"ისიც აღარ ჰგავდა იმ გოგოს და არც მე იმ ბიჭს" - გიორგი კეკელიძე

"ისიც აღარ ჰგავდა იმ გოგოს და არც მე იმ ბიჭს" - გიორგი კეკელიძე

ლიტერატურის სამყაროში თანამედროვე მწერლები არა მხოლოდ დროის სულისკვეთებას ასახავენ, არამედ საკუთარ სამყაროებს ქმნიან, სავსეს ღრმა ემოციებითა და მძაფრი სოციოკულტურული დაკვირვებებით. გიორგი კეკელიძე ჩვენი დროის გამორჩეული ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი და ესეისტია, რომელმაც მკითხველის გული განსაკუთრებით „გურული დღიურებით“ დაიპყრო. წიგნი 2014 წელს გამოიცა და მალევე გახდა ბესტსელერი. „გურული დღიურების“ პირველი ნაწილის ტირაჟმა 20000-ს გადააჭარბა. მას მალევე მოჰყვა „სხვა გურული დღიურები“. „გურული დღიურები“ არა მხოლოდ ბესტსელერი გახდა, არამედ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში.

გიორგი კეკელიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფოლკლორსაც. პოეტური კრებულებისა და ზღაპრების გარდა, მას ასევე გამოცემული აქვს დეტექტიური მოთხრობები („სიკვდილი პიცერიაში“, „მურმანის სევდა“, „ანასტასიას ზარი“, „საყურე“, „გოგლი-მოგლი“) და რომანები (LILOSANGELES; „ორი თავგადასავალი“). მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ — წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის „ოდები” და სხვა მრავალი ლიტერატურული თუ საზოგადოებრივი ჯილდო. მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ, აზერბაიჯანულ და სხვა არაერთ ენაზე.

მკითხველს, რომელსაც უყვარს და აინტერესებს თავის რჩეულ მწერალთან ყოველი ახალი შეხვედრა, გაახარებს ინფორმაცია იმაზე, რომ ამჟამად გიორგი კეკელიძე მუშაობს თავის ახალ წიგნზე - „წერილები ჩემი ბავშვობიდან“. როგორც თავად ამბობს, ეს ისეთი წიგნი იქნება, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო „გურული დღიურები“, ანუ მასზე უკეთესი.

„ამ წიგნის წერაც მორიგი პირადი ქარიშხლის თუ ქარიშხლების ქვეშ მიწევს. ოღონდ სიჩუმის შემდეგ არ ამოვარდნილია ეს ქარიშხალი. სადღაა სიჩუმე. გამომცემლობა იქნება „პალიტრა L“ და წიგნი გამოვა ამ წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისში. როგორ გავწვდები წერას - ეგ საქმეა“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.

მწერალი არა მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებებს ქმნის, არამედ რეალურ სამყაროებს, სადაც განვლილი წლებისა და განცდილის სიმძაფრე დამატყვევებლად ძლიერია. გიორგი კეკელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მკითხველს პერიოდულად უზიარებს ამონარიდებს თავისი ახალი წიგნიდან. აი, ერთ-ერთი:

„ჩემი პირველი შეყვარებული იყო თეონა. გვარი არ მახსოვს - ან ლომინეიშვილი, ან ბარამიძე, ან სანიკიძე. თეონა იქნებოდა მეშვიდე კლასში. სადღაც. მე ორი-სამი წლის. მოქმედება ხდება ჩემი მამულეთის, სოფელ სურების სკოლაში. ბებიაჩემი იქ ასწავლის. თეონა სწავლობს. მე დამსწრე ვარ. დამსწრე ზოგადად საშიში სიტყვაა სკოლაში. როგორც აღმოჩნდა, არც მე ვიყავი უწყინარი დამსწრე. ცხადია,თეონას ბებიაჩემმა უთხრა “ესე საქმე დამალული”. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა,არ ვიცი – ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ,რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი,მითხრა,მე “შავი ბიჭები” მომწონსო. ეგ კი ვიცი, რა ტიპის ხალხს გულისხმობდა, მაშინ დიდად მოდურს, მაგრამ მე ვიფიქრე,რომ “შავში” დაუბანლობას გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი.ამდენის მოთმენა შეუძლებელი გამოდგა დედაჩემისთვის, რომელიც სისუფთავის ობსესიური მოყვარულთაგანია. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს.ჰოდა,ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი,როგორც გამასუფთავეთ,ისე გამაშავეთ,თორემ წყალში გადავხტები-მეთქი.მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს.

მეორე - მაკა ჩაჩანიძე. ეგ დედულეთის, ნატანების ბაგა-ბაღში. მაკა ჩაჩანიძე შემიყვარდა კაცთა მოდგმისთვის ჩვეული მიზეზით - როცა ბაღში მიმიყვანეს, ყველა სხვა დანარჩენს უყვარდა. ეგრე მიყვარდა მაკა. და როგორც იქაური ხმები ამბობდნენ, მაკასაც ვუყვარდი, როგორც რომ „მეგაპოლისიდან“, ქალაქ მახარაძიდან, დროებით ჩასული კაცი. მაშინ ოზურგეთს მახარაძე ერქვა. უკვე სულს ღაფავდა ეს სახელი და მალე მოკვდა, როგორც რომ ჩემი სიყვარული მაკასადმი, გამოვტყდეთ, რომ არცთუ მთლად გადარეული.

მესამე - ფატიმა მუკმანიანი - სრულიად შესანიშნავი და ლამაზი გოგონა. ოღონდ ის მიყვარდა ყველაზე უცნაურად. როცა ოზურგეთის ბაღში დამაბრუნეს, სახლში მკითხეს, შეყვარებული თუ გყავსო. ფატიმა ჩემ გვერდით იჯდა ხოლმე ბაღში, ტილები გადამდო, ორივეს თავი გადაგვხოტრეს და ეგ ვუთხარი. ფატიმა არის მეთქი ჩემი შეყვარებული. მერე თმები ამოგვივიდა.

მეოთხე - ქრისტინა მირიანაშვილი. გოგონა უცებ მოგონილი ზღაპრიდან. გახსოვთ? სარვამარტოდ, მაშინ ხომ ასე უნდა მოგველოცა - მასწავლებლის ინსტრუქციით, ხელში ენძელა გვეჭირა და ხელები აუცილებლად ზურგსუკან გვქონდა და რაღაც ლექსს ვამბობდით, თავჩაღუნული, რაც შეიძლება სწრაფად და ლამის ყვირილით. და ლექსის ბოლოს უცებ „დააძრობდი“ ენძელას. მე რომ გოგო მიყვარდა, ქრისტინა, იმისთვის თქმა ყოველთვის მრცხვენოდა და სულ სხვა გოგოს ვეუბნებოდი. ერთადერთი, სანამ შინ არ წაიყვანდნენ - ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ მანამდე. და მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი მაშინდელი სამიჯნურო რიტუალი.

„გურულ დღიურებში“ ვახსენე ეს გაკვრით და იქნებოდა ასე 2019 წელი, სტუდენტებს ვხვდებოდი ბიბლიოთეკაში. რომ დასრულდა შეხვედრა, ერთმა გოგომ მითხრა, მე ქრისტინას შვილი ვარო. და ახლაც ვიღიმი.

მეხუთე - თამარ კონტრიძე. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო ჩემი ცხოვრების გადარეულ ისტორიაში. ეგ უკვე სკოლაში. ეგეც მგონი იმ ხაზით თავიდან, როგორც რომ მაკა ჩაჩანიძე - იმ კლასში რომ გადამიყვანეს, ყველას უყვარდა. არ გამიმხელია. სკოლაში უკვე ვეღარ ვგავდი ბაღის გიორგის, ბევრი დარდი და სიკვდილები მეკიდა ზურგზე საშინელ სიმორცხვედ. ვუთხარი მხოლოდ 2012 წელს. ქალაქ პარიზში. კაფეში, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ოზურგეთის სკოლას. არც ნახატები ჰგავდნენ ნახატებს - კედელზე რომ ეკიდა - იქაც და აქაც. და ისიც აღარ ჰგავდა იმ გოგოს და არც მე იმ ბიჭს.

სკოლის ბოლო ამბებიდან არის „ბერიკები“. ეგენი ჩამოვიდნენ ოზურგეთში გასტროლებზე და ჩამოყვათ ანა სანაია. იყო ერთი საღამო, რომელსაც ვიხსენებ რომ იყო, მაგრამ ზუსტად რა და როგორ, ღელვამ დაფარა. ანამ დამიტოვა გრძელი წერილი. მანდ ეწერა, რომ ახლა რომ შევხვდით, მერეც შევხვდებით, როცა მოხუცები ვიქნებით, სადმე პარკში, სადაც შვილიშვილებს ვასეირნებთ და ვერ ვიცნობთ ერთმანეთს და მისთანანი. მოკლედ - თეატრის გავლენა. იმ წერილს ძალიან დიდი ხანი ვინახავდი და მერე ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ვერ ვიპოვე. დედაჩემი ყველაფერს ისე აგროვებს ხოლმე და რაღა ეგ თაბახი გაქრა. სიბერემდე შევხვდით. ალბათ ასე 13 წლის შემდეგ წერილიდან და ძალიან ცოტა ხანი შეყვარებულებიც გვერქვა და თუ რაც ჰქვია მაგას - ეგ დარქმევები მე კარგად არ გამომდის. ალბათ არც შეყვარებულობა გამომდის კარგად. არ ვიცი.

მაგრამ გამომრჩა. ერთი და შეიძლება მთავარი. ეგ ქალი არც არსებობდა. ლექსში - კი. ისე მგონი - არა. საერთოდ, პირველი ლექსი, რომელიც მახსოვს, საბავშვო ვერ არის და ეს ლექსია: „ლოხინვარ-ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,

მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა!“ - უოლტერ სკოტი. თამარ ერისთავის საოცარი თარგმანი შოტლანდიური დიალექტიდან. კითხულობდნენ ჩემი მამიდაშვილები ღამით, სურების სახლის აივანზე და მე მესმოდა და მერე ლოხინვარი ვიყავი და მივდიოდი სატრფოს ქორწილში:

„მე დიდხანს ვეტრფოდი თქვენს ასულს, სენიორ, თქვენ ეს არ გენებათ

და სიყვარული რომ სოლვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, -

მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება,

მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.

მე დღეს აქ მოვედი დამცხრალი გულით და დამცხრალი ტრფიალით,

მე მხოლოდ ერთ ცეკვას მოვითხოვ დღეისთვის და ღვინოს ფიალით.

ჯერ შოტლანდიაში ლამაზი ასული ბევრია საკმაოდ,

და ჭაბუკ ლოხინვარს არ დაიწუნებენ ისინი საქმაროდ.“

ეგ არის მთავარი ამბავი მგონი. ძველი კი არა - საერთოდ. ერთი მსახიობი ვიპოვე, კითხულობს ამ ლექსს. იქაური. და იწყებს დიდი გამოთქმით: „O young Lochinvar...“ და მე ვტირი. რადგან სიყვარული არის ტირილი. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს.“

ყოველ ნაწყვეტს, რომელსაც გიორგი კეკელიძე თავის მკითხველს უზიარებს, ბავშვობის კითხვებზე პასუხებისა და შთაგონების საძიებლად მივყავართ. და, როგორც თავად მწერალმა თქვა, საკითხი ის კი არ არის, თუ როგორ სწავლობს წერას, არამედ ის, თუ როგორ იძირება მის სამყაროში მკითხველი. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ნამუშევარს, რომელიც უდავოდ გახდება თანამედროვე ბიბლიოთეკის ძვირფასი.