ავტორი:

"ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა ჩხუბი დაიწყო" - ვინ არის დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან ადგილობრივები?

"ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა ჩხუბი დაიწყო" - ვინ არის დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან ადგილობრივები?
  • ფოტოზე: მოკლული ელვინ გუსეინოვი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ახალგაზრდებს შორის სტადიონზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი 15 წლის გუსეინ ნასიბოვია და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ საღამოს ახალგაზრდები სტადიონზე იყვნენ შეკრებილები და ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა 15 წლის ბიჭსა და 18 წლის ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

გუსეინ ნასიბოვმა 18 წლის ელვინ გუსეინოვი დანით დაჭრა. ახალგაზრდა დმანისის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ელვინის ოჯახის წევრებმა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყვეს, საავადმყოფოს ფანჯრები დააზიანეს. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

"ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა ჩხუბი დაიწყო. ბრალდებულის ბაბუა სკოლის დირექტორის მოადგილეა, ისიც ამავე სოფელში ცხოვრობს. დაჭრილი დმანისის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. წუხელ გვიან ღამით ოჯახის წევრებმა როდესაც გაიგეს, რომ ბიჭი გარდაცვლილი იყო, საავადმყოფოს შენობის შუშები დააზიანეს", - განუცხადა AMBEBIGE-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

რას აცხადებს შსს მომხდარზე?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით წუხელვე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე:

ავტორი: მარი ვარდოშვილი