ავტორი:

"როცა პრემიერმა დამირეკა, ერთი რამ ვუთხარი: ბიბი, ჩემი შვილის სისხლი ტყუილად არ დაღვრილა" - ღაზაში დაღუპულებს შორის ნეთანიაჰუს ახლობელია: კიდევ ვინ არიან გარდაცვლილები?

"როცა პრემიერმა დამირეკა, ერთი რამ ვუთხარი: ბიბი, ჩემი შვილის სისხლი ტყუილად არ დაღვრილა" - ღაზაში დაღუპულებს შორის ნეთანიაჰუს ახლობელია: კიდევ ვინ არიან გარდაცვლილები?

ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკების დროს ხუთი ისრაელელი რეზერვისტი დაიღუპა - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დროს დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

IDF-ი გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობას ასაჯაროებს:

მოშე იედიდია ლეიტერი (39 წლის)

ლეიტერი IDF-ის რეზერვებში პარამედიკოსად მსახურობდა. მას მეუღლე და ექვსი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე პატარა სამი თვისაა.

მისი მამა, იეჰილ ლეიტერი, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შტაბის ყოფილი უფროსი იყო.

ისრაელის საინფორმაციო გამოცემა Israel Hayom-თან საუბრისას იეჰილ ლეიტერმა თქვა, რომ ნეთანიაჰუ მას პირადად დაუკავშირდა და თანაგრძნობა გამოხატა.

"როდესაც პრემიერმა დამირეკა, მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი: ბიბი, ჩემი შვილის სისხლი ტყუილად არ დაღვრილა: დაასრულეთ ეს სამუშაო. არაფერს მისცეთ თქვენი შეჩერების უფლება“, - ამბობს იეჰელ ლეიტერი.

იოსი ჰერშკოვიცი (44 წლის)

ჰერშკოვიცი იერუსალიმში ვაჟთა საშუალო სკოლის დირექტორი იყო. წარსულში ასევე მუშაობდა მასწავლებლად SAR Academy-ში, ნიუ-იორკის ებრაულ ყოველდღიურ სკოლაში.

"იოსი სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. პირველი კლასის აღმზრდელი, ხალხის კაცი... იგი უფრო ნათელ და კეთილ სამყაროზე ოცნებობდა“- თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცვიკა პელეგიმ.

ერშკოვიცს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

„ჩვენი ფიქრები მის მეუღლე ჰადასთან და მათ ხუთ შვილთანაა. კურთხეული იყოს მისი ხსოვნა“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მატან მეირი (38 წლის)

მეირი სერიალ „ფაუდას“ გადამღები ჯგუფის წევრი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ფაუდას“ სოცქსელებში გავრცელდა.

”ჩვენ აბსოლუტურად განადგურებული ვართ იმის გააზრებით, რომ „ფაუდას“ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ღაზაში მოკლეს. მატანი ფაუდას ოთხივე სეზონის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ტრაგიკული დანაკარგის გამო ყველა გულდაწყვეტილია. გვინდა მივუსამძიმროთ მატანის ოჯახს და მეგობრებს“’ - ნათქვამია სერიალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სერგეი შმერკინი (32 წლის)

შმერკინი ჩრდილოეთ ქალაქ კირიატ შმონაში ცხოვრობდა. იგი უძრავი ქონების აგენტი იყო.

20 ოქტომბერს მან Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო ღაზაში IDF-ის მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების შესახებ: „ვამაყობ იმით, რომ ამის ნაწილი ვარ, ისრაელის ერი ცხოვრობს!“ - ამბობდა ის.

შმერკინის გარდაცვალებას კირიათ შმონას მერი ავიჩაი შტერნი გამოეხმაურა:

”სერგეი სულით მეომარი იყო. ძალიან უყვარდა კირიათ შმონა და ისრაელის სახელმწიფო. გული მტკივა, რომ ასეთ ამბიციურ და ოცნებებით სავსე ახალგაზრდას დავემშვიდობეთ“ - განაცხადა მერმა.

ნეთანელ ჰარუში (34 წლის)

იერუსალიმის მკვიდრი ნეთანელ ჰარუში 7 ოქტომბერს უცხოეთში იმყოფებოდა. „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დაწყების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

"მას აინტერესებდა რა ხდებოდა აქ. უზარმაზარი გული ჰქონდა და სამშობლო ძალიან უყვარდა. ისრაელის ხალხი ცოცხალი და ძლიერია“ - განაცხადა ჰარუშის დამ, ორიტ ალონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.