ავტორი:

"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები

"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩინეთს არ აქვს გეგმები დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ.

"ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. ორივე მხარის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის არასწორმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური პრობლემები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია ან რომელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან“, - აღნიშნა ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა.

"მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში - ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირი იყო. მე არ ვგულისხმობ კარგს, უკეთესს, გულგრილს, უბრალოდ პირდაპირს, ”- თქვა მან.

მისი თქმით, გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის პრეზიდენტებს შორის და ორივე შეძლებს აიღოს ტელეფონი და დაუყოვნებლივ პირდაპირ მოუსმინოს ერთმანეთს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომზე და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდნტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ოთხსაათიანი სამიტის დროს ასევე შეთანხმდნენ ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე. ბაიდენმა განმარტა, რომ ჩინეთის თანხმობა ფენტანილის წინამორბედი ქიმიკატების შემცირებაზე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და ხაზი გაუსვა, რომ აფასებს სი ძინპინის ვალდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დიქტატორია.

ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა :

"არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა.