ავტორი:

"ჰამასმა" ღაზაზე კონტროლი დაკარგა? - თავდასხმა საავადმყოფოებზე და ისრაელის მთავრობის კრიტიკა: რას აცხადებენ ისრაელში და როგორია ვითარება ღაზაში

"ჰამასმა" ღაზაზე კონტროლი დაკარგა? - თავდასხმა საავადმყოფოებზე და ისრაელის  მთავრობის კრიტიკა: რას აცხადებენ ისრაელში და როგორია ვითარება ღაზაში

ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორზე შეტევას. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 სამიზნეს დაარტყეს.

"სახმელეთო ოპერაციების დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ტერორისტული გვირაბის შახტი, რომელიც მდებარეობს მეჩეთში ღაზის სექტორში. სახმელეთო ჯარების მითითებებით, თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა დაარტყეს ტერორისტებს, რომლებმაც ჯარისკაცების წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაისროლეს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

  • მათივე ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორის იყვნენ "ჰამასის“ მებრძოლები, ასევე იყო იარაღის წარმოების ობიექტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებები და ოპერატიული მართვის ცენტრები.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება - "ჰამასმა" ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით,“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. "არ არსებობს "ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები.

თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. "ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს "ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, - აღნიშნა გალანტმა.

  • თავდასხმა ღაზის საავადმყოფოებზე

ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღეა ფაქტობრივად, ინტენსიური ბრძოლის ეპიცენტრშია. ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ "ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს, "ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს, რადგან იქ "ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილნი. "საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ "ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.“, - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ამასთან, სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა "ჰამასის“ პარლამენტის შენობა აიღეს და შენობაში იმყოფებიან.

  • საავადმყოფოებზე თავდასხმის შემდეგ, "ჰუმან რაითს ვოჩმა" განცხადება გაავრცელა:

"ისრაელის მიერ საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმების, როგორც ომის დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს", - ამის შესახებ განცხადებას "ჰუმან რაითს ვოჩი“ ავრცელებს.

"ისრაელის სამხედროების არაკანონიერი თავდასხმები სამედიცინო დაწესებულებებზე, სამედიცინო პერსონალსა და ტრანსპორტზე კიდევ უფრო მეტად ანადგურებს ღაზას ჯანდაცვის სისტემას და გამოძიებული უნდა იქნას, როგორც ომის დანაშაული“, - ნათქვამია "ჰუმან რაითს ვოჩის“ ახალ მოხსენებაში.

"2023 წლის 5 ნოემბერს ისრაელის სამხედროების "ჰამასის მიერ საავადმყოფოების ცინიკური გამოყენების“ შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არცერთი მტკიცებულება არ ამართლებს საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით დაწესებული დაცვის სტატუსის განადგურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციამ დამოუკიდებელ საგამოძიებო საერთაშორისო კომისიასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისთვის მიმართა.

  • ჯო ბაიდენის განცხადება

საავადმყოფოზე იერიშის მიტანის საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მისი განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება.

"ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.