ავტორი:

"რთულია ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში - ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა" -  რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილის ძმა?

"რთულია ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში - ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა" -  რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილის ძმა?

საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება "პრორუსულია".

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, ქართული საზოგადოება რომ არ შესწინააღმდეგებოდა ე.წ. რუსული კანონის მიღებას, ევროკომისია საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციას არ გასცემდა.

"როგორ შეიძლება დღეს, ასეთი რბილი პოზიცია დავიკავოთ უკრაინის საკითხზე. დაბალანსებული პოზიცია რას ნიშნავს? რა არის მოსაგები? როდის მოვიგეთ, როცა რუსეთის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდა. ომი არ არის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კაცი მოკლეს? ადამიანებს იტაცებენ ყოველდღიურად, გადაადგილება შეზღუდულია ე.წ. საზღვარზე. რას ფიქრობთ, ეს არ არის ომი? ამას თუ დავამატებთ იმას, რომ მიმდინარეობს "ჰიბრიდული ომი“... ასევე, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ადვილად შემოუშვეს საქართველოში ასი ათას რუსზე მეტი. ვინ არიან ეს ადამიანები, რა კონტროლს ვაწესებთ? არ გვექნება ომი, თუ ჩუმად ვიქნებით და ყველაფერს დავეთანხმებით“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებ, შესაძლოა, ღიმილით შეხვდნენ ევროპელებს და ხელი ჩამოართვან, მაგრამ ეს მათ პოლიტიკას მთლიანად არ წარმოადგენს.

"პოლიტიკა არის ფაქტები. რა ნაბიჯები გადადგეს, რა იყო ევროპისკენ პოზიტიური ნაბიჯი. რას ნიშნავს იმპიჩმენტი? გამოდიან საბჭოური ტიპები, საბჭოური ნიღბებით და სიტყვებით“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის გადაყენება უნდოდათ.

"რეალურად გადაყენება უნდოდათ, ამაში დარწმუნებული ვარ. ორი რამ არის პოზიტიური. პირველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად არ დათანხმდა, ეს უკვე კარგის ნიშანია. მეორე, თუ რა იყო ოპოზიციის რეაქცია, ამაზეც იყო განსხვავებული აზრი, შეიძლება ერთს ამბობენ და მეორეს გააკეთებენო. გამოვიდა, რომ ამ საკითხზე ერთობლივი ფრონტი იყო მთლიანად“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. ოთარ ზურაბიშვილის განმარტებით, თავდაპირველად სააკაშვილთან დაკავშირებით მასა და სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

"დარწმუნებული ვარ, დიდი როლი ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. მთლიანად გადააყირავა საქართველოს მთავრობა და ქცევები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის მხარეს "შეგვაგდო“. ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური. შეიძლება ჩვენ არ ვართ ამას შეჩვეული, მაგრამ, სწორედ ამისთვის არის დემოკრატიული სისტემები, რომ საჭიროა ცვლილებები. დიდხანს არ უნდა იყო ხელისუფლებაში. მერე მოდის სხვა ტიპის სირთულეები. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მისი ადგილი და სავარძელი მუდმივია“,-განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, ოთარ ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.

"საკმაოდ რთულია, იურიდიული საკითხები და არ ვიცი, რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია, ამის გამო გათიშვა“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპასთან დაახლოება გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც არის."ვისაც ეკუთვნის უნდა თქვა, რომ სააკაშვილის დამსახურებაც არის. ალბათ, ესეც ავიწყდებათ. თუ გადავხედავთ დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ვისი დამსახურება არის. საქართველოში ასი ათასობით რუსი შემოვიდა და არანაირი კონტროლი არ არის. რა მოგვიტანა ამან პოზიტივი? როცა ეთანხმებიან კარასინის განცხადებებს, რას ნიშნავს? როცა გამოაქვეყნეს რუსული კანონი. რატომ აკეთებენ ამას?. 100%-ით მჯერა, რომ ეს რეკომენდაცია უპირველეს ყოვლისა, არის ხალხის დამსახურება, მათ შორის ახალგაზრდების. რომ არ ყოფილიყო სურათი, რომელიც აჩვენებდა, რომ ხალხი გამოდის ევროკავშირის დროშით და ხელისუფლებას ეწინააღმდეგება "რუსული კანონის“ გამო, ეს რეკომენდაცია არ იქნებოდა“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის შანსები გართულდება, თუ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არ ითანამშრომლებენ. გარდა ამისა, მან გადაცემაში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შესაძლოა, მას ეს ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა გათვლილი.

"თუ რუსეთის კაცი არ არის, რატომ აკეთებს რუსეთის საქმეს? ფაქტები ფაქტებია. რატომ არ ამბობს ამის წინააღმდეგ სიტყვას. თუ ასეთი გავლენიანი არის, რატომ არ შეაჩერა ის მიმართულებები, რომელიც რუსეთისკენ მიგვიყვანს. ხალხმა წაიყვანა საქართველო ევროპის მიმართულებით, მთავრობამ კი არა“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.