ჩრდილოეთ ოსეთში "მამისონის“ კურორტის მშენებლობა 2024-2025 სეზონის ზამთრის პერიოდში უნდა დასრულდეს. აშენდება სასტუმრო, ჰოსტელი და სამთო-სათხილამურო ტრასა, ინფორმაციას რესპუბლიკის მეთაური, სერგეი მენიაილო ავრცელებს.
"ახლა "მამისონზე“ უზარმაზარი მშენებლობები მიმდინარეობს, ისხმება ფუნდამენტები, ინჟინრული ქსელები, თითქმის ყველაფერი გავიყვანეთ. ამ საკითხში "გაზპრომი“ ძალიან გვეხმარება. გზა 4.5 კმ უნდა ყოფილიყო, მაგრამ "გაზპრომს“ შევუთანხმდით და ახლა 15კმ იქნება, ეს მაგისტრალური გაზსადენია, რომ მამისონთან არსებული სოფლების გაზიფიცირებაც მოხდეს. ახლა ზედა სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, ვიწყებთ ქვედა სადგურის აშენებასაც. გეგმით, 2024-2025 სეზონის ზამთრისთვის პირველი ეტაპი მზად იქნება“, - განაცხადა მენიალიომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.
როგორც მან აღნიშნა, კურორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 4* სასტუმრო და 600-ადგილიანი ჰოსტელი იქნება. მოეწყობა საერთო საცხოვრებელი მუშებისთვის და პერსონალისთვის, რომელიც ასევე 600-ადგილიანი იქნება.

ადრე ნათქვამი იყო, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში აშენდებოდა საბაგირო გზები "მამისონ-1“ და "მამისონ-2“, რომლთა მანძილი 3.38 ათასი მეტრი და 1.77 ათასი მეტრია. კომპლექსში ასევე იქნება 438-მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასები.
ყველა სეზონის სამთო-რეკრეაციული კომპლექსის, "მამისონის“ მშენებლობა 19 მილიარდი რუბლი ეღირება. 10 მილიარდზე მეტი კერძო ინვესტიციებია.
ასევე იგეგმება თემატური პარკის, "ალანია პარკის“ მშენებლობა, სადაც ასევე იქნება საბაგირო გზა, 1700-მეტრიანი ტრასა, ეშმაკის ბორბალი, განათებები და თოვლის მიწოდების სისტემები.
"დღეისათვის ჩვენ უკვე 30 მილიარდზე მეტი ბიუჯეტგარეშე ინვესტიციები გვაქვს. გასულ წელს 24 მილიარდი იყო“, - დაამატა მენიალომ.
რუსეთში ვარაუდობენ, რომ ახალი კურორტი ტურისტებს მიიზიდავს, მნიშვნელოვანი ტურისტული კერა გახდება და კონკურენციას გაუწევს სამხრეთ კავკასიის ისეთ კურორტებს, როგორებიცაა გუდაური და წაღკაძორი (სომხეთი).
ცხინვალში მამისონის კურორტის მშენებლობას დადებითად უყურებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ის სრულფასოვანი არ იქნება, თუ მამისონის სამხედრო გზას რეკონსტრუქციას არ ჩაუტარებენ. ამ გზის ნაწილი სამაჩაბლოზე გადის.
წარსულში ეს გზა დასავლეთ საქართველოში გადადიოდა, თუმცა ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, მნიშვნელობა დაკარგა.

ცხინვალში იმედოვნებენ, რომ თუკი რეგიონში ტურიზმის განვითარებას აპირებენ, მამისონის პროექტის ფარგლებში, ზემოთხსენებული გზაც უნდა გაკეთდეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების "სტრატეგიისთვის" სამხედრო გზა უმნიშვნელოვანესია, რადგან მამისონიდან კუდარის ხეობამდე უმოკლესი მანძილია.