩნდება. მოკლედ, ამ როლზე მუშაობა საინტერესო პროცესია, დანარჩენი - მაყურებლის შესაფასებელია.

- თქვენეული რა შესძინეთ გაჩას?

- რაღაც ჩვევა, ხელის მოძრაობა, მიმიკა, საუბრის მანერა, გამოხედვა, ყველა ადამიანს თავისი აქვს. ადამიანები ამ წვრილმანი დეტალისგან შევდგებით და პერსონაჟიც ამ წვრილმანისგან იქმნება... ისე, გაჩა ზვერაძის თვისებები ნელ-ნელა უფრო ჩნდება და უფრო იოლი ხდება ამ პერსონაჟის „ქურქის გადაცმა“ - რაღაც დეტალებიც ნელ-ნელა დაიხვეწება, თუმცა ამჟამადაც ძალიან საინტერესოა მის „ქურქში“ ყოფნა. ეს როლი იმითაცაა საინტერესო, რომ ამ პოლიციელის ტიპაჟი აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი ტიპაჟისგან. საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ვართ.

- მაყურებლის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ სერიალის მსახიობები ისეთივე ადამიანები არიან, ვისაც თამაშობენ და ხშირად მათ უდიერად მოიხსენიებენ. თქვენ შესახებ ასეთი მაყურებლის რა მოსაზრებები წაგიკითხავთ?

- მეუბნებიან, ცუდად გახასიათებენ, გლანძღავენ, ამბობენ, რომ ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო... ხომ ვამბობ, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ვართ. ჩემი მეგობრები, ვინც კარგად მიცნობენ, ხშირად ამბობენ, რომ გიყურებთ და შენ საერთოდ არ ხარო. სიმართლე გითხრათ, ამას რომ მეუბნებიან, მსიამოვნებს, თუ ასეა, ე.ი. სწორი გზით მივდივართ. ეს ნამდვილად გამარჯვების ტოლფასია. ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ მე არ მგავს...

- პერსონაჟს რას ურჩევდით?

- ადამიანებს მოუსმინოს. ადამიანს, რაც არ უნდა ბევრი მიღწევა ჰქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე მუშაობს, ან როგორ ცხოვრობს, ნაჭუჭში არ უნდა ჩაიკეტოს. სხვისი აზრი, წუხილი, სიხარული გასათვალისწინებელია. სხვას მოუსმინოსო, რომ ვამბობ, ამას ვგულისხმობ.

- ადრე თუ იყავით "ჩცდს" მაყურებელი?'

- არ ვიყავი აქტიური მაყურებელი. საერთოდ, უდროობის გამო ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. თუ ტელევიზორთან მოვხვდი, საღამოობით უფრო უცხოურ არხებს ვუყურებ, კარგ შოუს, ან მხატვრულ ფილმს. სერიალები, ანუ ამბები, რაც გრძელდება, არ მიზიდავს. მირჩევნია, ამბავი დასრულდეს და ასე სერიებად არ გაგრძელდეს. სერიალში თამაშზე არ მიფიქრია, თუმცა როგორც ვთქვი, ეს საქმე მიყვარდა და ზოგჯერ მიფიქრია კიდეც მხატვრულ ფილმში საინტერესო როლი მეთამაშა. თუმცა სადაც არ უნდა შევსულიყავი, ყველგან „ჩცდ“-ს უყურებდნენ. ეს შემინიშნავს...

- არც სოციალურ ქსელში ხართ დაფიქსირებული, ხომ?

- არასდროს მქონია პირადი გვერდი, თუმცა ხანდახან სოციალური ქსელი საჭიროც გამხდარა, მაგრამ ამის გარეშეც ბევრი რამ გვარდება. მიმაჩნია, რომ ეს ქსელები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან იჭრება და მის ყოფას ასაჯაროებს. მე წყნარად ცხოვრებას ვარჩევ. თუ ვინმესთვის რაიმეს გაზიარება მინდა, ამას სოციალური ქსელების გარეშეც მოვახერხებ. მოკლედ, ამ ყველაფერზე მთლად დადებითი შეხედულება არ მაქვს...

- სერიალს რომ დავუბრუნდეთ - მასზე არ გიფიქრიათ, რადგან დიდად არ გიზიდავთ, მაგრამ პოპულარულ პროექტში მაინც აღმოჩნდით. როგორ დაგხვდათ გადამღები ჯგუფი?

- მეგობრული, უშუალო ადამიანები არიან. ეს ძალიან გამიხარდა. თბილად მიმიღეს და მათ მიმართ ასევე განვეწყე. ყველამ თავის საქმე იცის, მაქსიმალურად მუშაობენ. რაც შეეხება პარტნიორებს, მაგალითად, შეყვარებულის როლს ვინც თამაშობს, ახალბედაა, სამსახიობო გამოცდილება არ აქვს. ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა. დანარჩენი, ვისაც სამსახიობო გამოცდილება აქვს, რაღაცებს მათგან ვისწავლით. თვითონ მუშაობის პროცესში დამოკიდებულებები ძალიან კორექტული და მეგობრულია. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ.

- როგორ შეაფასეთ საკუთარი ნამუშევარი პირველ ჯერზე უკვე ეკრანზე?

- რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნებისმიერ ადამიანს ექნება ღელვა და მეც მქონდა... საერთოდ, ჩემი თეატრალური გამოცდილება ძალიან მომეხმარა. როგორც კი კამერა ჩაირთო, ეგრევე უხილავი კედელი ამოშენდა, რომელიც ასევე სპექტაკლის თამაშის დროს აღიმართება პარტერსა და სცენას შორის. მაშინვე სხვა ადამიანმა დაიწყო ცხოვრება. ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს გარდაცვლილ მეგობარ ზაზას, რომელმაც კარგად გვასწავლა ის, რაც გვასწავლა.

- სამსახიობო მიმართულებით რომ არ წახვედით, სინანულის გრძნობა ხომ არ გაქვთ?

- უკმარისობის განცდა შეიძლება არაერთხელ გაჩენილა, მაგრამ სინანულის გრძნობა - არა, რადგან მყავს 2 შესანიშნავი შვილი, თან კარგი შვილები არიან. ამას იმიტომ არ ვამბობ, რადგან ჩემები არიან, ცოტა უხერხულია მშობლის მხრიდან შვილების ქება, მაგრამ რა ვქნა, ასეა... მადლობა მათ ამისთვის. უფროსი გოგონა 24 წლის არის, უმცროსი - 21-ის. უფროსი „ბენდუქიძეში“ ბიზნესის განხრით სწავლობდა. აქვს თავისი საქმე, მშვენივრად ააწყო, სადაც უმცროსიც ეხმარება, მარკეტინგის კუთხით სწავლობს. მიხარია, რომ დატვირთულები არიან და შრომობენ. მთავარია, რომ თავიანთი საქმე აქვთ...

შვილებთან ერთად

- მეუღლეც მსახიობია?

- მეუღლე გახლდათ თამარ ნადიბაიძე. ქორწინებაში აღარ ვართ, თუმცა უნივერსიტეტის თეატრში, დასში ერთად ვიყავით, სადაც სამსახიობო მოღვაწეობას ვეწეოდით. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ყოფილ მეუღლესთან, ცივილური ურთიერთობა მაქვს.

- სამსახურის და სერიალის გარდა კიდევ რა ინტერესები გაქვთ?

- წარმოშობით რაჭიდან ვარ, ნიკორწმინდაში მაქვს მამაპაპისეული, ძირძველი ადგილ-მამულები, სადაც სასტუმრო ავაშენე და მინდა, ტურისტულ საქმიანობა განვავითარო. სურვილი მაქვს, რაჭა ამ კუთხით აღორძინდეს, განახლდეს და ადამიანებიც დაუბრუნდნენ. მაქსიმალურად ვცდილობ, იქით დიდ დროს ვატარებ. ძირითადი სამშენებლო საქმეები დასრულებულია, რამაც დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. როცა შენი შრომის ნაყოფს ხედავ, დიდი სიამოვნება გეუფლება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ კი არა მინდა, რომ ბიზნესი იყოს და შემოსავალი მქონდეს, ძალიან მინდა, რომ ბევრმა მომბაძოს და ეს კუთხე აღორძინდეს. აქ მხოლოდ სასტუმრო კომპლექსზე არ არის ლაპარაკი, მეურნეობასაც ვაპირებ. ვენახს ვაახლებ, რომელიც 30 წლის მიტოვებული გახლდათ. ჩვეულებრივი ტყე იყო, რისგანაც გავწმინდე, მიწა მოიხნა და ახალ ვაზს ვყრი. ალბათ ეს მიწის ყივილია, არ ვიცი. მიმაჩნია, რომ სამყაროსთან მეტად უნდა გვქონდეს კავშირი და მეტი წარმატებაც გვექნება, რადგან ბუნების შვილები ვართ.

წაიკითხეთ ასევე: