14 წლის ამერიკელმა მოზარდმა, ჰემან ბეკელმა, შექმნა საპონი, რომელსაც შეუძლია სხეულის იმუნურ სისტემას კანის კიბოს დამარცხებაში დაეხმაროს. საპონმა ახალგაზრდა მეცნიერს მთავარი პრიზი მოუტანა კონკურსში, რომლის მიზანია ბავშვები და მოზარდები ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისთვის წაახალისოს. კონკურსს აშშ-ში მართავს კომპანია 3M, რომელმაც 80-იან წლებში N95 ნიღაბი დააპატენტა.
ჰემან ბეკელი, რომელიც ამერიკაში საცხოვრებლად ეთიოპიიდან გადავიდა, ამბობს, რომ სიახლის შექმნა მას მცხუნვარე მზის ქვეშ მომუშავე ადამიანებმა შთააგონეს და იმედოვნებს, რომ მისი ქმნილება ნამდვიულად ეფექტური გახდება. საპონი კანს „აწვდის“ წამლებს, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან საბრძოლველად ააქტიურებს.თუკი დადგინდება, რომ საპონი უსაფრთხოა გამოსაყენებლად, ეს იქნება დიდი წინსვლა მედიცინაში, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძვირადღირებული მკურნალობა არ შეუძლია. პროექტის საერთო ბიუჯეტი კი შესაძლოა, მხოლოდ 40 000 დოლარი იყოს.

საპნის მოქმედი ნივთიერებაა იმიდაზოქინოლინი, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება მეჭეჭების, სოკოვანი ინფექციებისა და აკნეს სამკურნალოდ. FDA-მ ასევე დაამტკიცა ის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის სამკურნალოდ.
ცნობისათვის, პირველი ლიპიდური ნანონაწილაკები დამტკიცებული იქნა FDA-ს მიერ 2018 წელს, როგორც წამლის მიწოდების საშუალება. ის გამოიყენებოდა COVID-19-ის Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად კარგად გადის ლიპიდური ნანონაწილაკები ცოცხალ ქსოვილებში, როგორიცაა კანი, მაგრამ შესაძლოა, ჰემანის გამოგონება ამ ტესტირების დაწყებას მნიშვნელოვნად დაეხმაროს. ჰემანი იმედოვნებს, რომ მალე მიიღებს უფლებას ადამიანებზე ტესტირებაზე, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში FDA სერტიფიკატსაც ელის...წყარო
მოამზადა: ეკა დარჩიაშვილმა