ავტორი:

ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა სპონტანური აბორტი განიცადა"

ორსული და მშობიარე ქალების მძიმე ხვედრი ღაზის სექტორში, სადაც  საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს: "დაბომბვის ხმების გამო, ბევრმა ქალმა  სპონტანური აბორტი განიცადა"

სამხრეთ ღაზაში, ერთ-ერთი სკოლის თავშესაფარში 24 წლის ქალმა იმშობიარა. კეფაია აბუ საბერისთვის ეს პირველი შვილია - მას გოგონა შეეძინა. ქალი წარმოშობით ღაზის ჩრდილოეთიდანაა და სახლი ოჯახის წევრებთან ერთად ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

დედობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რთულია, მაგრამ კეფაიას ამის გაკეთება წარმოუდგენელი ტრავმის ქვეშ მოუხდა.

"ერთი ადგილიდან მეორეში გაქცევა მომიწია. ძალიან დაღლილი ვიყავი. თავდაპირველად ნუსეირათის ბანაკში წავედით, მაგრამ სამხედრო შეტაკებები ახლოს მიმდინარეობდა - ცხედრებს ვხედავდი, ეს ძალიან რთული იყო“ - ამბობს კეფაია.

ოჯახმა საბოლოოდ მიაღწია ქუვეითის საავადმყოფოს, მაგრამ სამშობიარო განყოფილება დაიხურა. შედეგად, კეფაია გადაიყვანეს ახლომდებარე საემიროების საავადმყოფოში.

  • "საავადმყოფოში ბევრი მშობიარე ქალი იყო. ისინი ღაზის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ“ - ამბობს ის- "ტკივილგამაყუჩებლების დეფიციტი იყო, ამიტომ ექიმები მას მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, თუ ტკივილი მართლაც აუტანელი ხდებოდა. მე მშობიარობა ტკივილგამაყუჩებლის გარეშე მომიწია.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოების ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს საწვავის ნაკლებობის, დაზიანების, თავდასხმებისა და დაუცველობის გამო. გაეროს შეფასებით, ტერიტორიაზე დაახლოებით 50,000 ორსული ქალია. ყოველდღიურად დაახლოებით 180 ქალი მშობიარობს.

ოლა აბუ ოალისაც შვილის გაჩენა ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოუწია:

"ჩემი ბავშვი ორი კვირისაა. ის ომის დროს დაიბადა, სწორედ აქ, ამ თავშესაფარში," - ამბობს ის. ოლას კიდევ ერთი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ისინი ამჟამად თავშესაფარში ცხოვრობენ.

"ორივე შვილი ავადაა, მუცელი ებერებათ და აქვთ ძლიერი ფაღარათი. უკვე სამჯერ მომიწია მეორე ბავშვის საავადმყოფოში წაყვანა წვეთოვანზე, მაგრამ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. წყალი არ გვაქვს. ჩემი შვილისთვის რძე არ არის. ტუალეტების მდგომარეობა კი აუტანელია“ - ამბობს ოლა.

ვაფა იუსეფ ფახრი აჰმედი იმავე თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ოლა.

"ორსულად ვარ. ჩემი შვილის სიცოცხლის მეშინია. მალე მშობიარობა დამეწყება და ვნერვიულობ იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობ. ჩვენ არ გვაქვს წყალი ელემენტარული სისუფთავისთვის. დაბომბვის მუდმივი ხმების გამო, ბევრმა ქალმა განიცადა სპონტანური აბორტი. სიტუაცია აუტანელია, განსაკუთრებით ორსული დედებისთვის. რა დააშავა ჩემმა შვილმა? - ის ხომ ჯერ არც კი დაბადებულა“- ამბობს ვაფა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ღაზაში მშობიარე ქალების სიკვდილიანობის გაზრდაა მოსალოდნელი. მათივე თქმით, იმატებს სტრესით გამოწვეული სპონტანური აბორტების, მკვდრადშობადობის და ნაადრევი მშობიარობის რიცხვიც.