ავტორი:

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის" - რა თქვა კახა კალაძემ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში ბაზრის კვლევა გამოცხადდება და ამის შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი.

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, გაზრდილი მზავრთნაკადის პრობლემაც გადაიჭრება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება. თბილისის მეტრო განახლებას საჭიროებს. თქვენ იცით რამხელა სამუშაო ჩატარდა წლების წინ, ჩემი მერობის პერიოდში. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ არსებული ძალოვანი კაბელები, რომელიც დაახლოებით 450 კილომეტრი სიგრძის იყო მთლიანობაში, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ. ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტები, რაც მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას აფერხებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა, 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში. საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც. რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი, 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონების შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება.

დღეის მონაცემებით, ასევე, ინფორმაციის სახით მინდა მივაწოდო საზოგადოებას, სამუშაო დღეებში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ბაზრის კვლევა და ამის შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის აღნიშნული მიმართულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალში იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა კახა კალაძემ.