ავტორი:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე წლის საუკეთესო ცესკოდ აღიარეს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე წლის საუკეთესო ცესკოდ აღიარეს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ მე-19 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სამ ნომინაციაში გადაეცა: „წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია“, „არჩევნების მართვა“ და „კონფლიქტების მართვა არჩევნებში ( ინკლუზიური საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა)“.

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ სამ ნომინაციაში მიიღო ჯილდო, მათ შორის მოიპოვა წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაციის ჯილდო. ეს არის მორიგი საერთაშორისო აღიარება. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასეთი მაღალი დონის ჯილდოს მოპოვება ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა სწორად, სამართლიანად და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ადასტურებს, რომ ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს 2024 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. მინდა ეს ჯილდო მივულოცო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს. ეს არის მათი, ჩვენი ერთობლივი დამსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.

„ეს არის ნამდვილად დამსახურებული ჯილდო; ეს არის საყოველთაო და საერთაშორისო აღიარება, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს, ვინაიდან გასულ წლებში ცესკომ აჩვენა, რომ არის მსოფლიო კლასის საარჩევნო ადმინისტრაცია“, - აღნიშნა საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულიმ.

სიმპოზიუმი პორტუგალიაში, ლისაბონში 14-15 ნოემბერს გაიმართა. სიმპოზიუმს ცესკო თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს წევრი დავით კირთაძე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი: „კონფლიქტების მართვა არჩევნებში“, „ხელმისაწვდომობა ყველასთვის“, „მოქალაქეთა ჩართულობა“, „არჩევნების ერგონომიულობა“ და „არჩევნების მართვა“.

დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა ორდღიანი სიმპოზიუმი, რომლის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, როგორიცაა „არჩევნები პანდემიისას - რა ვისწავლეთ covid-19 პანდემიის დროს“, „არჩევნების მომავალი - ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, ბიომეტრიული მონაცემები და ელექტრონული ხმის მიცემა“, „დეზინფორმაციასთან ბრძოლა: არჩევნების მთლიანობის დაცვის სტრატეგიები“.

გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო. სესიაზე, რომელიც არჩევნების მომავალსა და ელექტრონული ხმის მიცემას ეხებოდა, დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმაზე თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ასევე საარჩევნო თემაზე დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, საარჩევნო ტექნოლოგიებთან მიმართებაში ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობასა და არსებული მითებთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 2013 წლიდან არაერთი ჯილდოს მფლობელია.